7 ივნისი, 2023

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება. ასფალტის საფარი 1 600 მეტრ სიგრძეზე დაიგება.

მისი თქმით, პროექტის პირველ ეტაპზე, მთლიანად შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე, გაზმომარაგების და სხვადასხვა საჰაერო ქსელი, რომლებიც მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება.

„ბოლო წლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ცხადია, უამრავი გამოწვევა არსებობს და ეტაპობრივად მივყვებით. გვინდა, ყველა იმ ქუჩისა და გამზირის მოწესრიგება-განახლება მოხდეს, რომელიც პრობლემურია და პრიორიტეტულია. 10 ივნისიდან ვიწყებთ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას. აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ დატვირთულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. პირველ რიგში, შესაცვლელია მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და მოწესრიგებას საჭიროებს. 1 600 მეტრის სიგრძის გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარი და გარე განათების ქსელი. დამონტაჟდება ახალი LED ლამპიონები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება. ტერიტორიაზე ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის ერთ მხარეს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

ამასთან, კახა კალაძემ თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

„მინდა, დედაქალაქის მცხოვრებლებმა იცოდნენ, რომ ყველა პროექტი კეთდება ფუნდამენტურად და გვინდა, რომ ათეულ წლებს გაუძლოს. ცხადია, ამ მასშტაბის სამუშაოებს ახლავს დისკომფორტიც, მაგრამ სხვანაირად წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ბევრი ქუჩა და გამზირი გვაქვს პრობლემური, მათ შორის, რუსთაველის გამზირი. მიწისქვეშა კომუნიკაციები მოუწესრიგებელია. ბევრჯერ იყო შემთხვევა, რომ ამის გამო კონკრეტულ ადგილებში მიწა ჩავარდა. რა თქმა უნდა, რუსთაველის გამზირსაც სრულ რეაბილიტაციას ჩავუტარებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურმა აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყო.

„ჩვენ ასევე, მონიტორინგს ვუწევთ ქალაქში არსებულ ხიდებს. ეს ხიდი იყო მძიმე მდგომარეობაში, საჭიროებდა ჩარევას. შესაბამისად, დავიწყეთ კონკრეტული პროექტი. ორი კვირის განმავლობაში, სავალი გზის ერთ ნაწილზე მოძრაობა დროებით იქნება შეზღუდული. შემდეგ მეორე მხარეს გადავალთ. ვეცდებით, რომ ხიდი უახლოეს მომავალში მოწესრიგდეს და მისი გამოყენება საფრთხეს არ წარმოადგენდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიამ დააფუძნა „თბილისის თანამედროვე ხელოვნების ფონდი“, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

თბილისის მერის თქმით, ფონდის მიზანი არტისტების ხელშეწყობა და საჯარო სივრცეში მათი თანამედროვე ვიზუალური ნამუშევრების გამოფენაა.

„თბილისის ცენტრსა თუ რაიონებში სხვადასხვა ადგილს განვსაზღვრავთ. გამოიყოფა კონკრეტული სივრცეები - მოედნები, პარკები, სკვერები და ა.შ., სადაც განთავსდება ქართველი არტისტების მიერ შექმნილი ნამუშევრები. ეს ხელს შეუწყობს მათი ცნობადობის ამაღლებას. ისეთ ნამუშევრებს კი, რაც ქალაქის იერსახეში ჩაჯდება, დედაქალაქის მერია შეიძენს. შეიძლება, შერჩეულ ადგილებზე ზოგი ნამუშევარი სამი ან ექვსი თვით, ან კიდევ, ერთი წლის განმავლობაში განთავსდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამომავლოდ არტისტების ნამუშევრების გამოფენისთვის პერმანენტული სივრცე - ქანდაკებების ბაღი შეიქმნება.

„ნამუშევრები აირჩევა ღია კონკურსის გზით და დროებით, სხვადასხვა საჯარო სივრცეში განთავსდება. სამომავლოდ, აღნიშნული ნამუშევრების გამოფენისთვის ვგეგმავთ, შევქმნათ პერმანენტული სივრცე - ქანდაკებების ბაღი. მინდა, ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას ვთხოვო, მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ საზოგადოებას, შეხვდით ამ დარგის წარმომადგენლებს, აუხსენით, აღნიშნული პროექტის იდეა რაში მდგომარეობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ სამ ჰექტრამდე პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

მისივე თქმით, რეაბილიტირებული პარკი საზეიმოდ პარასკევს, 9 ივნისს, 20:00 საათზე გაიხსნება.

„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ სამ ჰექტრამდე პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პარკის ტერიტორიაზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა საპარკო ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დასასვენებელი პავილიონები. ტერიტორიაზე განხორციელდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. ყველაფერი, რაც კი აუცილებელია პარკისთვის, გათვალისწინებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი განცხადებით, ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახეობის 5 524 მწვანე ნარგავი და მოეწყო სარწყავი სისტემა.

