19 სექტემბერი, 2017

შეხვედრა დიღმის მოსახლეობასთან

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოფელ დიღმისა და დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა და ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.

კახა კალაძე სოფელ დიღმის მცხოვრებლებს მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობას დაჰპირდა და განუცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში პროექტის განსახორციელებლად 22 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.

„ეს საკმაოდ ძვირადღირებული და მასშტაბური პროექტია, თუმცა გადაწყდა, რომ ის მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება შეტანილი და მის განსახორციელებლად 22 მილიონი ლარი დაიხარჯება. მე გაძლევთ პირობას, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნება მოგვარებული,“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ ყურადღება რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის ჩანაცვლებასა და განვითარებაზე გაამახვილა. მისი თქმით, 4 წლის განმავლობაში ქალაქში 700 ახალი ავტობუსი შემოვა, ქალაქის სხვადასხვა რაიონებს დაემატება სამარშუტო ხაზები და გაიზრდება მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა.

თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევას, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას.

მისივე თქმით, ქალაქს კიდევ 30-მდე საბავშვო ბაღი შეემატება, ხოლო თბილისის რაიონებში მულტიფუნქციური მუნიციპალური სპორტკომპლექსები აშენდება, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

კახა კალაძესთან ერთად მოსახლეობას საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძეც შეხვდა, რომელიც ამომრჩეველს არსებული საჭიროებების დაკმაყოფილებაში მაქსიმალურ მხარდაჭერას და გუნდთან ერთად თბილისის განვითარებაზე აქტიურ მუშაობას დაჰპირდა.

მსგავსი სიახლეები