უკან დაბრუნება
10 იანვარი

დედაქალაქის მთავრობის 2018 წლის პირველი სხდომა

დედაქალაქის მერიაში, თბილისის მთავრობის 2018 წლის პირველი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

დედაქალაქის მერმა პირველ რიგში, თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, მოსახლეობასა და კერძო კომპანიებს საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ქალაქის განვითარებისთვის დაგეგმილ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„სადღესასწაულო ღონისძიებები ახლახან დასრულდა და მინდა, მერიის თითოეულ თანამშრომელს, ადმინისტრაციას, კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურებს, უსაფრთხოებას, კეთილმოწყობას, „თბილსერვისსა“ და ათივე გამგეობას მადლობა გადავუხადო, რადგან საახალწლო ღონისძიებები თბილისის ათივე რაიონში ჩატარდა. ასევე, მადლობას ვუხდი კერძო სექტორს. განსაკუთრებით, იმ 17 კომპანიას, რომელმაც ქალაქის მთავრობასთან ერთად, საახალწლო ღონისძიებებზე იზრუნა და სხვადასხვა სკვერები და პარკები მორთო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შემდეგი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა, 2018 წლის პრიორიტეტული მიმართულებები - დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარება და თბილისის ისტორიული იერსახის აღდგენაა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის გეგმებში მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შედის, რათა დედაქალაქის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული გახდეს.

„წელსაც, 62 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომ ისტორიული უბნების რეაბილიტაცია განხორციელდეს. ამ პროცესში პრიორიტეტული ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნება იქნება. წელსვე, დაგეგმილი გვაქვს გუდიაშვილის მოედნის, მშრალი ხიდის და მისი მიმდებარე ტერიტორიის - 9 მარტის ბაღის სრული რეაბილიტაციაც. მგონია, რომ ზოგადად, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაცია ჩვენი გუნდისთვის, ამ ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის სიმდიდრეა, რაც ჩვენს ქალაქს გააჩნია და რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, კახა კალაძემ მერის მოადგილე ილია ელოშვილს დაავალა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის არსებული ფორმისა და მისი ფუნქციების გადახედვა მოხდეს.

„მგონია, რომ აქ ჩვენ პრობლემები გვაქვს. ამ მიმართულებით, დაახლოებით, 28 მილიონი ლარი იხარჯება, რაც მგონია, რომ ეფექტური არ არის. პრობლემები გამჭვირვალობის თვალსაზრისითაც არსებობს. ამიტომ, ბატონ ილია ელოშვილს მინდა დავავალო, რომ მოხდეს ამ ინსტიტუციისა და მისი ფუნქციების ახლებურად გააზრება, რათა განვითარდეს ის, როგორც მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის თანამშრომლობის ინსტიტუტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ „გამგეობების მიერ მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ღირებულების დაფინანსების მიზნით ფინანსური დახმარების გაცემის წესი“ დაამტკიცა.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ქალაქის ბიუჯეტის სახსრების უფრო ეფექტიანად ხარჯვას შეუწყობს ხელს.

„აქ მთავარი არის ის, რომ ეს ცვლილება განსხვავებულ მიდგომებს აგვარიდებს. გარდა ამისა, გამორიცხავს კორუფციულ რისკებს და დაფინანსების დუბლირებას”, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება ასევე, თბილისში, ყვარლის ქუჩაზე მცხოვრები 24 ოჯახისთვის მიწის ნაკვეთების კანონიერ მფლობელობაში გადაცემის საკითხზე გამახვილდა, სადაც წლების განმავლობაში, „მეტრომშენის“ თანამშრომლები ცხოვრობენ.

„მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, არსებული მიწის ნაკვეთები დაერეგისტრირებინათ. დღეს კი, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ისინი მიწის ფართების დარეგისტრირებას შეძლებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.