„პარასკევს გვექნება შესაძლებლობა, აღნიშნული პარკი გავხსნათ, რასაც ასე ელოდება ადგილობრივი მოსახლეობა. გვექნება ასევე, „გუფი ლენდის“ კონცერტი. ამინდის მხრივ თუ პრობლემა იქნება, კონცერტს გადავდებთ და სხვა დღეს ჩავატარებთ, თუმცა პროგნოზით კარგი ამინდი ჩანს. საღამოს 8 საათზე იქნება აღნიშნული კონცერტი და პარკის გახსნის ღონისძიება. ასე რომ, გეპატიჟებით ყველას და ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ორი ინფრასტრუქტურული პროექტი, რაზეც ყურადღება გამახვილდა, ვაზისუბნის დასახლებაში და მუხიანში, გობრონიძის ქუჩაზე არსებული სკვერების რეაბილიტაციაა.

თბილისის მერის თქმით, ვაზისუბანში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ხოლო მუხიანში, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულდება.

„კიდევ ორი სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო ვაზისუბანში, N90 სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერში, რომლის ფართობიც 16 000 კვადრატული მეტრია და მუხიანში, გობრონიძისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერში, რომლის ფართობიც 5 000 კვადრატული მეტრია. აღნიშნულ ტერიტორიებზე მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, სადაც ყველა თაობის ადამიანს დასვენების, განტვირთვისა და ვარჯიშის შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა მიმართა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელთაც 10 წლამდე ასაკის ავტომობილი ჰყავთ, საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის გამოიყენონ როგორც მაიდენტიფიცირებელი სტიკერი, ასევე, მერიის მიერ გაცემული სპეციალური მანიშნობელი, რათა არ დაჯარიმდნენ.

„ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. როგორც იცით, ბოლო გადაწყვეტილებით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელსაც ჰყავთ 10 წლამდე ასაკის ავტომობილი, მივეცით საავტობუსო ზოლებში გადაადგილების უფლება. მათ უნდა აიღონ სპეციალური სტიკერი, რომელიც უნდა განათავსონ წინა საქარე მინაზე, ზედა მარჯვენა კუთხეში. ასევე, აუცილებელია სპეციალური ტაქსის მანიშნობელი, რომელიც ჩვენ დავურიგეთ. იყო შემთხვევები, როდესაც საავტობუსო ზოლში ისე გადაადგილდებოდნენ, რომ არ ჰქონდათ ტაქსის მანიშნობელი, ან სტიკერი - ეს იწვევს დაჯარიმებას. მანიშნობელიც და სტიკერიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და გაითვალისწინეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოწერილი იქნება ჯარიმა. ჯარიმების გამოწერა არავის სიამოვნებს, უბრალოდ დავიცვათ წესრიგი და ის რეგულაციები, რომელიც არის გაწერილი და რომელთან დაკავშირებით, თქვენ სრული ინფორმაცია გაქვთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სტიკერების გაცემის პროცესს, მერის ინფორმაციით, დღეისთვის გაცემულია 1 600-ზე მეტი სტიკერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის ავტომანქანა უკვე დაშვებულია საავტობუსო ზოლში.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ A კატეგორიის ტაქსის იმ მძღოლებისთვის, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს აღემატება, რეგულაცია არ იცვლება - ისინი საავტობუსო ზოლში მხოლოდ მგზავრის აყვანისა და ჩამოსმით უფლებით სარგებლობენ.

ამასთან, თბილისის მერმა სხდომაზე QR კოდებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის, 200-ზე მეტი QR კოდია გაცემული, რომლის საშუალებით, მგზავრს შეუძლია ელექტრონულად გადაიხადოს, ხოლო მძღოლს თანხა მომენტალურად აესახება ანგარიშზე.

საუბრის დასასრულს, კახა კალაძემ საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი თანამშრომელი, ივეტა მასურაშვილი წარუდგინა, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობს.

„ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ დამსახურებულ თანამშრომელზე გიამბობთ. ივეტა მასურაშვილი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უკვე 50 წელია არქივარიუსის პოზიციაზე საქმიანობს. ამ წლების განმავლობაში, მას არაერთი მადლობა და ჯილდო აქვს მიღებული, არის შრომის ვეტერანი. ამავე დროს. დღემდე განაგრძობს საქმიანობას არქივის საქმის წარმოების სამსახურში. მისი სამუშაო გულისხმობს დასაარქივებელი დოკუმენტაციის მოწესრიგებას და სათანადო პირობებით დაცვას. მიუხედავად სამუშაოს რუტინულობისა, 84 წლის ივეტა მასურაშვილი დღემდე რჩება თავისი საქმის ერთგული და აქტიურად განაგრძობს საქმიანობას. მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ივეტას გაწეული შრომისთვის და წარმატებები ვუსურვო მომდევნო წლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები