4 დეკემბერი, 2017

თბილისს პირველი მულტიმედიური სამუზეუმო სივრცე შეემატა

თბილისს პირველი მულტიმედიური სამუზეუმო სივრცე შეემატა. ნიკოლოზ ბარათაშვილის განახლებული მემორიალური სახლ-მუზეუმი დღეს საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

როგორც კახა კალაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, თბილისის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არსებული კულტურული ძეგლების შენარჩუნება და მოვლა-პატრონობაა.

„ძალიან გახარებული ვარ. თქვენ თვითონ ხართ მოწმე, როგორ არის ყველაფერი გაკეთებული ტექნოლოგიურადაც. 3D ანიმაცია მართლაც საოცრებაა, რაც აქ მოსულ დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, ყველაფერი რეალობაში აღიქვას. ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გაგვაჩნია, ჩვენი კულტურა და ტრადიციებია, რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ამ მიმართულებით მუშაობა იქნება, რათა მომავალ თაობას ეს ყველაფერი მოვლილი და მოწესრიგებული გადავცეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მისასალმებელია, რომ „იუნესკო“-მ ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებათა ნუსხაში შეიტანა.

სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები და საგამოფენო სივრცეების რეექსპოზიცია 2017 წელს განხორციელდა. საგამოფენო სივრცეში პირველად არის გამოყენებული თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია.