8 ნოემბერი, 2017

მხარდასაჭერი შეხვედრა მარტვილში

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი და გენერალური მდივნები, ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მერობის კანდიდატის მხარდასაჭერ შეხვედრაზე ქუთაისის შემდეგ მარტვილში ჩავიდნენ. ალექსანდრე გრიგალავას მხარდამჭერი შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. „დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურში მარტვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მხარს დაუჭერს ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას, რასაც სათავეში ჩაუდგება კომპეტენტური, პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი ალექსანდრე გრიგალავას ხელმძღვანელობით“, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე და მერობის კანდიდატს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. გენერალურმა მდივანმა დღეს არსებულ საარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და პროცესები დადებითად შეაფასა. „ნამდვილად მსიამოვნებს არსებული საარჩევნო გარემო. თუ გადავხედავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, კარგად დავინახავთ თუ რამხელა სხვაობაა 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან. მეამაყება, რომ დღეს ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში აწარმოოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ამომრჩეველს სიტყვით ასევე მიმართა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ალექსანდრე გრიგალავამ თანადგომისთვის მადლობა მმართველ გუნდსაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას აუცილებლად მოიპოვებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები