8 თებერვალი, 2023

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

კახა კალაძის განცხადებით, კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა. აღნიშნული პროექტი ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.

„საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადმოსცა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკების მოწყობას. უკვე მომზადებულია თანამედროვე, მაღალი სტანდარტების პროექტი, რომელიც თბილისის ურბანული ტყის განვითარების გეგმის ნაწილია. პროექტი ითვალისწინებს მარკირებული და სპეციალური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის ახალი შესაძლებლობების გაჩენას. ველობილიკი მოეწყობა საერთაშორისო სამთო ველოფედერაციის დოკუმენტის მიხედვით, ხოლო საფეხმავლო ბილიკი - ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად“, - განაცხადა მერმა და საზოგადოებას შესაბამისი ვიზუალური მასალა წარუდგინა.

მისივე თქმით, უცხოეთში მსგავსი პროექტები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ბილიკების მოწყობის პროცესში მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ბუნებრივი მასალები და მინიმუმამდე დაიყვანება რელიეფისა და გარემოს ცვლილება რკინისა და ბეტონის საფარით.

„ვინაიდან ქვეითები ხშირად სარგებლობენ კუს ტბის სამანქანე გზით, აღნიშნული პროექტი გააუმჯობესებს მათ უსაფრთხოებასაც. ტერიტორიაზე მოვაწყობთ საპიკნიკე ზონებსაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის შესახებ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტი უკვე აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას, ასევე, გადამზადდნენ ცხელი ხაზის ოპერატორები და მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge.

„გასულ კვირას საზოგადოებას წარვუდგინეთ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია ტაქსების ბაზარზე 2018 წლიდან დღემდე გადადგმულ ნაბიჯებზე. რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ცვლილებები ძალიან საინტერესო და სარგებლიანია ამ ბაზრის მონაწილე სუბიექტებისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. ამ სიახლესთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, მუნიციპალიტეტი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას: გადამზადდნენ ცხელი ხაზის ოპერატორები და სრულ მზადყოფნაში არიან, რომ დაეხმარონ და კონსულტაცია გაუწიონ ყველა დაინტერესებულ პირს; შეიქმნა ვიდეოგზამკვლევი და საინფორმაციო ბროშურა; მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია და შესაბამის უწყებებთან თანხმდება. ამის შემდეგ კი დედაქალაქის საკრებულოში დასამტკიცებლად გადაიგზავნება.

ამასთან, კახა კალაძემ მოუწოდა ტაქსის მძღოლებს, ვისაც A კატეგორიის ნებართვა ჯერ არ აუღიათ, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს, რადგან პირველი აპრილს მათთვის უვადო ნებართვები აღარ გაიცემა.

„კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ მას შემდეგ, რაც პირველ აპრილს, კონკრეტულ სუბიექტებს ერთჯერადად გადაეცემა A კატეგორიის ნებართვები, ახალი სისტემის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს ამ კატეგორიის ნებართვებს. ბაზარზე ბრუნვაში დარჩება მხოლოდ ის A კატეგორიის ნებართვები, რომელიც პირველ აპრილს დარიგდება.

მინდა, მოვუწოდო იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა ვერ დაინახავს ამ ადამიანებს და მათთვის პირველ აპრილს არ გასცემს უვადო ნებართვებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ თბილისში A კატეგორიის, ე.წ. თეთრი ტაქსებით მგზავრების აყვანა-ჩამოსმის წესის ცვლილების შესახებაც ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს ცვლილებაზე, რომლის მიხედვით, 1-ლი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ავტობუსის ზოლში გადასვლა და მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება მოძრაობის შეფერხების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ცვლილებაზე საგზაო მოძრაობის წესებში, რომლის მიხედვით A კატეგორიის ტაქსის მძღოლს ავტობუსის ზოლში გადასვლის, იქიდან მგზავრის აყვანისა და ჩამოსმის უფლება მიეცემა. ეს არ ნიშნავს ავტობუსის ზოლში გადაადგილებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მძღოლს ექნება მხოლოდ შესაძლებლობა, მგზავრი ჩამოსვას და აიყვანოს ავტობუსის ზოლში. დღეს რა ვითარება გვაქვს - ტაქსი აჩერებს, არ გადადის ავტობუსის ზოლში და ეს იწვევს გარკვეულ შეფერხებას და დისკომფორტს სხვა ავტომანქანებისთვის. შესაბამისად, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ექნებათ ამის შესაძლებლობა. ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2023 წლის 1-ლი აპრილიდან, თუმცა დამატებით ინფორმაციას კიდევ მოგაწოდებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიახლეა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის წესშიც.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტს შეუძლია ავარიული სახლის ჩანაცვლება განახორციელოს არა იმავე ტერიტორიაზე, რაზეც დგას ავარიული სახლი, არამედ სხვა, მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე.

„ამ დრომდე არსებობდა გარკვეული წესი: ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებთან. თუ მათთან შეთანხმება მოხდებოდა და ყველა ხელს მოაწერდა, მაშინ ისინი დროებით გაგვყავდა ქირით. პარალელურად, იწყებოდა ავარიული კორპუსის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. კორპუსის აშენების შემდეგ, ადგილობრივებს ვაბრუნებთ ახალ, მოწესრიგებულ სახლებში. ჩვენ ამ წესში დამატებითი სიახლე შემოვიტანეთ, რომელიც ასევე ავარიული სახლის ჩანაცვლებას ითვალისწინებს და ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც მუნიციპალიტეტი ავარიული სახლის ჩანაცვლებას ახორციელებს არა იმავე ტერიტორიაზე, რაზეც დგას ავარიული სახლი, არამედ სხვა, მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე. მაგალითად, ავაშენოთ მიწის ნაკვეთზე კორპუსი და შემდგომში შევთავაზოთ მოსახლეობას იქ გადასვლა და მათი სახლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განმარტებით, ახალ კორპუსის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენება არ საჭიროებს მოსახლეობის თანხმობას, თუმცა, იქამდე, ვიდრე აშენებულ კორპუსში მოსახლეობას გადაიყვანენ, აუცილებელია მათი თანხმობა.

„ცარიელ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტი კორპუსს აშენებს მოსახლეობის თანხმობის გარეშე, რადგან ეს არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. როდესაც კორპუსს ავაშენებთ, ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შევთავაზებთ გადასვლას ახალ სივრცეში. ამ მიზნით გავიტანეთ ცვლილებები საკრებულოზე და ჩავწერეთ, რომ ცარიელ მიწის ნაკვეთზე ჩვენ შეგვიძლია ყველას თანხმობის გარეშე, მუნიციპალიტეტის მიწაზე დავიწყოთ კორპუსის მშენებლობა, მაგრამ იმისთვის, რომ შემდგომში, მოსახლეობა ავარიული კორპუსიდან ახალაშენებულ კორპუსში გადავიყვანოთ, ცხადია, მათი სრული თანხმობა გვჭირდება და თანხმობის გარეშე ვერანაირ გაცვლას ვერ გავაკეთებთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი არ იქნება თანახმა, ამ ბინებს სხვა ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებს შევთავაზებთ. ამ ცვლილების მიზანია, რომ ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას რაც შეიძლება მალე გადავცეთ კუთვნილი საცხოვრებელი ფართები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მუნიციპალიტეტი ხალხის ნების გარეშე ჩაანაცვლებს მათ კუთვნილ ფართებს.

„ბოლო დღეებში არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი ადამიანები, ასევე პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ამ ცვლილებების მიზანია, ხალხის ნების გარეშე ჩავანაცვლოთ მათი კუთვნილი ფართები. როგორ შეიძლება ამის დაშვება ან როგორ წარმოგიდგენიათ მოსახლე მისი თანხმობის გარეშე, კუთვნილი ფართიდან გამოვიყვანოთ დაძალებით და ალტერნატიული ფართი შევთავაზოთ?! ცხადია, ეს არის არასწორი ინფორმაცია, სიცრუე. ეს ცვლილება საჭიროა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი პროექტები და არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ავარიული სახლების დემონტაჟზე და ახლის აშენებაზე. გვაქვს მუნიციპალური მიწები და რატომ არ შეგვიძლია, იქ ავაშენოთ ახალი საცხოვრებელი ფართები და შევთავაზოთ ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს?!“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში“ მარტიდან დამატებით 300 ბავშვს და მოზარდს ჩართავს.

მისი თქმით, საჭირო სეანსები, ჯამში, 1850 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება.

„პროგრამის მოსარგებლეთა ზრდის პარალელურად, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების რიცხვიც გაიზარდა და დღეისათვის პროგრამას ცხრა დაწესებულება ემსახურება. მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს, რომ გვერდში დაუდგეს ამ ოჯახებს, ამ პატარებს, მოზარდებს და პროგრამა შეუფერხებლად განხორციელდეს. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ინდივიდუალური გეგმის მიხედვით განსაზღვრული, მინიმუმ, ერთსაათიანი თერაპიული სეანსები. ამ მიზნით ერთი ბენეფიციარისთვის წელიწადში 4 800 ლარია გათვალისწინებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ხაზის გაუსვა 2015 წელს დაწყებული პროგრამის ბიუჯეტის, სერვისის მიმწოდებელთა და ბენეფიციართა ზრდის დინამიკას და განაცხადა, რომ პროგრამის შეუფერხებლად განსახორციელებლად თბილისის მერია ძალისხმევას არ დაიშურებს.

„აღსანიშნავია, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ დაწყებისას, 2015 წლის ივლისში, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იყო. დღეისათვის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ბიუჯეტი 7 383 000 ლარს შეადგენს“, - განცხადა კახა კალაძემ.

როგორც მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა, თბილისის მერიის მიერ დაარსებული კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისი“ პირველი ეტაპისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.

კახა კალაძის თქმით, განაცხადების წარდგენა შესაძლებელია სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, დიზაინი და რეწვა. განაცხადების წარდგენის ვადა კი განსაზღვრულია 27 თებერვლის ჩათვლით.

„რაც შეეხება მედია არტის მიმართულებას, აქ განაცხადების მიღება ოდნავ შეცვლილი მოთხოვნებით, მოგვიანებით იგეგმება, რის შესახებაც აუცილებლად გაცნობებთ. დამატებითი ინფორმაციის მიღებას და განაცხადების ატვირთვას მსურველები შეძლებენ კონკურსის ვებგვერდზე www.culture.tbilisi.gov.ge. აღსანიშნავია, რომ 3 წლის განმავლობაში, რაც კონკურსი არსებობს, შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სფეროში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, მთავრობის სხდომის შემდეგ კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და მონაწილეობის მსურველებს.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი გამორჩეული თანამშრომელი წარუდგინა.

„გაგაცნობთ ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ გამორჩეულ თანამშრომელს - მანანა ბიგვავას, თბილისის მერიის მუნიციპალური თავშესაფრის სოციალურ მუშაკს.

ქალბატონი მანანა ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში 36 წელია მუშაობს. 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც თბილისში მიუსაფარ პირთა პირველი მუნიციპალური კაპიტალური თავშესაფარი შევიდა ექსპლუატაციაში, ემსახურება მუნიციპალიტეტს.

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს, მანანა ბიგვავა, კოლეგებთან ერთად, დაუღალავად, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში ემსახურებოდა ბენეფიციარებს და აქტიურად მონაწილეობდა თავშესაფარში პანდემიური ვითარების მართვის პროცესში. ის არის გამოცდილი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი და კომპეტენტური თანამშრომელი. მინდა, მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის. ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ მუნიციპალიტეტი დგას ასეთ გამორჩეულ, შრომისმოყვარე თანამშრომლებზე, რომლებიც მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა თბილისი გავხადოთ კიდევ უფრო უკეთესი, გვერდით დავუდგეთ ადამიანებს და განვახორციელოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები