28 თებერვალი, 2018

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

კახა კალაძემ პირველ რიგში, მეხანძრე-მაშველებს სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ გაჩენილი ხანძრის დროს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად, როგორც მოიჯარეები, ისე სავაჭრო ფართების მფლობელები დაზარალდნენ.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს დროული რეაგირებისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის. მართლაც ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს. მოგეხსენებათ, დაზარალებულია ორივე მხარე, როგორც მოიჯარეები, ისე სავაჭრო ფართების მფლობელები. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ გუშინვე დაიწყო შეხვედრები მოიჯარეებთან, რათა დეტალურად გაიარონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, უახლოეს მომავალში, როდესაც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ, სავაჭრო ცენტრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, რათა ფუნქციონირება ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს.

„იქამდე კი, იმ ადამიანებს, რომელთა საქონელიც გადარჩა, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ალტერნატიული ფართებს სთავაზობს, რათა დამწვარი ფართის აღდგენამდე თავიანთი საქმიანობა შეუფერხებლად განაგრძონ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ვითარებაში ორივე მხარემ შეძლოს თანამშრომლობა და სწორი კომუნიკაცია, რათა უარყოფითი შედეგები მინიმუმამდე დავიდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ მოადგილეებს დაავალა, თბილისში არსებული ობიექტების აბრებზე ქართული ენის გამოყენების სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების გამკაცრების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი და ყველა ობიექტს აქვს მათ აბრებზე ქართულენოვანი წარწერების განთავსების ვალდებულება, ეს არ სრულდება. ჯარიმები საკმაოდ დაბალია, ხოლო დაჯარიმების პროცედურა რთული და გრძელვადიანი. პირველ რიგში, უნდა ვცეთ პატივი საკუთარ ენას და დამწერლობას და ამის შემდეგ გვაქვს მორალური უფლება, იგივე მოვთხოვოთ სხვას. მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები დაჯარიმებასთან დაკავშირებით და პარლამენტს გადაეგზავნოს. პარლამენტი მზადაა თანამშრომლობისთვის, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ მიდგომები ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნული პრობლემის გამოსწორებისთვის სხვადასხვა ობიექტებს გონივრული ვადა მიეცემათ.

კახა კალაძემ ასევე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ყველა რაიონის გამგებელს დაავალა, კონკრეტულ უბნებში ისეთი ლოკაციების იდენტიფიცირება მოახდინონ, სადაც ქვეითთა დამატებითი გადასასვლელების მოსაწყობად, შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება და საგზაო ნიშნები განთავსდება.

„სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებაზე. წელს, ევროპული ტიპის 100 ახალ ავტობუსს შემოვიყვანთ, რაც საკმარისი არ არის, თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში, ახალი ავტობუსების შემოყვანით, ძველების ჩანაცვლება სრულად მოხდება. გარდა ამისა, ქვეითების უფლებები მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული. ჩვენ ქალაქში გამოყოფილი გვაქვს კონკრეტული ადგილები, სადაც ფეხით გადასვლა ერთი ადგილიდან მეორეზე შეუძლებელი ხდება, რადგან ამისთვის არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე, სავალდებულოა ქვეითთა გადასასვლელებზე ლედგანათებები დამონტაჟდეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყოს.

„დღეისთვის, ჩვენ გამოვლენილი გვაქვს 100-ზე მეტი ლოკაცია, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, დახაზვითი სამუშაოები ჩატარდეს და საგზაო ნიშნები განთავსდეს. აქვე მინდა, გამგებლებს დავავალო, თქვენს რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთოთ ასეთ ადგილებს და მოგვაწოდოთ კონკრეტული ლოკაციები, რომ ჩვენი მხრიდან შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდეს. ასევე, სავალდებულოა, რომ გადასასვლელებზე (ე.წ. ზებრებზე) ლედგანათებები დამონტაჟდეს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, რათა ეს ყველაფერი მთლიანად იყოს მოწესრიგებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ბოლო საკითხი, რაზეც თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა, სტრუქტურული რეფორმა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დაკომპლექტების პროცესია.

მისი თქმით, სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური ამოქმედდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიისთვის სიახლეა.

„აქამდე ასეთი სტრუქტურული ერთეული არ ფუნქციონირებდა და ურბანული პოლიტიკის გატარება მერიის საქალაქო სამსახურის დონეზე არ ხდებოდა. ამჟამად, ამ სამსახურის დაკომპლექტების პროცესში ვართ და მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, რომ მიიღოს მონაწილეობა კონკურსებში, რომელიც აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე იქნება. ჩვენ კეთილსინდისიერი ადამიანები გვჭირდება, ვისაც საკმაო გამოცდილება აქვს იმისა, რომ ამ მიმართულებით იმუშაოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი ქალაქის უკეთესი მომავლის შექმნისთვის მნიშვნელოვანია.

„ეს მხოლოდ და მხოლოდ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს არ ეხება. მგონია, რომ ყველა მიმართულებით აუცილებელია ღია კონკურსები გამოვაცხადოთ იმისთვის, რომ უფრო მეტი კონკურენცია იყოს და მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები