20 დეკემბერი, 2017

კრწანისის რაიონში მცხოვრებ 36 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ კრწანისის რაიონში მცხოვრებ 36 ოჯახს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულებები გადასცა, რომლის საფუძველზეც, მათ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაუკანონდებათ.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ იმ მოქალაქეების პრობლემების მოგვარება აქტიურად დაიწყო, რომელთაც საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა.

„ფონიჭალაში ვიმყოფებით, სადაც დაახლოებით, 30 ოჯახს ბინები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა. სამწუხაროდ, ასეთი ოჯახი ძალიან ბევრია, ვინც წლების განმავლობაში, კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობს და გაურკვეველი მიზეზების გამო, დაკანონებას დღესაც ვერ ახერხებენ. ჩვენ ამ პრობლემის მოგვარება დავიწყეთ და საცხოვრებელი ფართების დაკანონების საშუალება ბევრ ოჯახს მიეცა. აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომაზე იყო გამოტანილი, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და მათ ფართების დარეგისტრირების შესაძლებლობა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართები ზემო ფონიჭალაში, მე-4 მ/რ-ის მე-11 კორპუსში მცხოვრებ 29 ოჯახს, მე-3 მ/რ-ის მე-4 კორპუსში მცხოვრებ ხუთ ოჯახს და ბეჟან კალანდაძის ქუჩაზე მცხოვრებ ორ ოჯახს დაუკანონდება, რომლებიც აღნიშნულ მისამართებზე უკვე 17 წელია ცხოვრობენ.

აღნიშნული ოჯახებისთვის უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულებების გადაცემას ასევე, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში ბექა ოდიშარია და თემურ გორგაძე, ასევე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები