14 სექტემბერი, 2022

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ მოქალაქეებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილებას ითვალისწინებს, გუშინ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დამატებით, 27 ოჯახს გადაეცა.

„ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება შევძელით. დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილება გრძელდება. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა მხოლოდ 27 ოჯახით არ შემოიფარგლება. 3 100 ოჯახია დაზარალებული და დღეის მდგომარეობით, 1 800-მდე ფართია გაცემული. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახს გვერდით დავუდგებით. ამ დროისთვის, 600 განაცხადია შემოსული კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულების მხრიდან და ეს 600 განაცხადიც დამუშავების პროცესშია. კიდევ ერთხელ მინდა, 27 ოჯახს მივულოცო. მეც მათთან ერთად მიხარია, რომ ამ პრობლემის მოგვარება შევძელით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერია პროგრამის - „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს. პროგრამა საპილოტეა და პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე, ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში განხორციელდება.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არამხოლოდ ახალგაზრდების, არამედ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, პროგრამა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, ითვალისწინებს, რომ თბილისში რეგისტრირებულ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ინფრასტრუქტურა - საცურაო აუზები და ფიტნეს ზონები უფასოდ გამოიყენონ. პროგრამა, პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე, საპილოტე რეჟიმში განხორციელდება ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში - ნაძალადევის კომპლექსურ სპორტულ ცენტრში და გლდანის სპორტულ კომპლექსში, ხოლო შემდგომ, ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა მუნიციპალური სპორტული ობიექტი და აგრეთვე კერძო ობიექტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რეგისტრაცია 19 სექტემბერს დაიწყება, სერვისით სარგებლობა კი 3 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.

„რეგისტრაცია დაიწყება 19 სექტემბრიდან, პროგრამის განმახორციელებელ ორ სპორტულ ობიექტზე, ხოლო სერვისით სარგებლობა დარეგისტრირებულ მოქალაქეებს უკვე შეეძლებათ 3 ოქტომბრიდან. პროგრამის ფარგლებში, მომსახურების მიღება შესაძლებელია 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში. პროგრამა საპილოტეა. დავაკვირდებით და თუ საჭირო იქნება, ცვლილებებსაც შევიტანთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებაც ისაუბრა.

„ძალიან საინტერესოა მონაცემებია, 2017 წლამდე რა ხდებოდა დედაქალაქში ჰაერის სისუფთავის თვალსაზრისით და რა ვითარება გვაქვს დღეს. განსხვავებული შედეგები გვაქვს, რაც მისასალმებელია, მაგრამ მხოლოდ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. უნდა გავაგრძელოთ პროექტების განხორციელება, ხელი შევუწყოთ ახალი პარკების მშენებლობას, სკვერების განახლებას იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იცხოვრონ სუფთა გარემოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროცესს, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებამ. მეამაყება, რომ დედაქალაქს ჰყავს ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი. მხედველობაში მაქვს მიკროავტობუსები და ავტობუსები. მეტროს განახლების პროცესი მიმდინარეობს და აქაც გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა რეკრეაციული სივრცეების მოწყობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, ლიბანის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.

„სამუშაოები, დაახლოებით, 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. მთლიანად განახლდა მწვანე სივრცეები, მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები. დაირგო ხე-მცენარეები, თავისი სარწყავი სისტემით. დამონტაჟდა განათების ქსელი, ბავშვებისთვის ატრაქციონები და მოეწყო დასასვენებელი სივრცეები. შაბათს, 17 სექტემბერს, 20:00 საათზე, აღნიშნულ სივრცეს კონცერტით გავხსნით. ვისაც სურვილი გაქვთ, მობრძანდით და ისიამოვნეთ. რაც შეეხება სარაჯიშვილის სკვერსა და აღნიშნულ გამზირზე არსებულ შუა ზოლს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლოს დასრულდება, დედაქალაქს კი, კიდევ ერთი ლამაზი რეკრეაციული სივრცე შეემატება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ ტერიტორიაზე გზის მოწყობა დღის ბოლომდე დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.

მისი თქმით, გასულ წელს, ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელებული საპრევენციო სამუშაოების შემდეგ, გადაადგილება აღნიშნულ გზაზე უსაფრთხო გახდა.

„მაჭავარიანის ქუჩაზე გუშინ ღამით დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზის დაგება, მოასფალტება. ეს არის ბოლო ფენა და დღის ბოლოსთვის სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება. ახლაც მიმდინარეობს მოასფალტება. გასულ წელს, მოგეხსენებათ, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, არაერთი საპრევენციო სამუშაო განხორციელდა. ფერდის გამაგრება ე.წ. ანკერების საშუალებით მოხდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდა. პირველ ეტაპზე, ქვედა ფენებში მოვაქციეთ იქ არსებული გზა და დღეს უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ბოლო ფენებში ხდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია.

„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეზღუდულია. გზის ნახევარი დროებით დაკეტილია და ნახევარ გზაზე შესაძლებელია გადაადგილება, თუმცა, დღის ბოლოს სამუშაოები მთლიანად დასრულდება და გადაადგილებას უპრობლემოდ შეძლებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სხდომის დასასრულს, კახა კალაძემ საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი - გიგა სოფრომაძე წარუდგინა, რომელიც შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორი და მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანია.

„ჩვენი მუნიციპალიტეტის მართლაც გამორჩეული თანამშრომელი უნდა გაგაცნოთ - გიგა სოფრომაძე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მთელ ძალისხმევას მთლიანად ახმარს შშმ პირთა პრობლემების გადაჭრას. ის 2016 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობს და არის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორი, პარალელურად კი, მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი. იგი მონაწილეობს მერიის საქალაქო სამსახურების, გამგეობებისა და სხვა მუნიციპალურ სტრუქტურებში შშმ პირებისთვის პროგრამების შედგენა-განხორციელებაში. საბჭოს ფარგლებში, გიგა სოფრომაძე უზრუნველყოფს შშმ პირთა ჯგუფების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რადგან მიაჩნია, რომ ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი. მინდა, მას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. ასევე, წარმატებები ვუსურვო მომდევნო წლების განმავლობაში იმ პროექტების განხორციელებაში, რაც დაგეგმილი გვაქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები