25 სექტემბერი, 2017

თბილისის სოციალური პოლიტიკის პრეზენტაცია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, მუნიციპალური საბინაო ფონდის კონცეფციის შემუშავებას გეგმავს. ამის შესახებ მან თბილისის სოციალური პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.მისი თქმით, კონცეფციის მიხედვით, მომავალი წლების განმავლობაში სოციალური საცხოვრებლების მშენებლობა დაიწყება.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, შემუშავებული სოციალური პოლიტიკა სამ მიზანს ისახავს: სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ჯანდაცვის პროგრამების განვითარება და ინკლუზიური ქალაქი ყველა თაობისთვის.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დაიხვეწება არსებული 22 სოციალური პროგრამა, რომლებიც განკუთვნილია სოციალურად დაუცველების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულებისა და ახალშობილებისთვის.

„გარდა ამისა, გამგეობის მხრიდან სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის მატერიალური მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უფასო სასადილოების პროგრამის დახვეწას და რაციონის, ასევე, სერვისის გაუმჯობესებას. ამისთვის გამგეობებს მერიიდან გამოეყოფა დაახლოებით 30 მილიონი ლარი“ - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, სოციალური პროგრამების განხორციელების კვალდაკვალ ყურადღება მიექცევა სიღარიბის შემცირებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს.

„ამ მიმართულებით ვაპირებთ, ცენტრალურ მთავრობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მოქალაქეთა გადამზადებას. ჩვენ მივესალმებით ამ მიმართულებით განათლების სამინისტროს მუშაობას. მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნება თანადგომა, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამები განხორციელდეს მერიის, კოლეჯისა და კერძო სექტორის თანამშრომლობით“ - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების ღირსეულ საცხოვრისზე ხელმისაწვდომობას, კახა კალაძემ ყურადღება საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემაზე გაამახვილა.

„ადამიანები, რომლებიც 20-25 წელია ცხოვრობენ, ვერ ახერხებენ ამ ფართების დაკანონებას. დღესაც შიშით ცხოვრობენ, ხვალ ვინმემ არ გამოასახლოს. ჩემი მერობის პირობებში პირველ რიგში დავიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებას“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, 2012 წელს, როდესაც ხელისუფლების გადაბარება მიმდინარეობდა, გარკვეული ადამიანები მიზანმიმართულად შეიჭრნენ სახელმწიფო დაწესებულებებში, თუმცა მათი გამიჯვნა მოხდება იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ კონკრეტულ საცხოვრებლებში.

„გამიჯვნა შესაძლებელია. ეს შეიძლება იყვნენ დევნილები, უსახლკაროები, რომლებიც ძალიან ბევრი წლებია ცხოვრობენ ამ საცხოვრისში და ისინი ვერ ახერხებენ დაკანონებას. შესაბამისად, ჩემი მერობის პირობებში, ამ პრობლემას მოვაგვარებ“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მომავალ წლებში, ჯანდაცვის მიმართულებით, ორი მუნიციპალური პროგრამა გაფართოვდება. ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაავადებათა სკრინინგის პროგრამას დაემატება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის, ხოლო ტრანსპლანტაციის პროგრამას - ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი.„ეს ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. თქვენ იცით, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა და გადავწყვიტეთ, რომ ის ადამიანები, ვისაც ეს ესაჭიროება, თბილისის მერიამ, მუნიციპალიტეტმა დააფინანსოს“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ეფექტიან ფუნქციონირებაზე და აღნიშნა, რომ ავტოპარკი განახლდება.„ვაპირებთ ავტოპარკის განახლებას და 70 ახალი სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოყვანას, რომელსაც ექნება პორტატული კომპიუტერი და ახალი საკომუნიკაციო სისტემა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოპერატიულობის გაზრდა. ეს პროექტი დაახლოებით 30 მილიონი ლარით დაფინანსდება” - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამების ადმინისტრირება სრულად ელექტრონული მართვაზე გადავა და მინიმუმამდე შემცირდება დაფინანსების მიღებისთვის საჭირო მოცდის პერიოდი. „ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ სპეციალური ვებ-პლატფორმა, რომლითაც ადამიანი სახლიდან გაუსვლელად ისარგებლებს. დღეს ინტერნეტთან ყველას მიუწვდება ხელი და შესაბამისად, შეუძლია მიწეროს კონკრეტულ ვებგვერდზე, რომელიც იქნება შექმნილი და შესაბამისად, რამდენიმე სააათში მიიღებს პასუხს იმ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოითხოვს”, - განმარტა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გაგრძელდება ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება გამგეობებისგან.„ეს არის ოპერაციები, მედიკამენტების დაფინანსება და სხვა სამედიცინო კვლევები. უამრავი ადამიანი სარგებლობს ამ პროგრამებით და გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია. გვესმის ისიც, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ჩვენი თანადგომა, ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება, შესაბამისად, ეს პროგრამები აუცილებლად გაგრძელდება“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა გაიხსენა ჯანდაცვის რეფორმა, ხაზი გაუსვა 2012 წლიდან ჯანდაცვის პროგრამების განვითარებას და ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. „ბატონი დავით სერგეენკო აქ არის და მადლობა მას, მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას ამ რეფორმისთვის. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც უფულობის გამო, უსახსრობის გამო ადამიანები იღუპებოდნენ. იმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ ესარგებლათ ექიმისა და საავადმყოფოს მომსახურებით. ნამდვილად მეამაყება ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არის დაზღვეული და მილიონობით ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით” - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებული ჯანდაცვის პროგრამების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტი ჯანდაცვის პროგრამებზე, მომავალ წელს, 15 მილიონ ლარს დახარჯავს.

კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, ჯანდაცვის სხვა პროგრამების განვითარებასთან ერთად, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლებას გეგმავს. ამის შესახებ მან სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციისას ისაუბრა. „ძალიან მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლება. მშობლებთან და პროფესიონალებთან ერთად ახალი კონცეფცია შემუშავდება და განხორციელდება“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ამ პროცესში მშობლების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.კახა კალაძის გეგმები შეაფასეს პრეზენტაციაზე დამსწრე მშობლებმაც. „ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მშობლისთვის, რომლის შვილიც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონეა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რაც დღეს მოვისმინე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო განწყობა, რომელიც აშკარად იგრძნობოდა და დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდში გაკეთდება მაქსიმუმი იმისთვის, რომ ზოგადად, ბავშვებს, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს ჰქონდეთ განსაკუთრებული ხელშეწყობა“ - განაცხადა ლაშა კვანტალიანმა.

სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სპეციალისტები, მაჟორიტარობის კანდიდატები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.