22 მარტი, 2023

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, თბილისის მერია მუშაობს აპლიკაციაზე - „ფიქს თბილისი“, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე განათავსებენ.

„ფიქს თბილისი“ - ეს არის სპეციალური აპლიკაცია, რაზეც წვდომა ექნება ყველა მოქალაქეს. იგი იქნება მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება ისე, რომ მოქალაქეს არ მოუწიოს ცხელ ხაზზე დარეკვა, ინფორმაცია იყოს უფრო სრულყოფილი და მუნიციპალიტეტმა შეძლოს პრობლემის მარტივად იდენტიფიცირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აპლიკაცია თავდაპირველად გააერთიანებს საგზაო ინფრასტრუქტურის, ხე-მცენარეების, გარე განათებისა და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანებების შესახებ ინფორმაციას.

„საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა აღნიშნული აპლიკაციის ამუშავება, რადგან ქალაქში ხშირად ზიანდება ინფრასტრუქტურა. ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა მასზე ოპერატიული რეაგირება. ამის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა ეს აპლიკაცია და თქვენთან, მოქალაქეებთან ერთად გვეზრუნა თითოეული პრობლემის მოგვარებაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიყოთ ოპერატიული და ამასთან, იმ საკითხების ნუსხა გავზარდოთ, რომლის დაფიქსირებას მოქალაქე ამ აპლიკაციის საშუალებით შეძლებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აპლიკაცია პირველი მაისიდან ამოქმედდება, სადაც მოქალაქეები განახლებულ ინფორმაციას მიიღებენ, თუ რა ეტაპზეა მათ მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება.

„მოქალაქე შეძლებს დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიაწეროს მისამართი. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს, რომლის მხრიდანაც დაიწყება განცხადებაზე რეაგირება, ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი მოქალაქე, ამავე აპლიკაციის საშუალებით, მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა მის მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აპლიკაციის გამოყენების პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მომდევნო თვეში გააცნობს.

„აპრილში წარვადგენთ ამ აპლიკაციას ფართო საზოგადოების წინაშე, სადაც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას მისი გამოყენების შესახებ და გაჩვენებთ ვიზუალურად. დღეს, მოქალაქეები როდესაც კონკრეტულ დაზიანებებს ნახულობენ, რეკავენ ცხელ ხაზზე, უღებენ ფოტოს, დედაქალაქის მერიას ნიშნავენ სოციალურ ქსელში, პირადად მეც მიგზავნიან მსგავს ინფორმაციას. შესაბამისად, გვინდა ეს მიდგომები გავამარტივოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზეც ისაუბრა, რომელიც ძალაში პირველი აპრილიდან შევა. პირველი აპრილიდანვე ამოქმედდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვებგვერდი, სადაც ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა იქნება შესაძლებელი.

„20 მარტს დასრულდა A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა. პირველი აპრილიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პირებისთვის ნებართვების უვადოდ, საკუთრებაში გადაცემას. პირველი აპრილიდან ამოქმედდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვერსია, რომელიც ბაზარზე ელექტრონულად მოემსახურება ტაქსის ნებართვების ბრუნვას, როგორც გაყიდვას, ისე იჯარით გაცემას. იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, ვისზეც პირველ აპრილს გაიცემა A კატეგორიის უვადო ნებართვები, გასცდა 35 000-ს. ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდეა განსაზღვრული. ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელია, შესაძლებლობა ექნება, ნებართვა გაააქტიუროს და ის კონკრეტულ ავტომობილს მიაბას. თუ ნებართვის შენახვას გადაწყვეტს და მას არ გამოიყენებს, მაშინ ერთი წლის შემდეგ, საურავი დაეკისრება - დღეში სამი ლარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, A კატეგორიის ტაქსების მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა შეეძლებათ.

„პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსისთვის დაშვებული იქნება საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა. ეს ნიშნავს იმას, რომ მგზავრის აყვანისთვის ან ჩამოსმისთვის და არა მოძრაობისთვის, არ დაჯარიმდებიან“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

მისი თქმით, საბაგირო ერთ გზას ოთხ წუთში დაფარავს და საათში, დაახლოებით, 1 100 მგზავრს მოემსახურება.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება 2021 წელს დავიწყეთ. ვფიქრობ, ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება ჩვენი ქალაქისთვის, როდესაც აღნიშნული პროექტი დასრულდება. რაც შეეხება მთაწმინდის ფერდს, მიმდინარეობს ახალი სადგურის მშენებლობის სამუშაოები. გარკვეული სირთულეები იყო აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით - ტერიტორიიდან მოგვიწია რამდენიმე ოჯახის გასახლება იმისთვის, რომ სამუშაოები უსაფრთხოდ განხორციელებულიყო და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, არანაირი საფრთხე არ ყოფილიყო. მთაწმინდის პარკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით ჩამოსვლა და პირიქით, შესაძლებელი იქნება ოთხი წუთის განმავლობაში. საბაგირო ერთი საათის განმავლობაში, დაახლოებით, 1 100 მგზავრს მოემსახურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები 2023 წლის ბოლოს დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალურ სვეტზე ელექტროსისტემა და განათების მოწყობილობები განახლდა.

თბილისის მერის განცხადებით, სამუშაოები ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად ჩატარდა, რაც დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.

„გარკვეული პრობლემები იყო, არ მუშაობდა განათებები, რომლებიც დამონტაჟებული იყო. რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა სანათები და ელექტროგაყვანილობა. სამუშაოები ჩატარდა ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად, რაც დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით. 48 მეტრი სიმაღლის მემორიალური სვეტი, რომელზეც საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა სახელები და გვარებია ამოტვიფრული, 2010 წელს აიგო. მას შემდეგ, პერიოდულად გარკვეული სამუშაოები ტარდებოდა, თუმცა ასეთი მასშტაბური სამუშაოები არ ჩატარებულა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი, ნანა მჭედლიძე წარუდგინა, რომელიც N9 საბავშვო ბაღის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორია.

„ტრადიციულად გაგაცნობთ ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ გამორჩეულ თანამშრომელს, ნანა მჭედლიძეს, რომელიც ამჟამად, N9 საბავშვო ბაღის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორია. ის უკვე 59 წელია აქტიურადაა ჩართული თაობების აღზრდა-განათლების საქმეში და ოთხი მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორია. მინდა, მადლობა გადავუხადო ნანა მჭედლიძეს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებები ვუსურვო მომდევნო წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ ბევრ და სასიკეთო საქმეს გააკეთებს ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები