23 ოქტომბერი, 2017

მერის უფლებამოსილების განხორციელებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შევუდგები

თბილისის ახლადარჩეული მერი, კახა კალაძე, მერის უფლებამოსილების განხორციელებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეუდგება. ამის შესახებ კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა გამცნოთ, რომ კანონის თანახმად, მერის უფლებამოსილების განხორციელებას შევუდგები ნოემბრის მეორე ნახევრიდან, ფორმალური პროცერდურების დასრულების შემდეგ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტრანზიციის დროს ჩვენ ნაკლები აქტიურობა გვექნება, პირიქით, გარდამავალ პერიოდში მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რათა მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ აქტიურ საქმიანობას, პირდაპირ დავიწყოთ ჩვენი პროგრამის აღსრულება და თბილისის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა“, - განაცხადა თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა მერობის კანდიდატმა.
რაც შეეხება ინფორმაციას იმ პირთა ვინაობის შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ პოზიციას დაიკავებენ მერიაში, როგორც კალაძემ აღნიშნა, მათ შესახებ დეტალურად უახლოეს პერიოდში ისაუბრებს.
კალაძის თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტური, პროფესიონალი და გამოცდილების მქონე ადამიანები და პროცესები საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ღია და გამჭვირვალე იქნება.
„მერიაში იქნება რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები; უნდა აღინიშნოს, რომ დღესაც ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს ამ სტრუქტურაში და მაქსიმალურად შევეცდებით, ქალაქის საკეთილდღეოდ ყველას პროფესიონალიზმი იქნას გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის ახლადარჩეულმა მერმა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და გამოხატული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები