17 მაისი, 2016

ტრანს-ადრიატიკული მისლადენის (TAP) მშენებლობის დაწყების ცერემონია

კასპიის ზღვაში შაჰ დენიზის საბადოს მეორე ფაზის განვითარების ფარგლებში შაჰ დენიზის კონსორციუმის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის განხორციელებას, რაც გულისხმობს ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირების მარშუტის შერჩევას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით. პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო მილსადენის სიგრძე 3 460 კმ-ია.
ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) წარმოადგენს აღნიშნული ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილს საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით - სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
„სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტში საქართველო სტრატეგიული პარტნიორია. შაჰ დენიზის პროექტის მე-2 ფაზის ფარგლებში საქართველოში „სამხრეთ კავკასიური მილსადენის“ გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაზეც 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც 400 მლნ აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში ხდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მილის გამტარუნარიანობა არსებული 6მლრდ-დან - 16 მლრდ კუბური მეტრით გაიზრდება. სახმრეთ კავკასიური მილსადენის სიგრძე 690 კმ-ია.
სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტი მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე 2000 ადამიანს ასაქმებს, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილს შექმნის. აღნიშნული მილსადენით, ბუნებრივი აირის გაზრდილი მოცულობების ტრანზიტი 2019 წლიდან დაიწყება, ხოლო 2020 წლიდან საქართველო ტრანზიტის საფასურად ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.
„სამხრეთ გაზის დერეფნის“ პრეოქტში საქართველოს ჩართულობა აძლიერებს საქართველოს სატრანზიტო როლს რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე აძლიერებს საქართველოს საიმედო და მნიშვნელოვანი სატრანზიტო პარტნიორის იმიჯს.
საბერძნეთში საქართველოს მთავრობის ვიზიტი ერთ დღიანია და დელეგაცია თბილისში დღესვე დაბრუნდება.
დამატებით ინფორმაციისთვის:
„სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტი იყოფა სამ ნაწილად: „სახმრეთ კავკასიური მილსადენი“ (SCP), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მისალდენები (TAP).
„სამხრეთ კავკასიური მილსადენი“ (SCP- 690 კმ) აზერბაიჯანს, საქართველოს გავლით აკავშირებს თურქეთთან.
„ტრანს-ანატოლიური მილსადენი“ (TANAP – 1900 კმ) თურქეთს აკავშირებს საბერძნეთთან.
„ტრანს-ადტრიატიკული მილსადენი“ (TAP – 870 კმ) საბერძნეთიდან, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით მიდის სამხრეთ იტალიამდე.

მსგავსი სიახლეები