8 სექტემბერი, 2022

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის ტენდერი დასრულდა.

კორპუსის დემონტაჟი კი, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.

„პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა. მასში მონაწილეობდა ორი პრეტენდენტი და ვაჭრობის შედეგად ფასმა დაიკლო 260 ათასი ლარით. ვაჭრობაში მინიმალური ფასი დააფიქსირა - შპს „ბი ქეი ქონსთრაქშენმა“ და ის არის გამარჯვებული. გამოცხადებული ფასი იყო - 6,480,330.00 ლარი. შემოთავაზებული ფასია - 6,199,330.00 ლარი. სამგორის რაიონში მდებარე მეოთხე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობა იქნება პროგრამის პირველი მონაწილე, რომლის დემონტაჟი დაიწყება მიმდინარე წლის ოქტომბერში. სამშენებლო სამუშაოები მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, უნდა დაკმაყოფილდეს 36 ოჯახი, რომელიც მუნიციპალიტეტს უკვე გაყვანილი ჰყავს ქირით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნული საპილოტე პროგრამით დამატებით 12 ავარიული კორპუსის პროექტს ამუშავებს.

„ამ საპილოტე პროექტის პარალელურად, მერია ამუშავებს დამატებით 12 ავარიული კორპუსის პროექტს. გამგეობები მოლაპარაკებებს აწარმოებენ კიდევ ათეულობით კორპუსის მოსახლეობასთან. მინდა მოსახლეობას თხოვნით მივმართო - თქვენი მხარდაჭერა, ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელებაში. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივების მხრიდან უფრო მეტი ფართის მოთხოვნა ხდება, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ, ერთი ერთში მოგცეთ ის ფართი, რასაც ფლობთ და ერთ სანტიმეტრს არ დაკარგავთ. რაც მთავარია, სრულიად ახალ, გარემონტებულ ბინებში შეხვალთ.

ასევე, ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ მთლიანი სამშენებლო ღირებულებიდან ნამატი ფართებით გასტუმრებული იქნება 5 407 987 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ასანაზღაურებელია 791 343 ლარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისის მერიამ მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო სტრატეგია შეიმუშავა.

მისი თქმით, სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით მუნიციპალიტეტს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების შედეგად, დედაქალაქის ნაგავსაყრელ პოლიგონზე ნარჩენების დახარისხების (სორტირების) ხაზი და გაზშემკრები სისტემა მოეწყობა.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რა ვითარება გვაქვს ნაგავსაყრელზე და ამ პროექტების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გაწერილია გრაფიკი, თუ რომელი პროექტი რა ეტაპზე უნდა განხორციელდეს. კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ამ მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ არ გვქონდა გამოცდილება, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ასეთი პროექტები და მათი ექსპერტების დახმარებით ხდება ამ დოკუმენტზე მუშაობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება გაზშემკრების სისტემის მოწყობას, კახა კალაძის თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან დახარისხებული ნარჩენების დამუშავების შედეგად ელექტროენერგიის გამომუშავება მოხდება.

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ამ მასალის ამოღებით, როგორც ბიოგაზის, ასევე დახარისხებული ნარჩენების სახით, რაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე გროვდება, შესაძლებელია ეკონომიკური და ეკოლოგიური სარგებლის მიღება. ყველა განვითარებულ ქალაქში ნაგავსაყრელზე განთავსებულია სხვადასხვა ტიპის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა. ეს შეიძლება იყოს მიღებული გაზით გამომუშავებული ელექტროენერგია. ჩვენ ამ პროექტებს ეტაპობრივად განვახორციელებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისტემა გზებზე უსაფრთხოების გაზრდის, საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით იქნება მნიშვნელოვანი.

„თბილისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით, იწყებს ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას, რაც დედაქალაქის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს. სისტემა მოიცავს მონაცემთა პლატფორმას, საგზაო სენსორებსა და ნაკადების მართვის ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს თბილისში რეალურ დროში ვმართოთ საგზაო მოძრაობა და პარკირება. ის ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საგანგებო სიტუაციების ეკიპაჟების გადაადგილებას. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა დაგვეხმარება გზებზე უსაფრთხოების გაზრდაში, საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკებისა და საავტობუსო დერეფნების მოწყობის გზით.

„პროექტის ფარგლებში მოხდება, როგორც თანამედროვე აღჭურვილობის, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა და დანერგვა. პროექტის ჯამური ღირებულება 47 მლნ. ევროს შეადგენს და ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში, საერთაშორისო კონსულტანტის და დარგის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზეც ისაუბრა, რომელიც ივერთუბნის დასახლებაში განხორციელდა. კერძოდ, წყალარინების მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა.

„პროექტის ფარგლებში, ივერთუბნის დასახლებაში თანამედროვე ტიპის ტუმბოები და დიდი მოცულობის - 500 კვ.მეტრიანი საავარიო რეზერვუარი მოეწყო. სატუმბ სადგურზე დაცულია ყველა სახის ჰიგიენური ნორმები. პარალელურად, წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყო ხუდადოვის, შერვაშიძის და ხერხეულიძეების ქუჩებზე, ასევე, შერვაშიძის III, IV და VI შესახვევებში. ამჟამად, ქსელის მოწყობა მიმდინარეობს შერვაშიძის I შესახვევში, ხოლო მოსახლეობის დაერთების სამუშაოები ხერხეულიძის ქუჩასა და შერვაშიძის I შესახვევში ხორციელდება.

ამ დროისთვის, უკვე დაერთებულია 50 ოჯახი, ხოლო დანარჩენ ქუჩებზე ცენტრალური ქსელის მოწყობის და დაერთების სამუშაოები გრძელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ივერთუბნის დასახლებაში, წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 105 111 ლარით დაფინანსდა.

დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძე დედაქალაქის მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებსაც შეეხო და წარადგინა კანდიდატები, რომლებიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებენ.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაუხადო ლევან ჯღარკავას, რომელიც წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციას თბილისის მთავრობაში და მისი ხელმძღვანელობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. ლევანი იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, შემდეგ გადაინაცვლა მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე და ბოლოს იკავებდა „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის თანამდებობას. ლევანი არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს საჯარო მოხელე, რომელიც პროფესიონალურად, კეთილსინდისიერად ემსახურება ქვეყანას და საკუთარ საქმეს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას უკვე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

რაც შეეხება „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის პოზიციას, გიორგი პაპავას კანდიდატურას წარვადგენთ, რომელიც დღემდე შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. გიორგი არის პროფესიით იურისტი, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქვს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში წამყვან პოზიციებზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება. 2017 წლიდან არის თბილისის მთავრობის წევრი და კეთილსინდისიერად ემსახურება დედაქალაქს. ის არის საქმის პროფესიონალი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ქეთევან შუბითიძის კანდიდატურა. მისივე განმარტებით, შუბითიძეს საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების სპეციალობით, 2011 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში შესყიდვების მიმართულებით და გააჩნია საკმაოდ კარგი გამოცდილება.

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას კი, ლაშა მაჭავარიანი დაიკავებს, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

„ლაშას განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და უცხოეთში ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის მსოფლიო ბანკში, ასევე სახელმწიფო უწყებებში წამყვან პოზიციებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციას, მასზე თბილისის მერმა გიორგი მარგებაძის კანდიდატურა წარადგინა. მისი თქმით, მარგებაძე დღემდე სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობს და კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სააგენტოს გამართული მუშაობა მუნიციპალიტეტისთვის, თითოეული თბილისელისთვის.

„მას განათლება მიღებული აქვს ინფორმატიკის სისტემების მიმართულებით, ასევე, არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების მაგისტრი. წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, აქვს საკმაოდ მდიდარი სამუშაო გამოცდილება. წარდგენილ კანდიდატებს ახალ პოზიციებზე წარმატებებს ვუსურვებ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ტრადიციულად, სხდომის დასასრულს კახა კალაძემ კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომლის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ალექსანდრე თევდორაშვილმა თბილისის საპროექტო ინსტიტუტში მუშაობა 1972 წელს დაიწყო. ამჟამად კი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის საარქივო დოკუმენტაციის საკითხებში კონსულტანტია.

„დღეს, მინდა, საზოგადოებას გავაცნო ალექსანდრე თევდორაშვილი, რომელიც არის კონსულტანტი თბილისის არქიტექტურის სამსახურის საარქივო დოკუმენტაციის საკითხებში. მან თბილისის საპროექტო ინსტიტუტში მუშაობა 1972 წელს დაიწყო და მას შემდეგ არქიტექტურის სფეროში მუშაობის უწყვეტი სტაჟი აქვს. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ბატონი ალექსანდრეს სამსახურებრივი პოზიციები იცვლებოდა, მაგრამ მისი ყველა საქმიანობა ქალაქის ურბანულ განვითარებასთან, დაგეგმარებასთან და არქიტექტურასთან იყო და არის დაკავშირებული. ამჟამად, იგი არის კონსულტანტი თბილისის არქიტექტურის სამსახურის საარქივო დოკუმენტაციის საკითხებში. მის მოვალეობაში შედის არქიტექტურის სამსახურის არქივში დაცული მასალების მოწესრიგება და დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდება, რასაც წარმატებით, კვალიფიციურად ართმევს თავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი თითოეული კეთილსინდისიერი თანამშრომლის შრომაზე დგას.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, უამრავი პრობლემა, მაგრამ ყველა ვართ შემართებით და გვაქვს მზაობა, რომ დავუპირისპირდეთ ამ პრობლემებს, დავუპირისპირდეთ კონკრეტული საქმეებით, პროექტებით, გადასადგმელი ნაბიჯებით, რათა ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე არის დღეს, ვიდრე იყო გუშინ და გუშინწინ. ამის ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა გაგვაჩნია.

ჩვენ მზად ვართ, გემსახუროთ, ვემსახუროთ ამ ქალაქს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავალამაზოთ, კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ, მეტი ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ, გამართული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც შეიძლება მეტი სკვერი და რეკრეაციული სივრცე თუ სპორტული მოედანი გავაკეთოთ, რათა მეტი ხვიჩა კვარაცხელია, მეტი წარმატებული ადამიანი გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები