7 თებერვალი, 2018

თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ამ ეტაპზე, ორბელიანის მოედანზე, ფხოვის N3 - ფურცელაძის N18-ში არსებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლის ადგილზეც ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება. პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა მტკვრისა და ვირსალაძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის ახალი საფარი.

თბილისის მერის განცხადებით, ორბელიანის მოედანზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, დედაქალაქს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი შეემატება.

„ეს დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. 18 შენობა-ნაგებობიდან 13 ისტორიული ძეგლია. ეს ის სიმდიდრეა, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ყველაფერს მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება სჭირდება. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. აქ მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი ფართების ფასი კი, რეაბილიტაციის შემდეგ გაორმაგდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია მომავალშიც გაგრძელდება.

„ისტორიული უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მომავალშიც განვაგრძობთ. წელს გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყება და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქს საკმაოდ ბევრ რეაბილიტირებულ ქუჩასა თუ უბანს დავუტოვებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ბაიდარაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება.

„ვემზადებით ავტოპარკინგის მშენებლობისთვის. ყველა შენობაზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადად, ძეგლებზე იწმინდება ფასადები, იხსნება დეტალები, რომელთაც საამქროში გადაიტანენ, აღდგენილი კი, ფასადებზე დაბრუნდება. ასევე, მიმდინარეობს შენობების კონსტრუქციული გამაგრება, სარდაფების დასუფთავება და კონსტრუქციული ელემენტების დამატება“, - განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება დაახლოებით, 55 მლნ ლარს შეადგენს. ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები