6 დეკემბერი, 2017

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია

თბილისის მერი კახა კალაძე ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia! წელს მესამედ იმართება.

კახა კალაძის განცხადებით, ტურისტული მიმართულებით ქვეყნის ცნობადობის ამაღლების დიდი პოტენციალი არსებობს. შესაბამისად, ტურისტების რაოდენობის გაზრდაში თითოეული კომპანიის როლი უმნიშვნელოვანესია.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენი - ქალაქის მერიისა და ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან, ძალიან დიდი თანადგომა იქნება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში შევძლოთ, კიდევ უფრო ცნობადი და საინტერესო გავხადოთ ჩვენი ქვეყანა. ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი კულტურით, ტრადიციებითა და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ასევე, იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ მიმართულებით პოტენციალი ძალიან დიდია, რომ ტურისტების რაოდენობა გავზარდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

Welcome to Georgia!-ს პროექტში წელს მონაწილეობა 320 ნომინანტმა მიიღო, რომელთა შორის საქართველოს ყველა რეგიონიდან ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები იყვნენ. ღონისძიების მიზანი ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის წახალისება და საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაა.

პროექტი თბილისის მერიისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. გამარჯვებულებს შორის სასტუმრო „მერკური თბილისი“, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, ფესტივალი Tbilisi Open Air, „ქოლგა თბილისი ფოტო“ და სხვა კომპანიები დასახელდნენ.