2 ნოემბერი, 2022

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

დედაქალაქის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსის შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) სესხს აღარ აიღებს და ეს საბიუჯეტო სახსრებით მოხდება. ჩვენ უკვე ოფიციალურად მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს, მოვითხოვეთ ამ სასესხო ხელშეკრულებიდან ავტობუსებისა და ავტობაზის მშენებლობის კომპონენტების ამოღება და პროექტის განხორციელება საბიუჯეტო დაფინანსებით. აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები, განსაკუთრებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია და უახლოეს პერიოდში დაიწყება შესყიდვის პროცედურები, რაც ითვალისწინებს 2023-2024 წლებში, თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას და ამ ავტობუსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. მიმდინარეობს შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტის მონტაჟი, ასევე, ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა შპს „მამისონი“. სამუშაოები, დაახლოებით, 210 დღეში უნდა დასრულებულიყო. ძალიან კარგად მესმის ყველაფერი, მაგალითად ის, რომ მოგვიწია ბაქნის მთლიანი ცვლილება, რაც პროექტში არ იყო გათვალისწინებული, ავარიულობიდან გამომდინარე ჩატარდა ეს სამუშაოები, თუმცა, რეაბილიტაციის დასრულების ასეთი დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობენ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს. ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ავარიული შენობების ჩანაცვლებისთვის საპილოტე პროექტის განხორციელება დავიწყეთ. აღნიშნული კორპუსი მდებარეობს ვარკეთილის მესამე მასივში, საიდანაც გაყვანილია 36 ოჯახი. მათ საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე ახორციელებს სადემონტაჟო სამუშაოებს, რაც წლის ბოლომდე დასრულდება. მომავალ წელს კი დაიწყება ახალი კორპუსის მშენებლობა, რომლის პროექტიც მზადაა. გაცემულია სამშენებლო ნებართვა. მოსახლეობას კუთვნილი ბინები გარემონტებული ჩაბარდება. ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობს 20-ზე მეტი პროექტი, რომლებიც სხვადასხვა საპროცესო ეტაპზეა. ვიმედოვნებთ, ავარიული კორპუსების ჩანაცვლება მომდევნო წლიდან უფრო აქტიურად განხორციელდება.

ვგეგმავთ აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს მთლიან გამზირზე საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას. მათ შორის, პირველ ეტაპზე, შეიცვლება ყველა ტიპის მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელი. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, დამონტაჟდება ნარჩენების მიწისქვეშა ურნები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდება განათების ბოძები, მოწესრიგდება ტროტუარები და მოეწყობა საავტობუსო ზოლები. მინდა, კომპანიებს მივმართო, მიიღეთ მონაწილეობა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის გამოცხადებულ ბაზრის კვლევაში.

გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის მე-12, მე-13, მე-13ა კორპუსებთან ავტოფარეხების ნაცვლად, კიდევ ერთი სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, საქანელები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ავტოფარეხები ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ეს არის უსახური ნაგებობები, ისინი ეზოების დიდ ნაწილს იკავებენ, ზოგს მოსახლეობა არც იყენებს. 2017 წლიდან დავიწყეთ ავტოფარეხების რეკრეაციული სივრცეებით ჩანაცვლების პროექტი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დედაქალაქის მცხოვრებლებს აქტიურობისკენ - მოგვმართონ და ავტოფარეხების ნაცვლად, სხვადასხვა ტიპის სივრცეს მოვაწყობთ.

მუნიციპალიტეტში გვაქვს საკადრო ცვლილებები. მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან ნაროუშვილს თბილისის მუნიციპალიტეტში მრავალწლიანი მუშაობისთვის. ლევან ნაროუშვილი ბოლოს ხელმძღვანელობდა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს. მან მიიღო გადაწყვეტილება კერძო სექტორში გადასვლასთან დაკავშირებით. მინდა, მადლობა ვუთხრა ლევანს იმ შრომისთვის, რომელიც წლების განმავლობაში, გასწია ჩვენი ქალაქისთვის და წარმატებები ვუსურვო მას შემდგომ საქმიანობაში. აღნიშნულ პოსტზე ლევან ნაროუშვილს გიორგი აბუთიძე შეცვლის. მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად, საკრებულოს მომდევნო დღეებში გადაეგზავნება.

ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი გამორჩეული თანამშრომელი უნდა გაგაცნოთ - თამარ ჩარკვიანი, რომელიც ეროვნული სკრინინგ ცენტრის რადიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელია. ქალბატონი თამარი ეროვნულ სკრინინგ ცენტრში მუშაობს მისი გახსნის დღიდან. ის უშუალო მონაწილეა წლების განმავლობაში ეროვნულ სკრინინგ ცენტრში მიმდინარე ყველა იმ მნიშვნელოვანი ცვლილების, რაც უკავშირდება ძუძუს კიბოს სკრინინგის განვითარებას, სამედიცინო პერსონალის პროფესიულ გადამზადებას, ტექნიკური ხარისხის უზრუნველყოფას, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ ხარისხიანი, სანდო და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება მიიღონ. მინდა ამისთვის ქალბატონ თამარს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

მსგავსი სიახლეები