8 იანვარი, 2018

07.01.2018

თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო. სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ შობა სიცოცხლის, სიყვარულისა და იმედის ზეიმია.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს - დღესასწაულს, რომელიც სიცოცხლის, სიყვარულის, სიკეთის, იმედის ზეიმია და ჩვენ ჩვენი არსით, მრწამსითა და ცხოვრების წესით უნდა ავირჩიოთ გზა, რომელიც მაცხოვრის გზაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსახურების დროს, სამების ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს. კახა კალაძემ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები შეაფასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ნარკოპოლიტიკის შემუშავებისას, ძირფესვიანად იქნას შესწავლილი არსებული პრობლემები, რეალობა და ამ ყველაფრის შესაბამისად იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. მზად ვარ, ახალგაზრდებთან ერთად ჩავერთო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში. რაც შეეხება ზოგადად, სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნას, ესეც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მგონია, რომ ყველა ერთად შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები