უკან დაბრუნება
6 დეკემბერი

დედაქალაქის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

პირველი საკითხი, რომელსაც თბილისის მერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეეხო, დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი და დამატებით მოზიდული თანხებით განსახორციელებელი პროექტებია.

როგორც აღინიშნა, 2018 წლის განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი ჯამში, 60 მლნ ლარით გაიზარდა, რისთვისაც თბილისის მერმა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა სამინისტროს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„აღნიშნული 60 მილიონიდან ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერი - 14 მლნ ლარი, სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში წელსვე აისახება და ვაგონების მოდერნიზება-რეკონსტრუქციას მოხმარდება. დარჩენილი 46 მლნ ლარი კი, 2018 წლის ბიუჯეტში პირდაპირი წესით აისახება, რომელიც ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციას მოხმარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2018 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის შეცვლილი შიდა ხარჯები. კერძოდ, ინფრასტრუქტურული ხარჯები წარდგენილ ბიუჯეტთან შედარებით, რომელიც 282 მლნ ლარს შეადგენდა, 55 მლნ ლარით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წელს დედაქალაქში 55 მლნ ლარით მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი. ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება გამწვანების ღონისძიებებისკენ მიმართული თანხებიც. კერძოდ, მწვანე ინფრასტრუქტურაზე მიმართული თანხები 2018 წელს, 9 მლნ ლარამდე გაიზრდება.

კახა კალაძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება. კერძოდ, განხორციელდება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის 32 პროგრამა, მათ შორის, ორი დამატებითი პროგრამა: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა, სამშენებლო უსაფრთხოება და ამ მიმართულებით, კონტროლის გამკაცრებაა. დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს მიმართა, რომ ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა მკაცრად გააკონტროლოს.

„სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ვაწყდებით მშენებლობების მიმდინარეობისას დარღვევებს. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, ზედამხედველობის სამსახურმა დაახლოებით, 100-ზე მეტ მშენებარე ობიექტს მისცა სიტყვიერი გაფრთხილება და 50 მშენებარე ობიექტზე საქმის წარმოება და ჯარიმების გამოწერა უკვე დაიწყო. ძალიან სამწუხაროა ის, რაც მშენებლობებზე ხდება. შესაბამისად, მინდა დავავალო ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, პირად კონტროლზე აიყვანოს და უმკაცრესად გააკონტროლოს დედაქალაქში არსებულ ყველა მშენებარე ობიექტზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოს მთავრობის N361-ე და N477-ე დადგენილებები. შესაბამისად, ყველა ის დეველოპერი, რომელიც დადგენილი წესების დაცვას არ უზრუნველყოფს, კანონის წინაშე სათანადოდ და სამართლიანად აგებს პასუხს.

ამასთან, კახა კალაძემ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დაავალა, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან პროექტის შესაბამისობა მკაცრად გააკონტროლოს.

„ყურადღება უნდა მიექცეს პროექტის ფასადის ნაწილს, როგორიცაა გარე კედლებისა და გადახურვის ერთიან სტანდარტში მოქცევა. არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ უნდა იყოს გაცემული, სადაც არ იქნება წარმოდგენილი კონკრეტული პროექტი, თუ როგორი იქნება გარე ფასადი. მოპირკეთების გარეშე, მსგავსი მშენებლობები ექსპლუატაციაში არ უნდა მივიღოთ და შესაბამისი ნებართვები არ უნდა გავცეთ. ამიტომ, ამ მიმართულებით სერიოზული კონტროლია საჭირო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, იმის გაგრძელება, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში ამ მიმართულებით ხდება, შეუძლებელია.