5 დეკემბერი, 2017

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია

თბილისის მერი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. თბილისის მერის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის გაძლიერება საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით არაერთი რეფორმის გატარება შეძლო, თუმცა გამოწვევები და პრობლემები კვლავ არსებობს, რასაც მოგვარება სჭირდება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების გადაწყვეტისას, მთავარ ამოსავალ წერტილს მოქალაქეების ინტერესები უნდა წარმოადგენდეს. გვინდა, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული იმ პროექტების განხორციელებაში, რომელთა განხორციელებასაც მომდევნო წლების განმავლობაში ვგეგმავთ. ჩვენ შევქმნით პლატფორმას და კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობას მივცემთ, რომ პრიორიტეტების შერჩევაში თავად მიიღონ მონაწილეობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის ზოგადად, სტრუქტურული რეფორმის განხორციელება, რომელიც დაწყებული გვაქვს და პირობას გაძლევთ, რომ ეს აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე პროცესი იქნება. არსებულ სტრუქტურასა და ბიუროკრატიულ მანქანაში პრობლემებს ვხედავთ და გვინდა, ეს ყველაფერი რეალურად შევცვალოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ღია მმართველობაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ თბილისი 2016 წელს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ქვენაციონალურ საპილოტე პროგრამას შეუერთდა.

„ამჟამად, საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობით რიგით მეექვსე თავმჯდომარე ქვეყანაა და OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი სწორედ არაერთი უწყებისა და მთავრობის იმ წარმატებული პოლიტიკის შედეგად მოვიპოვეთ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ღია მმართველობისთვის ატარებდა და მომავალშიც აუცილებლად გაატარებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს. მისი მიზანი საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბებაა. სწორედ ამ მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხის კუთხით შეფასდა.

ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ანგარიშის პრეზენტაციას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონული, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები