29 ნოემბერი, 2022

სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია

დედაქალაქის მერიამ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა იყოს მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა. აღნიშნული გეგმა მოიცავს შემდეგს: სატრანსპორტო ქსელის განახლება და სინქრონიზაცია, ავტობუსების ჩანაცვლება და რაოდენობის ზრდა, ავტობუსის ზოლის მოწყობა, რაც ნიშნავს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული, სწრაფი და ხელმისაწვდომი, მიკროავტობუსების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება და მათი სრული განახლება, მეტროში 12 შემადგენლობის დამატება, ტაქსების რეფორმა, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა, ასევე, ნაკადების მართვის „ჭკვიანი სისტემის“ დანერგვა.

2022 წლიდან ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული ქსელი. ამ ქსელზე დღესაც მიმდინარეობს დაკვირვება, რა გამოწვევებია, სად არის საჭიროება, დაემატოს ავტობუსი ან მიკროავტობუსი. სრულად ჩანაცვლდა ავტობუსები და მათი რაოდენობა 655-დან 860 ერთეულამდე გაიზარდა. ყველას გვახსოვს, თუ როგორი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურებოდა მოსახლეობას. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ყვითელი ავტობუსები იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ყოველგვარი რესურსი ჰქონდა ამოწურული. ძირგავარდნილი, ძირგამომპალი ავტობუსები ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას. არავითარი კონდიცირება ან გათბობა. ეს იყო სერიოზული გამოწვევა. შემთხვევითი არ არის ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა ძალიან დაბალი იყო. ამას აქვს თავისი მიზეზი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოუწესრიგებელი იყო.

ქალაქის მასშტაბით დაიხაზა ავტობუსის 47-კილომეტრიანი განცალკევებული ზოლი. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ამ მიმართულებით კიდევ ვმუშაობთ, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა გადაადგილება შეძლოს ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

სრულად განახლდა მიკროავტობუსების პარკი და დღეს ქალაქს გამართული, მოწესრიგებული, ევროპული ტიპის 1000 მიკროავტობუსი ემსახურება. მათი რაოდენობა შემცირდა, თუმცა, გაიზარდა ავტობუსების რაოდენობა.

მეტროს დაემატა 32, ხოლო კაპიტალურად შეკეთდა 79 ერთეული ვაგონი. მეტროს ჰქონდა ვაგონები, რომელთა შეკეთება და რეაბილიტაცია შესაძლებელი იყო და რა თქმა უნდა, ეს პროექტი განხორციელდა.

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ეტაპობრივად განხორციელდა ტაქსების რეფორმა, ხოლო 2019 წლიდან ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ჯერ არ არის დანერგილი, მაგრამ ეტაპობრივად მივყვებით ქუჩების, რაიონების მიხედვით. ბევრი ქუჩაა ცენტრალურ უბნებში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა, სახლში დაბრუნების შემდეგ, საკუთარი ავტომანქანა საკუთარ საცხოვრებელთან გააჩეროს. შესაბამისად, ამ პროგრამის დანერგვა გაგრძელდება.
„ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვის მიზნით, გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება, რის შედეგადაც, აღნიშნული სისტემის სრული იმპლემენტაცია 2026 წლამდე მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანი და საკმაოდ ძვირადღირებული მიმართულებაა, მაგრამ ქალაქში ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
შედეგად, დასახლებულ უბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფარვის არეალი 78%-დან 87%-მდე, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობა 60%-ით, ჯამში, 84 060 ადგილამდე გაიზარდა. რაც შეეხება მოცდის დროს, ავტობუსების შემთხვევაში ის 28 წუთიდან 18 წუთამდე შემცირდა, ხოლო მეტროში 4-დან 2,5 წუთამდე. გარდა ამისა, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხუთჯერ ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოყოფს. გახსოვთ ალბათ, რა მძიმე მდგომარეობა იყო გამონაბოლქვის თვალსაზრისით.

დღეს არსებული გამოწვევებია: 13 პრობლემური კვანძი - ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაადგილების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას ქმნის. ეს იწვევს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობის ზრდას. ისინი შესაბამის ბრუნებს ვერ ასრულებენ. ტრანსპორტი საცობში არ უნდა იდგეს. ამისთვის საჭიროა ამ 13 პრობლემური კვანძის მოწესრიგება და ავტობუსის ზოლების მოწყობის გაგრძელება; ავტობუსების მოცდის დროის კიდევ უფრო შემცირება 18-დან 8 წუთამდე - საშუალოდ მოცდის დრო 18 წუთია, თუმცა, არსებობს უბნები, სადაც ადამიანებს ლოდინი ნახევარი საათი ან 40 წუთი უწევთ; ასევე, გამოწვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით 30%-ით ნაკლებ დროში გადაადგილების შესაძლებლობის შექმნა. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ახალი ავტობუსების დამატება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდა წლიურად საშუალოდ 10%-ით - ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს და რაც შეიძლება ნაკლებმა გამოიყენოს კერძო ავტომობილი, განსაკუთრებით, სამუშაო დღეებში; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანი ტევადობის გაზრდა, რაც შესაძლებელი იქნება ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსების დამატებით; გამოწვევაა მეტროსადგურების განახლება, რასაც, ასევე, უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ.

არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას: 13 პრობლემური კვანძის მოწესრიგება, რითაც შეიკვრება 10 სატრანზიტო დერეფანი; დამატებით, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა და შემოყვანა; დამატებით, 40 ახალი ვაგონი მეტროსთვის; მეტროსადგურების რეაბილიტაცია; სატრანსპორტო ნაკადების მართვის „ჭკვიანი სისტემის“ დანერგვა და ტაქსების რეფორმის III ეტაპი.

თბილისში 10 სატრანზიტო დერეფანი მოეწყობა, რის შედეგადაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო სწრაფად და შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას.
სატრანზიტო დერეფნებია: I დერეფანი (პოლიტკოვსკაიას ქ.-გაბრიელ სალოსის გამზ.); II დერეფანი (უნივერსიტეტის ქ.-მოსკოვის გამზ.); III დერეფანი (თამარაშვილის ქ.-მოსკოვის გამზ.); IV დერეფანი (ჭავჭავაძის გამზ. - ხიზანიშვილის ქ.); V დერეფანი (ვაჟა-ფშაველას გამზ. -გაბრიელ სალოსის გამზ.); VI დერეფანი (უნივერსიტეტის ქ. - კუპრაძის ქ.); VII დერეფანი (ხიზანიშვილის ქ. - კუპრაძის ქ.); VIII დერეფანი (თავდადებულის ქ. - სადგურის მოედ.); IX დერეფანი (თავდადებულის ქ. - უნივერსიტეტის ქ.); X დერეფანი (ხიზანიშვილის ქ. - უნივერსიტეტის ქ.) დასრულდება 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა.

2023 წელს შევისყიდით 18-მეტრიან 200 ერთეულ ავტობუსს, 2023-2024 წლებში კი პროცესი დასრულდება. ეს დამატებით გაზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობას. უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მეტროპოლიტენის განახლება. ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ძალოვანი კაბელები შეიცვალა, გამაგრილებელი სისტემები განახლდა. ამასთანავე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვთანამშრომლობთ და გაგრძელდება მეტროსადგურების რეაბილიტაცია. 2023 წლიდან დაიწყება ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა, საცობების აღმოჩენა რეალურ დროში ინციდენტებზე, სწრაფი რეაგირება საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სპეციალური ტრანსპორტის პრიორიტეტულობა. შედეგად, მეტად მოწესრიგებულ და აჩქარებული მოძრაობას, ასევე, შემცირებულ საცობებს მივიღებთ.

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე, A კატეგორიის ტაქსის ნებართვა გახდება ფასიანი ქაღალდი. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ. ტაქსის ნებართვის წლიური მოსაკრებელი დარჩება უცვლელი. ტაქსის ნებართვების ბაზრის მომსახურება განხორციელდება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. ნებართვით სარგებლობა შესაძლებელი იქნება, როგორც ტაქსის მომსახურებით, ისე იჯარის, გირავნობისა და რეალიზაციის ფორმით გადაცემით.

2017 წელთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობა 110%-ით გაიზრდება და დამატებით, დაახლოებით, 110 000 ადგილს მივიღებთ. ქუჩების გამტარუნარიანობა 70%-ით გაიზრდება. ქუჩების გამტარუნარიანობა ყველასთვისაა, ამის საუკეთესო მაგალითია ჭავჭავაძის გამზირი. ეს მიდგომა გაგრძელდება სხვა ქუჩებთან და გამზირებთან მიმართებითაც. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდა წლიურად 10% იქნება და ქალაქში 30%-ით ნაკლებ დროში გადაადგილების შესაძლებლობა მოგვეცემა. გადაადგილება პრობლემას აღარ უნდა წარმოადგენდეს.

 აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საცობების განტვირთვის გეგმასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების პროცესში ჩართული გვყავს მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ქვეყანაში გამოცდილი სპეციალისტები. არ იფიქროთ, ეს ჩემი, ირაკლი ხმალაძის ან ვინმე ჩვენი თანამშრომლის დაწერილი პროექტებია. ამაში ჩართული არიან მსოფლიოს უძლიერესი კომპანიების წარმომადგენლები, გამოცდილი ქართველი სპეციალისტები. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. ყველა ევროპულ, განვითარებულ დიდ ქალაქსა და დედაქალაქში 10-15 წლის წინ იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს თბილისშია. იქ განხორციელებული პროექტებით პრობლემები მოგვარდა. შესაბამისად, ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ. გვინდა, მათი გამოცდილება გავიზიაროთ და ჩვენ ქალაქს მოვარგოთ.

მსგავსი სიახლეები