13 დეკემბერი, 2017

შეხვედრა ბიზნესსექტორთან

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და დედაქალაქის განვითარების პროცესში მათი ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრა.

შეხვედრა, რომელიც ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, დიალოგის ფორმატში წარიმართა. დედაქალაქის მერმა ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან ყურადღება ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნის, ქალაქის განვითარებაზე ზრუნვისა და იმ რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე გაამახვილა, რაც მისი თქმით, დედაქალაქის კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველყოფს.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი ყოველდღიურად შეგაქვთ, ქმნით სამუშაო ადგილებს, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, როგორც დედაქალაქისთვის, ასევე ქვეყნისთვის. ვიცით, რომ ყველაზე დიდი პრობლება, რომელიც დღეს ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს, სამუშაო ადგილებია. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ბიზნესს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ იმისთვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქის განვითარება მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით შეუძლებელია, რაშიც დედაქალაქის მთავრობას ბიზნესის დახმარება დასჭირდება.

„ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელსაც ბიზნესი წლების განმავლობაში აწყდებოდა. შესაბამისად, იმ რეფორმებით, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, მაქსიმალურად გვინდა, რომ მერია მოქნილი სტრუქტურა, ადამიანებზე ორიენტირებული გავხადოთ, რათა გადაწყვეტილებების მიღება სწრაფად ხდებოდეს, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, ჩვენ მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს, რომ ქალაქი სწორად განვავითაროთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ დეველოპერებთან გამართულ შეხვედრაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მშენებლობებთან დაკავშირებით, ქალაქში პრობლემები არსებობს.

„ვიცით არსებული მდგომარეობა, პრობლემები ქალაქის განაშენიანების თვალსაზრისით. თუ გარკვეული მიდგომები არ შევცვალეთ, ამ ქალაქში ცხოვრება მართლაც შეუძლებელი იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვითარებას, აღმშენებლობას, მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი სწორად, თანმიმდევრულად და ხარისხიანად გავაკეთოთ. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ. მჯერა, რომ თქვენთან ერთად, მომდევნო წლების განმავლობაში, საკმაოდ მნიშვნელოვან და ეფექტურ პროექტებს განვახორციელებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ბიზნესკომპანიებთან შეხვედრას ასევე, ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია ესწრებოდა.