26 ოქტომბერი, 2017

შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელთან

კახა კალაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა, სებასტიან ჰუსონ დე სამპინიმ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც ნოემბრის ბოლოს ლუქსემბურგში გაიმართება.

მიწვევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრაზე მიიღო, რომელზეც მხარეებმა თბილისის განვითარების სამომავლო გეგმები და ამ მიმართულებით არსებული საინვესტიციო საჭიროებები განიხილეს.

კახა კალაძის თქმით, ის განაგრძობს საერთაშირისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრებს, რათა წინასაარჩევნოდ გაჟღერებული ინფრასტრუქტურული პროექტები მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდეს.

„მიმართულებები, რომელზეც მათი მხრიდან ყურადღება გამახვილდა და გამოთქვეს დახმარების სურვილი, არის ძველი თბილისის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები და „სმართ სითი“. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდა ნაკლები ბიუროკრატია, უფრო მეტი სიახლე, ინოვაცია, თანამედროვეობა და ეს ყველაფერი მომდევნო წლების განმავლობაში აუცილებლად განხორციელდება. მომდევნო დღეების განმავლობაში ვაპირებთ შევხვდეთ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა ენერგეტიკის სექტორში, გვინდა გადმოვიტანოთ მერიაში, რათა შესაძლებელი იყოს დაგეგმილი პროექტების განხორციელება“ - განაცხადა თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა.

მან ევროპის საინვესტიციო ბანკს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობის მზაობისთვის და აღნიშნა, რომ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ძველი თბილისის რეაბილიტაცია.

„დაახლოებით 500 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ამიტომ, მათი თანადგომა და ეს ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სებასტიან ჰუსონ დე სამპინის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მწვანე ქალაქისა და „სმართ სითის“ განვითარებაში. მისი თქმით, კახა კალაძესთან შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა, განხილულიყო საქართველოს დედაქალაქის სამომავლო განვითარების გეგმები, მათ შორის ძველი თბილისის რეაბილიტაციის საკითხი.

მსგავსი სიახლეები