14 დეკემბერი, 2022

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს, ორბელიანის მოედანზე გაიხსნება.

მისი თქმით, ორბელიანის მოედანზე 13 იანვრის ჩათვლით, საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები, სხვადასხვა აქტივობა და მუსიკალური საღამოები გაიმართება.

„წლის მთავარი დღესასწაული გვიახლოვდება. 23 დეკემბერს, ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება და მინდა, ყველა მოგიწვიოთ. ორბელიანის მოედანი, 9 აპრილის ბაღი და ათონელის ქუჩა მოირთვება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციითა და ინსტალაციებით. 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, „საახალწლო სოფელში“ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები, სხვადასხვა აქტივობა, საღამოობით კი, მუსიკალური საღამოები ჩატარდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, საახალწლო გალაკონცერტი ევროპის მოედანზე, 31 დეკემბერს გაიმართება.

„31 დეკემბერს გელოდებით ევროპის მოედანზე, გალაკონცერტზე. ერთად შევხვდეთ 2023 წელს, ბედნიერი და უკეთესი მომავლის მოლოდინით. ყველაზე მთავარი მაინც ჩვენი განწყობა და სურვილებია, რადგან სასწაული სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ყველამ ერთად ვინატროთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, კეთილდღეობა ყველა ოჯახში, ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა, განათლებული და წარმატებული მომავალი თაობა, ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ერთად აღვნიშნოთ საახალწლო დღეები ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე მელიქიშვილის გამზირზე სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედებაზეც ისაუბრა, სადაც 29 მარშრუტზე, მგზავრებს 128 ავტობუსი და მიკროავტობუსი ემსახურება.

მისი თქმით, აღნიშნული დერეფნის ამოქმედება მნიშვნელოვანია ამ კვანძზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფად და შეუფერხებლად გადასაადგილებლად.

„რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პირველ რიგში, საზოგადოებას ამ ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს მინდა მადლობა გადავუხადო. ისინი ამ ხნის განმავლობაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რთულ პირობებში ცხოვრობდნენ, მაგრამ მსგავსი პროექტების განხორციელებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ტრანსპორტისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზოლები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კომფორტული და ხელმისაწვდომი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს არსებული კონკრეტული პრობლემური კვანძების მოკლე დროში მოწესრიგება დაავალა.

„ყოველთვის ვამბობთ, რომ ამ მიმართულებით გვაქვს გამოწვევები, მაგრამ ჩვენი ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი იყოს. ვიცით, რა არის გასაკეთებელი და ვდგამთ ნაბიჯებს თანმიმდევრულად. აქვე, მინდა დავავალო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელებს, რომ პრობლემური კვანძები, რაც შეიძლება სწრაფად მოვაწესრიგოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კერძო ავტომობილების ზრდასთან დაკავშირებით, სტატისტიკური მონაცემები წარადგინა.

„2017 წელს ქვეყანაში ავტომობილების მფლობელთა რიცხვი შეადგენდა, დაახლოებით, 31%-ს, დღეს კი ეს ციფრი 48%-ს აღწევს. საშუალო წლიური ზრდა გვაქვს, დაახლოებით, 9%. ეს ნიშნავს, რომ ხუთ-შვიდ წელიწადში, მივაღწევთ ავტომობილის ფლობის საშუალო ევროპულ მაჩვენებელს - 70%-ს, თუმცა, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, კვირაში ხუთი ან მეტი დღით, ავტომობილს გამოიყენებს მოსახლეობის 8%, მაშინ, როდესაც საქართველოში აღნიშნული მონაცემი 92%-ს უტოლდება. თბილისში, 2012 წელს, სამუშაო დღეებში 250 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, 2017 წელს კი, 380 000 ავტომობილი მოძრაობდა იგივე დღეებში. ვაწარმოებთ სტატისტიკას და ბოლო დღეების განმავლობაში, პიკის საათებში 600 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს მეტად კომფორტული და სწრაფი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, გადაადგილება შეუძლებელი გახდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, აღინიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოების ფარგლებში, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა ახალი საპარკო ინვენტარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე განათებას და დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დაასრულა პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია. სკვერის ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, განადგურებული იყო და მძიმე მდგომარეობა გვქონდა. სამუშაოების ფარგლებში, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა ახალი საპარკო ინვენტარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე განათებას და დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. თარგებში ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. აღნიშნული სივრცე ყველანაირად კეთილმოწყობილია. დარჩენილია დასუფთავებისა და მორეცხვის სამუშაოები, რომელიც მომდევნო ორ დღეში დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, 16-18 დეკემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი აერთიანებს ასოციაციის მიერ დაფუძნებულ წიგნის საახალწლო ფესტივალს და 2021 წელს, იუნესკო-ს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსებულ საბავშვო წიგნის ფესტივალს.

„ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება წიგნები და საინტერესო ღონისძიებები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე, უფროსებისთვის. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც ფესტივალის სტუმრებს ფასდაკლებებს შესთავაზებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ხელმისაწვდომობას. ასე რომ, 16 დეკემბრიდან გელით თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში ვაკანტური იყო, გიორგი კობიაშვილი წარადგინა.

მისი თქმით, გიორგი კობიაშვილი პროფესიით პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მაგისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.

„როგორც იცით, ვაკანტური იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი უწყება, რომლის მართვაზეც არის დამოკიდებული ჩვენი მიუსაფარი ცხოველების ბედი. ბევრი სასიკეთო ცვლილებაა დაგეგმილი ამ მიმართულებით, მთელი საკანონმდებლო ცვლილებები. დედაქალაქის მერია მზადაა, გამოყოს თანხები და განახორციელოს სხვადასხვა პროექტი იმისთვის, რომ ეს მიმართულება მოწესრიგდეს. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ გიორგი კობიაშვილს, რომელსაც უყვარს ცხოველები და წლებია, დაინტერესებულია პრობლემების გადაჭრით. გიორგი კობიაშვილი პროფესიით პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მაგისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. იგი 2016-2018 წლებში მუშაობდა სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ვეტერინარიის დეპარტამენტში, ხოლო 2018-2022 წლებში იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი და საკმაოდ კარგი გამოცდილება გააჩნია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ცხოველთა მონიტორინგის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა.

„დარწმუნებული ვარ, იმ გამოწვევების დაძლევას, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ერთიანი ძალებით შევძლებთ. მთელი რიგი საკანონმდებლო პაკეტია მომზადებული, რომ ცვლილებები განხორციელდეს. ყველა დაინტერესებულ პირს, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მოქალაქე, ექნება შესაძლებლობა, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესში ჩაერთოს. ჩვენ გვაქვს ამის მზაობა. გიორგი კობიაშვილს კი მინდა წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

და ბოლოს, დედაქალაქის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი თანამშრომელი, ვაჟა შვილდაძე წარუდგინა, რომელიც თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში მუშაობს.

„ტრადიციულად, თბილისის მერიის კიდევ ერთ დამსახურებულ თანამშრომელს, ვაჟა შვილდაძეს გაგაცნობთ, რომელიც მუნიციპალური ინსპექციის არქივარიუსია, საარქივო მასალას აღრიცხავს, ახარისხებს და დადგენილი წესით ინახავს. იგი აღნიშნულ პოზიციას 2005 წლიდან იკავებს, მანამდე კი მერიის ადმინისტრაციულ ინსპექციაში განყოფილების უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. თბილისის მერიაში მისი სამუშაო სტაჟი 30 წელზე მეტს ითვლის. მუდამ ზრუნავს, რომ ინსპექციის არქივი, რომელიც 100 ათასამდე დოკუმენტს ინახავს, იყოს მოწესრიგებული და სამუშაო პროცესში იოლად ხელმისაწვდომი. ეს ადამიანი თანამშრომლებისთვის კეთილსინდისიერებასთან, შრომისმოყვარეობასთან და კეთილშობილებასთან ასოცირდება. მინდა, ბატონ ვაჟას მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის და მომდევნო წლებში, წარმატებები ვუსურვო იმ პოზიციაზე, სადაც დღეს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები