22 თებერვალი, 2023

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მისი თქმით, რიგით მეოთხე პროექტი - ვარკეთილის მე-3 მასივის მე-4 კვარტალში განხორციელდება. აღნიშნულ კორპუსში 36 ოჯახი ცხოვრობს და მათ უახლოეს მომავალში სრულიად ახალი, მოწესრიგებული ბინები ჩაბარდება.

„ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის მესამე მასივში კიდევ ერთი, რიგით მეოთხე პროექტი განხორციელდება. დაგეგმილია მე-4 კვარტლის მე-6 კორპუსში 4-სართულიანი ავარიული სახლის დემონტაჟი და მის ადგილას 10-სართულიანი შენობა-ნაგებობა აშენდება. 36 ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. მათთან შეთანხმების შემდეგ კი სრულიად ახალი კორპუსი აშენდება. აღნიშნულ მისამართზე უკვე მიმდინარეობს კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ტენდერს და მასში ყველა დაინტერესებულ კომპანიას შეეძლება, მონაწილეობა მიიღოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამავე პროგრამის ფარგლებში, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს პირველი საპილოტე პროექტი, რომელიც ვარკეთილის მე-3 მასივის მე-7 კვარტალში ხორციელდება.

„რაც შეეხება ვარკეთილის მე-3 მასივის, მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსს, მოსახლეობასთან შეთანხმებით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოხდა კორპუსის დემონტაჟი და აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი, თანამედროვე შენობა-ნაგებობა. 36 ოჯახი მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისინი ახალ და მოწესრიგებულ ფართებში დაბრუნდებიან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიულ სახლებს, კახა კალაძის თქმით, მათზე აღნიშნული წესი არ მოქმედებს, თუმცა, უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს გეგმას, თუ როგორი წესით უნდა მოხდეს მსგავს ზონებში ავარიული შენობების მოწესრიგება-რეაბილიტაცია.

„ზოგადად, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაც ანალოგიური პრობლემა გაწუხებთ, მძიმედ ავარიულ შენობებში ცხოვრობთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას. ასევე, გვაქვს მსგავსი პრობლემა ისტორიულ უბნებში, სადაც შენობები ავარიულია. დავალება მიცემული გვაქვს და უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ გეგმას, თუ როგორ ვხედავთ ისტორიულ ზონებში შენობა-ნაგებობების მოწესრიგება-რეაბილიტაციას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქალაქის მასშტაბით დაწყებული 12 პრობლემური საგზაო კვანძის მოწესრიგების სამუშაოებზე ისაუბრა. კერძოდ, აღინიშნა, რომ ამ კვანძებს შორის ერთ-ერთ მონაკვეთზე - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, გადაადგილების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სამუშაოები ღამის საათებში იწარმოებს.

„დაწყებული გვაქვს 12 პრობლემური საგზაო კვანძის მოწესრიგება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ და ვთქვით, თუ როგორ ვფიქრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, რათა ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და კომფორტულობა კიდევ უფრო გავზარდოთ. ქალაქში გვაქვს კონკრეტული ადგილები, სადაც გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს. არსებობს შესაბამისი სივრცეები, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება და ამ მიმართულებით, სამუშაოები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი საგზაო მონაკვეთია ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებული გზაჯვარედინი. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოძრაობა დღის საათებში ნაკლებად შევზღუდოთ, აღნიშნული კვანძის მოსაწესრიგებლად საჭირო სამუშაოები, განსაკუთრებით, ღამის საათებში ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ პრობლემურ 12 კვანძზე სამუშაოები ერთდროულად ვერ იწარმოებს, რადგან მოძრაობის შეზღუდვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევს.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული სამუშაოები მაქსიმალურად სწრაფად დავასრულოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის სხდომაზე ყურადღება საცობებზე და გადაადგილების შეზღუდვაზეც გამახვილდა. კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული საცობების შესახებ ინფორმაციის მიღებას მოქალაქეები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეძლებენ.

მისივე თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის თბილისის მერია 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებს.

