15 ოქტომბერი, 2017

შეხვედრა ახალგაზრდებთან

„თბილისი აუცილებლად უნდა გავხადოთ ქალაქი, სადაც ახალგაზრდები საკუთარ შესაძლებლობებს დაინახავენ“ - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას გააკეთა.

კახა კალაძემ ახალგაზრდებს დღეს ვებ-პლატფორმა გააცნო, რომლის საშუალებით ისინი საკუთარი ხედვების თბილისის მერისთვის წარდგენას და განხილვის შემდეგ მათ განხორციელებას შეძლებენ.

„მინდა წარმოგიდგინოთ პლატფორმა, რომელზეც მიდის მუშაობა და რომელსაც მალე დავასრულებთ. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ამ პლატფორმის საშუალებით წარმოადგინოთ თქვენი კონკრეტული ხედვები და გეგმები ქალაქთან დაკავშირებით. ჩვენ განვიხილავთ ამ პროექტებს და ერთად შევძლებთ მათ განხორციელებას“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატი თქმით, ახალგაზრდებს ქალაქის განვითარების განსხვავებული ხედვა აქვთ და ის მზად არის მათთან თანამშრომლობისთვის.

„როდესაც საარჩევნო პროგრამაზე ვმუშაობდით, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაგვიკავშირდა, რომლებსაც ჰქონდათ იდეები, რა და როგორ უნდა გაკეთდეს ქალაქში. მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩემი მზაობა თანამშრომლობისთვის, რათა ყველამ მივიღოთ მონაწილეობა და თითო აგური დავდოთ ქალაქის განვითარებასა და წინსვლაში. თქვენ იცით, რომ მართლაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ბევრი პროექტია განსახორციელებელი და მე მაქვს თითოეული ახალგაზრდის იმედი ამ საქმეში“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ვებგვერდის გარდა, ახალგაზრდებს თბილისის განვითარების შვიდი პოლიტიკა გააცნო და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელთა განხორციელებას მერად არჩევის შემდეგ გეგმავს.

მსგავსი სიახლეები