9 აპრილი, 2017

„დარიალიჰესის“ მშენებლობა დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, კომპანია „ფერის“ დამფუძნებელი ლაშა იორდანიშვილი, პროექტის თანაინვესტორი კომპანია „ენერგიის“ თანადამფუძნებელი მევლუდ ბლიაძე, პროექტის თანაინვესტორი კომპანიის “Robbins Company”-ს პრეზიდენტი ლოკ ჰოუმი, კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი ბრუნო ბალვანერა, მთავრობისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, „დარიალიჰესის“ მშენებლობის დასრულების ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრნენ. „დარიალიჰესი“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი სადგურია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 123 მლნ აშშ დოლარია(EBRD-ის დაფინანსება 80მლნ დოლარი), ხოლო დადგმული სიმძლავრე 108 მგვტ. ელ. ენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება: 510 მლნ კვტ.სთ „დღეს საქართველოს ენერგეტიკისთვის, ქვეყნისთვის, ღირსშესანიშნავი და შეიძლება ითქვას ისტორიული დღეა! დასრულდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ჰესის „დარიალჰესის“ მშენებლობა. ეს ჰესი არის არამარტო სიმბოლო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, არამარტო საქართველოს ენერგეტიკის მიღწევების, არამედ ესაა საძირკველი, ათვლის წერტილი კონკრეტულად ამ რეგიონის უსწრაფესად განვითარების და გამდიდრების. ბოლო ათეული წლებია ყაზბეგის რაიონი იცლებოდა ახალგაზრდობისგან , უფრო და უფრო მძიმდებოდა სოციალური ფონი, საყოფაცხოვრებო პირობები და დარჩენილი მოსახლეობის უმეტესობა უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა და შრომობდა. მას მერე, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ პრიორიტეტად მთის აღორძინება გამოაცხადა, მას მერე, რაც ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო მოსახლეობისთვის საქართველოს თითქმის ყველა ულამაზეს კუთხეში გახდა ტურიზმი - აქაურობას დაეტყო სვლა უკეთესობისკენ. მალე ყაზბეგის რაიონში, სტეფანწმინდასა თუ გუდაურში, იქნება გამართული ინფრასტრუქტურა, რეგიონი უკვე უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით და ელექტროენერგიით, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, თავად “დარიალიჰესს“ ნაკისრი აქვს ვალდებულება, აქაურობის გამწვანებაში მიიღოს მონაწილეობა და უკვე მილიონზე მეტია დახარჯული ამ ეკოლოგიურ პროექტში, აქაურობა არის ტურისტებისთვის მიმზიდველი, რაც მთავარია აქაურებისთვის მიმზიდველი და სასურველი - დაუბრუნდნენ თავის კარმიდამოს და მიიღონ სარგებელი და არა ძველებურად სიდუხჭირე აქ ცხოვრებით და შრომით. ამ წლებში საქართველოს ენერგეტიკოსებმა, ინვესტორებმა, ხელისუფლების შელშეწყობით, უცხოელი პარტნიორების და ფინანსური ინსტიტუტების დახმარებით ქვეყნის ენერგეტიკაში რევოლუციური ნაბიჯები გადადგეს და ძალიან საინტერესო, საჭირო და მომავალზე გათვლილი პროექტები განახორციელეს. არასდროს ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გაკეთებულა სექტორში იმდენი, რაც ამ ბოლო წლებში. ამიტომ ნამდვილად სასიხარულოა იმის გაცნობიერება, რომ ეს პროცესი შეუქცევადია! განვითრებული ენერგეტიკა ნიშნავს განვითარებულ ეკონომიკას, და ეს კი თავისმხრივ განაპირობებს განვითრებული, თანამედოვე ქვეყნის სტატუსს მსოფლიოს რუკაზე. საქართველო მტკიცე ნაბიჯებით მიიწევს წინ და ამ სვლას ვერაფერი შეაფერხებს.“ - ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა კახა კალაძემ. „დარიალიჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლით, ყოველწლიურად, ზამთრის პერიოდში 200 მლნ კვტ.სთ-ით შემცირდება ქვეყანაში იმპორტირებული ელექტროენერგია. პროექტიდან ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 2,5 მლნ ლარი შევა. პროექტის ფარგლებში გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ელექტრო-მექანიკური და მანქანა დანადგარები (Andritz-ის ტურბინები; Robbins Company TBM -გვირაბის მთხრელი მანქანა). მშენებლობის ეტაპზე დასაქმებული იყო 420 ადამიანი, ხოლო ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მუდმივად დასაქმდება 70ადამინი, საიდანაც უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. პროექტში ჩართული იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ეს არის საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის პირველი წარმატებული პროექტი საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორში. პროექტი განხორცეილდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მკაცრი მონიტორინგის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს სრულად დაცულ გარემოსდაცვით სტანდარტებსა და ნორმებს

მსგავსი სიახლეები