16 ნოემბერი, 2022

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საქართველოში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ევროკომისრისგან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მკაფიო გზავნილები მოისმინა, რაც ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის დანახვას ნიშნავს.

„ვიდრე დედაქალაქის საკითხებზე გადავალთ, მინდა, გამოვეხმაურო ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისს ვიზიტს საქართველოში. ევროკომისრისგან მოვისმინეთ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მკაფიო გზავნილები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პროგრესისა და წინგადადგმული ნაბიჯების დანახვა და აღიარება, რასაც საქართველომ ევროპულ გზაზე მიაღწია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე, აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. მთავრობა და ყველა შტო მზადაა, რომ აღნიშნული გეგმა შესრულდეს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღიარება იმის, რომ პოზიტიურია ძვრები სასამართლო რეფორმის მიმართულებით; სწორი ნაბიჯებია გადადგმული ეკონომიკური კუთხით და რომ კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო მოწინავე ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის. იცის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, რაც გვაძლევს ეკონომიკურ განვითარებას. ასევე, მოსახლეობამ იცის, რომ ამ რთულ გზაზე რამდენად ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი და მიღწევაა. კარგად იცის იმ გულისტკივილის ფასიც, როდესაც სრულიად უსამართლოდ უთხრეს უარი კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, ოლივერ ვარჰეის პოზიტიური გზავნილები არის დასტური იმისა, რომ საქართველო ევროინტეგრაციისკენ მიმავალ სწორ გზაზე დგას.

„ამდენად, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის პოზიტიური გზავნილები და სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობისთვის გამოხატული მზაობა არის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენ ვართ სწორ გზაზე და ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. რაც შეეხება ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ პირველ პრიორიტეტს - დეპოლარიზაციას, აქაც გვაქვს სრული მზაობა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, თუმცა, ეს ცალმხრივი ვერ იქნება და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო რადიკალურ ოპოზიციას, დაასრულოს პოლარიზაციის გაღრმავება და ევროკომისიის გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა მიიღოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაზეც ისაუბრა, რომელიც თბილისის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. დოკუმენტში ფინანსთა სამინისტროსგან, ცენტრალური ხელისუფლებისგან მისაღები დამატებითი ტრანსფერი ასახული არ არის.

„ბიუჯეტის პირველადი ვერსია მოიცავს მხოლოდ მუნიციპალიტეტისთვის აუცილებელ მიმდინარე ხარჯებს და გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მასში არ არის ასახული პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს 2023 წელს, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონსა და უბანში. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, გვაქვს შესაძლებლობა, აქტიურად ვიმუშაოთ ფინანსთა სამინისტროსთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, დამატებითი დაფინანსების მიღების მიზნით, რათა შევძლოთ იმ პროექტების განხორციელება, რომელიც დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დაზუსტდება კონკრეტული ოდენობა, თუ რა თანხით დაეხმარება ცენტრალური ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტს, საბოლოო პროექტი საკრებულოს წარედგინება, ხოლო იმ პროექტების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელებასაც მუნიციპალიტეტი 2023 წელს გეგმავს, მერია თბილისის მოსახლეობას დეტალურად გააცნობს.

გარდა ამისა, კახა კალაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 169-ით მეტი ბრუნი განახორციელა.

დედაქალაქის მერმა თბილისში არსებული პრობლემური სატრანსპორტო კვანძების სრულად მოწესრიგება ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძესა და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს დაავალა.

„რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს შუქნიშნების მოწესრიგება, ე.წ. კალიბრაცია, რომ ავტომობილების ნაკადების გატარება ყველა მიმართულებით, დროულად მოხდეს. მსგავსი პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვანი კომპონენტია ტრანსპორტი. ჩვენი პრიორიტეტია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კომფორტული და ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ახლახან გახსნილ ქეთევან დედოფლის გამზირზე ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი, სადაც 11 მარშრუტზე მოძრავ ტრანსპორტს დღის განმავლობაში, 30 000 მგზავრი გადაჰყავს. 11 ნოემბერს, თბილისში მოძრავმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, ჯამში, ვერ განახორციელა დაგეგმილი 1 477 ბრუნი. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რადგან დაგვიანების გამო, გაჩერებებზე თავს იყრის გაცილებით მეტი ადამიანი. მას შემდეგ, რაც ქეთევან დედოფლის გამზირი გაიხსნა, გუშინდელი მონაცემით, ჩავარდნილი ბრუნების რაოდენობა 1 477-დან ჩამოვიდა 1 308-ზე, ანუ 169-ით მეტი ბრუნი განხორციელდა. აქვე მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, ეს კონკრეტული პრობლემური კვანძები, რომელიც განსაზღვრული გვაქვს, რაც შეიძლება სწრაფად მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ყველა პროექტი ხორციელდება ისე, რომ ათეულ წლებს გაუძლოს და სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე შეუძლებელია.

„ბევრ კრიტიკას ვისმენთ ამ დაგვიანებებზე. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ვართ სატრანსპორტო რეფორმის გარდამავალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. ყველაფერს ვახორციელებთ თანმიმდევრულად, ეტაპობრივად. 2017 წლიდან განვაახლეთ ავტოპარკი, მიკროავტობუსები, ვაწესრიგებთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, შევქმენით ზოლები. აღნიშნული სამუშაოების პროცესში, რა თქმა უნდა, არსებობს დისკომფორტი, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია. სამუშაოებს ვატარებთ და ჩავატარებთ ისე, რომ განხორციელებულმა პროექტებმა ათეულ წლებს გაუძლოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“, ე.წ. ტურნიკეტებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს.

მისი თქმით, მეტროსადგურის შესასვლელთან დღეს წარმოქმნილი პრობლემის მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურაა.

„დღეს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა ე.წ. ტურნიკეტებთან დაკავშირებით - ვერ ატარებდა მგზავრების შესაბამის რაოდენობას, რამაც გამოიწვია მეტროს გარეთ მოქალაქეების თავმოყრა. მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, პრობლემას წარმოადგენს მოძველებული ინფრასტრუქტურა, თუმცა, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. როგორც იცით, დაწყებული გვაქვს პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტს. მოკლევადიანის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ტურნიკეტების რაოდენობა გაიზრდება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩავიდეს მეტროში. მეორე, გრძელვადიანი პროექტი გულისხმობს „ახმეტელის თეატრის“ მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის გაკეთებას, რომელსაც „აზიის განვითარების ბანკთან“ ერთად ვახორციელებთ და საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით ინფორმაციას, რა ეტაპზე ვართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება ასევე ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამებზეც გამახვილდა. კერძოდ, აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია ცხრა მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს, რომლის წლიური ბიუჯეტი 50 690 900 ლარია.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროგრამების საშუალებით, უამრავ ადამიანს აქვს ხელშეწყობა და თანადგომა, როგორც მერიის შესაბამისი სამსახურების, ასევე რაიონული გამგეობების მხრიდან.

„დედაქალაქის მერია ძალიან ბევრ პროგრამას ახორციელებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. უამრავ ოჯახს და ადამიანს ვეხმარებით და აქვთ ხელშეწყობა, როგორც მერიის შესაბამისი სამსახურების, ასევე, გამგეობების მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ იცოდეთ - ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის გექნებათ, როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური მიმართულებით“, - აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია ჯანდაცვის პროგრამების შესახებ, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს:

სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წელს დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც ყოველწლიურად, ერთ მოქალაქეზე 500 ლარის ღირებულების არამატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. პროგრამის ბიუჯეტი 10 000 000 ლარია. დღეისთვის, პროგრამით 20 583–მა პენსიონერმა ისარგებლა. დაფინანსებულია 47 501 შემთხვევა;

მიმდინარე წელს, „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით“ განსაზღვრულ მომსახურებას დაემატა მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება და დღეისთვის, მერია 113 მოქალაქეს აფინანსებს. ერთი პაციენტისთვის წელიწადში 25 000 ლარია გათვალისწინებული, პროგრამის წლიური ბიუჯეტი კი 1 796 500 ლარს შეადგენს;

3„ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, 45 მოქალაქეს დაუფინანსდა ძვლის ტვინის გადანერგვა და მასთან დაკავშირებული კვლევები, ხოლო ხუთ მოქალაქეს ღვიძლის გადანერგვა. ძვლის ტვინის გადანერგვას მერია 10 000–დან 235 000 ლარამდე თანხით აფინანსებს, ხოლო ღვიძლის გადანერგვას 70 000 ლარით. პროგრამის ბიუჯეტია 8 000 000 ლარი;

„დაავადებათა სკრინინგის პროგრამის“ ფარგლებში, მერიამ 117 024 შემთხვევა დააფინანსა, მათ შორის, 101 865 შემთხვევას თბილისის მერიის ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი მოემსახურა. დედაქალაქის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, კიბოს პრევენციის მიზნით, ჩაიტარონ სკრინინგი, რადგან დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა სიცოცხლის გახანგრძლივებისა და სრულად განკურნების საწინდარია. პროგრამის ბიუჯეტი 2 000 000 ლარს შეადგენს;

„ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით“, ძვირადღირებულ პრეპარატებს 259 მოქალაქე იღებს. მედიკამენტები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის 100%–ით, ხოლო სხვა შემთხვევაში, 80%–ით ფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი 6 540 000 ლარს შეადგენს;

დღეისთვის, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით, 1 550 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ მერიის პროგრამაში თავდაპირველად 325 ბავშვი და სერვისის განმახორციელებელი ორი დაწესებულება ჩაერთო. წლიდან წლამდე, ექვსჯერ გაზრდილი ბიუჯეტისა და მიმწოდებელი დაწესებულებების რაოდენობის მატების პარალელურად, პროგრამაში ჩართულ პირთა რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა. პროგრამის ბიუჯეტია 6 968 400 ლარი;

„ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, 459–მა ბავშვმა და ზრდასრულმა ისარგებლა. პროგრამის ბიუჯეტი 800 000 ლარს შეადგენს;

თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ინფექციის მართვას ახორციელებს, მათ შორისაა, წითელა, წითურა, ყბაყურა, ტუბერკულოზი. ცენტრმა ამ მიმართულებით, 10 თვეში 77 888 კვლევა ჩაატარა. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 586 000 ლარს;

თბილისის მერიისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეთა სამედიცინო საჭიროებებზე ზრუნვა და შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, წლის დასაწყისიდან 12 571 შემთხვევა დაფინანსდა. თბილისის მერია მოქალაქეთა მოთხოვნებს ოპერაციების, კვლევებისა და მედიკამენტების შესახებ, საქართველოსა და საზღვარგარეთ სრულად ან ნაწილობრივ აფინანსებს. უპირატესობა ენიჭებათ პრიორიტეტულ ჯგუფებს. ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო დაწესებულებებში 12 431, ხოლო საზღვარგარეთ – 140 შემთხვევა დაფინანსდა. პროგრამის ბიუჯეტია 14 000 000 ლარი.

საუბრის დასასრულს, თბილისის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი, ზაურ შენგელია წარუდგინა, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 2003 წლიდან მუშაობს.

„ტრადიციულად, მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი თანამშრომელი უნდა წარმოგიდგინოთ - ზაურ შენგელია, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამსახურის რისკების მართვის მენეჯერია. იგი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 2003 წლიდან მუშაობს. მისი ამჟამინდელი საქმიანობა მთლიანად უკავშირდება მუნიციპალური ავტობუსების უსაფრთხო მოძრაობის სქემისა და სისტემის შემუშავებას, ასევე, უზრუნველყოფს მოძრაობის უსაფრთხოებას. ზაურ შენგელია აქტიურადაა ჩართული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობაში, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მართვის სისტემის გაუმჯობესების დანერგვას უზრუნველყოფს. მას 2019 წელს, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა. მინდა, მადლობა გადავუხადო ზაურ შენგელიას და სამომავლოდ წარმატებები ვუსურვო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები