11 დეკემბერი, 2017

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, ორბელიანის მოედანზე გამართა.

კახა კალაძემ თბილისის განვითარების ფონდს, დედაქალაქის მერიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

დედაქალაქის მერმა ტურიზმის განვითარებაში თბილისის ისტორიული ნაწილის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებული პოტენციალი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავს მიზნად. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 52 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს. კერძოდ, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციას, ისტორიული და რიგითი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციას, მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას, რეაბილიტირებული არეალის კეთილმოწყობა-რედიზაინს, მწვანე კომპონენტის განახლებასა და ახალი სივრცეების მოწყობას.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელებს. პროექტის მიმდინარეობისას 2000-მდე ადამიანი დასაქმდება.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები