უკან დაბრუნება
9 ოქტომბერი

განათლების,კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ხედვის პრეზენტაცია

თბილისში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებების მოდერნიზაცია, მათი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა იგეგმება - ამასთან დაკავშირებით დღეს განათლების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკის პრეზენტაციაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ისაუბრა.

„განათლებაზე, კულტურაზე და სპორტზე ხელმისაწვდომობა ყველა რაიონში და ყველა თაობისთვის გაიზრდება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე. ყოველთვის ვამბობდით და ახლაც გავიმეორებ - ყველა რაიონში მოხდება თანაბარი განვითარება. ყველა რაიონში მცხოვრებმა ადამიანმა დედაქალაქი საკუთარ უბანში უნდა იგრძნოს“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.მისივე თქმით, ის აქტიურად გაუწევს პოპულარიზაციას ჯანსაღი ცხოვრების წესს.

კახა კალაძემ განათლების მიმართულებაზე საუბრისას ხაზი გაუსვა სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის გაზრდის საკითხს.

„ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 12 ახალი საბავშვო ბაღის პროექტი განვახორციელეთ. 2012 წლამდე ბაღები ფასიანი იყო. წინა ხელისუფლების დროს ხშირად ხდებოდა ბაღების გასხვისება და მათ ადგილზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა და შედეგიც სახეზეა. მას მერე, რაც განვახორციელეთ რეფორმა და ბაღები გახდა უფასო, ყოველწლიურად იზრდება ბაღში შემსვლელი პატარების რაოდენობა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავხვდეთ მომზადებული. ამიტომაც, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, 30-მდე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ შესაძლებლობა ნორმალურ გარემოში მიიღონ განათლება“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

განათლების სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე დეტალურად ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მისი თქმით, დედაქალაქში არამარტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, არამედ სასკოლო ინფრასტრუქტურის დეფიციტიცაა, ამიტომაც თბილისში განათლების პარკების შექმნა იგეგმება.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში შეიქმნას განათლების პარკები - ეს იქნება სპეციალური ტერიტორიები, სადაც განთავსდება როგორც საშუალო სკოლები, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობით შექმნილი სპეციალიზებული გაძლიერებული სკოლები. აქ აქცენტი გაკეთება იმაზე, რომ ზედა კლასებში ყველაზე ნიჭიერმა და მონდომებულმა ახალგაზრდებმა სახელმწიფოს ხარჯზე მიიღონ მსოფლიო კლასის განათლება, რომელიც შემდგომში საშუალებას მისცემს, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც განაგრძონ განათლების მიღება. ეს პარკები იქნება როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე საგანმანათლებლო პროგრამების მხრივ ძალიან დახვეწილი განათლების ცენტრები. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და თბილისის მერიასთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის დიდი იმედი მაქვს“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

ჯანსაღი ცხოვრების წესის თაობაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის სისტემა არ არის და დედაქალაქის მერობის კანდიდატს ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიური მხარდაჭერა შეუძლია.

„ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვექნება იმის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ეს ორი მიმართულება გავაძლიეროთ, რადგანაც კახა კალაძეს შეუძლია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს. ვფიქრობ, რომ თბილისის მერი სწორედ ის პოზიციაა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა შეეძლება. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის კონცეფციის პრეზენტაციისას რეალურად სწორი ხედვა დავინახე. მჯერა, რომ ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

პრეზენტაციაზე თბილისის მერობის კანდიდატმა მუნიციპალური მუზეუმების საკითხიც განიხილა და აღნიშნა, რომ მათ რეაბილიტაციას გეგმავს.

„თბილისში, დაახლოებით, 27 მუზეუმია, აქედან 9 - მუნიციპალური, მათ სჭირდებათ რეაბილიტაცია და ჩვენ ამას განვახორციელებთ, რადგან ყველა განვითრებული ქვეყნის დედაქალაქში მუზეუმები ქალაქის ბიუჯეტისთვის შემოსავლის წყაროა“, - განაცხადა კახა კალაძემ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციისას, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც მუზეუმებისა და მუნიციპალური კულტურული დანიშნულების ობიექტების რეფორმირება და ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვაა.

მისივე თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და ტურისტული მარშრუტების მოწყობის ფარგლებში, რომელსაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თავის გუნდთან ერთად გეგმავს, მუზეუმების როლი განსაკუთრებული იქნება.

კახა კალაძე საქართველოში ტურისტების რაოდენობის ყოველწლიურად ზრდას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ქალაქს ტურიზმის მიმართულებით აქვს, მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმალურად ათვისებული უნდა იყოს.

პრეზენტაციას ახალგაზრდებთან ერთად თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები და ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრები ესწრებოდნენ.