„ქალაქში ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ქუჩებზე გვაქვს საცობები და მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა იწვევს მას. ჩვენ ყოველწუთიერად, მთელი ქალაქის მასშტაბით ვაკვირდებით მოძრაობას, ავტომობილების გადაადგილებას. ასევე, სამწუხაროდ, გვაქვს ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც შეფერხებებს იწვევს, რომელსაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. რამდენიმე დღის წინ პეკინის გამზირზე იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ძალიან დიდი პრობლემა გამოიწვია. მძღოლებს და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია მოძრაობის შეფერხებისა და საცობის მიზეზზე. ამისთვის კარგი იქნება საზოგადოებას ვაცნობოთ, თუ რა ხდება ქალაქში, სადაა გადაადგილების პრობლემა, საგზაო შემთხვევა. ამიტომ, „ფეისბუქში“, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე, ყოველდღიურად განთავსდება ინფორმაცია, რათა საზოგადოებამ იცოდეს, სად არის ავტოშეჯახება, რომელიც საცობს და მოძრაობის შეფერხებას იწვევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ, შესაძლოა შეიქმნას შესაბამისი აპლიკაცია, რომელიც საცობების შესახებ ინფორმაციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონის გარშემო, საბურთალოს რაიონის გამგეობამ რეკრეაციული სივრცის მოწესრიგება დაიწყო.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობი გარემო შეიქმნება.

„როგორც იცით, თბილისის მერიის ჩართულობითა და ფეხბურთის ფედერაციის მონაწილეობით, დიდ დიღომში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ეს არის სპორტული სკოლა. ამავდროულად, ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, სტადიონის გარშემო სივრცის კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა სარბენი და საფეხმავლო ბილიკები, დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება საპარკო სკამები, ლედ განათება და სარწყავი სისტემა. ამავე ტერიტორიაზე შენდება მულტიფუნქციური ცენტრიც. მთლიანობაში, სივრცე ჯანსაღი ცხოვრებს წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც დედაქალაქის მერმა ისაუბრა, ქვემო ფონიჭალაში წყალარინების ქსელის რეაბილიტაციაა. მისი თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, წყალარინების ქსელის არარსებობით გამოწვეული პრობლემები კრწანისის რაიონში მცხოვრებ 200-მდე ოჯახს მოუგვარდება.

„ქვემო ფონიჭალაში წელს დავიწყეთ ძალიან მსხვილი პროექტის განხორციელება, რომელშიც ჩართულია კრწანისის რაიონის გამგეობა. ეს არის წყალარინების ქსელის სრული რეაბილიტაცია-განახლება. სარეაბილიტაციო სამუშაოები აფხაზეთის ქუჩიდან დაიწყო და ქსელი მოწესრიგდება რამდენიმე ქუჩაზე - ცოტნე დადიანის მეორე და მესამე შესახვევი, გურამ პატარაიას ქუჩა, ბაგრატის ქუჩა, სოხუმის ქუჩა, ჯემალ რაფავას ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა ჩიხებით, გულბანის ქუჩა (ავტობანიდან სოხუმის ქუჩის კუთხემდე), აფხაზეთის ქუჩის პირველი და მეორე ჩიხი. 200-მდე ოჯახს მოუგვარდა პრობლემები, რაც მათ წყალარინების ქსელის არარსებობის გამო აქვთ. დაახლოებით, ოთხი კმ-ის სიგრძის ქსელი მოეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვემო ფონიჭალაში წყალარინების ქსელის რეაბილიტაციისთვის კრწანისის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 მლნ 400 ათასი ლარი დაიხარჯება, თუმცა, პროექტის სწრაფად დასრულებისთვის, თანხას დამატებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიც გამოყოფს.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისში არ დარჩება არც ერთი რაიონი, უბანი და ქუჩა, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაო არ განხორციელდება.

საუბრის დასასრულს, კახა კალაძემ საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი - ეთერ გოგიტაშვილი გააცნო, რომელიც საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომელია.

„მინდა, გაგაცნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი გამორჩეული თანამშრომელი, ეთერ გოგიტაშვილი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ემსახურება. იგი გახლავთ ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი საცდელი საკოლექციო ნაკვეთის კურატორი, მებაღეობისა და ლანდშაფტის დიზაინის განყოფილების მკვლევარი. ქალბატონი ეთერი არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორია. მან ბოტანიკურ ბაღში მებაღედ მუშაობა 1960 წელს დაიწყო. წლების განმავლობაში, დაუღალავი შრომის შედეგად, მის მიერ გამოყვანილია ქრიზანთემის არაერთი უნიკალური ჯიში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ეთერ გოგიტაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

მსგავსი სიახლეები