16 ნოემბერი, 2022

ტოლერანტობის დღე

მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ყველას, ვისთვისაც რელიგიური, ეთნიკური, კულტურული მრავალფეროვნება წარმოადგენს იმ მთავარ ღირებულებას, რაც აძლიერებს ჩვენ ქვეყანას. მე არ შევუდგები ისტორიულ ექსკურსს, ისედაც ყველასთვის ცნობილია და მსოფლიო დონეზეც აღიარებული, თუ რატომ მიიჩნევა თბილისი ერთ-ერთ ყველაზე ტოლერანტულ ქალაქად. დღეს, ამ მოცემულობაში, მე როგორც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირი, ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და შევინარჩუნოთ ის დიდი მონაპოვარი, რაც მემკვიდრეობის სახით, ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ასევე, ვიზრუნოთ, რათა შევქმნათ სრულიად თანასწორი გარემო ნებისმიერ უბანში, დასახლებასა და რაიონში ინფრასტრუქტურული განვითარების, სერვისების ხელმისაწვდომობის, სპორტული თუ კულტურული ცხოვრების დანერგვის თვალსაზრისით.


განსაკუთრებით, ხაზი მინდა გავუსვა იმ კულტურული და ისტორიული არეალების მოვლა-პატრონობის მნიშვნელობას, სადაც იკითხება ჩვენი ქალაქის დიდი ტრადიციები, სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფებთან თანაცხოვრების ისტორიები, მაგრამ ამ ქალაქის ყველაზე მთავარ სიმდიდრეს, რასაკვირველია, წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ისინი ქმნიან თბილისის რეალობას, მის სახეს. მიხარია, რომ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებას ატარებენ სხვადასხვა რელიგიის და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ თბილისის, როგორც მრავალეთნიკური ქალაქის განვითარებაში. მინდა ვისურვო, რომ თბილისელობა და ტოლერანტობა მუდამ იყოს სინონიმი და ჩვენი თბილისური ცხოვრების თანმდევი.