1 სექტემბერი, 2022

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი დამატებით 30 ელექტროდამტენს თბილისში დაამონტაჟებს, ხოლო 20-ს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით.

„კერძო სექტორთან ერთად მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დამატებით, 50 ელექტროდამტენის მონტაჟის პროექტი განხორციელდება. აქედან 30 დამტენი დამონტაჟდება დედაქალაქის სხვადასხვა მისამართზე, ხოლო 20 დამტენი მოეწყობა დასავლეთის მიმართულებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე. იცით, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ელექტრომობილებისთვის დამტენების ხელმისაწვდომობა არამხოლოდ ქალაქში, ქალაქგარეთაც, რათა ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, სატენი მოწყობილობით სარგებლობა ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება პირობა, რომ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ორი ელექტროდამტენი სადგური განთავსდეს.

„დასავლეთის მიმართულებით გათვალისწინებულია ორი ელექტროდამტენი სადგურის მოწყობა, სადაც თითოეულზე ორივე მიმართულებით, როგორც თბილისი-ბათუმის, ასევე, ბათუმი-თბილისის, მოეწყობა ათ-ათი სწრაფი დამტენი თავისი საჭირო ინფრასტრუქტურით, კვების ობიექტებით, დასასვენებელი სივრცეებითა და ადგილებით. აღნიშნული პროექტი განხორციელდება დღეიდან, დაახლოებით, 7 თვის განმავლობაში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ახალ საკანონმდებლო ცვლილებაზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელდა და მშენებლობადამთავრებული ობიექტების, გარკვეული პირობებით, ექსპლუატაციაში მიღების წესს ეხება.

„ჩვენი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“. ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი გახდა ექსპლუატაციაში ისეთი შენობა-ნაგებობების მიღება, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით უკვე დასრულებულია და ამავე დროს ნაწარმოებია სანებართვო პირობების დარღვევით, მაგალითად დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრები ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზი და ა.შ.“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აღნიშნული პრობლემის მქონე მოქალაქეებს შესაძლებლობის გამოყენებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მერიაში წარდგენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„კანონის მიხედვით, ასეთი შენობების ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, მერიისათვის განცხადებით მიმართვის ვადად განისაზღვრა 2 წელი. უნდა აღინიშნოს რომ განცხადებების მიღების ვადის ერთი წელი უკვე გავიდა ივლისის ბოლოს, ამ დროისათვის მერიას მომართა 667-მა პირმა და დღეის მდგომარეობით, უკვე 167 ობიექტი იქნა მიღებული ექსპლუატაციაში. მიმდინარეობს რამდენიმე ასეული განცხადების განხილვა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსებში, მოამზადონ შესაბამისი დოკუმენტაცია და მიმართონ მერიას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც კრწანისის რაიონში განხორციელდება. მისი თქმით, კრწანისის ქუჩისა და კრწანისის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

„პირველ რიგში, აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვლება. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა - წყალი ხშირად ითიშება, წყალარინების ქსელი ამორტიზებულია, მოშლილია სანიაღვრე სისტემები. წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელების განახლებას კომპანია GWP განახორციელებს, ხოლო გაზმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციას - „თბილისი ენერჯი“.

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, ასევე, მოეწყობა გარე განათების ქსელი. ქუჩა სრულად ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, -განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაგეგმილი სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან კრწანისისა და გორგასლის ქუჩების კვეთიდან საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლა უფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა), ასევე, გაიცემა ფინანსური წახალისება სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული მაგისტრანტებისთვის (თბილისის მერიის სტიპენდია). გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულაზე. სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში (არაუმეტეს 1 125 ლარი) 50%, 70% ან 100% დაფინანსება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა კიდევ ერთი ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება.

„თბილისის მერია, მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასულ 18-21 წლის მოქალაქეებს, ახალგაზრდული საცხოვრისის მომსახურებას არამატერიალიზებული სახის ვაუჩერით დაუფინანსებს. ვაუჩერის ღირებულება, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, თვეში 500 ლარი იქნება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ახალი პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან თბილისში რეგისტრირებული 18-დან 21 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც სრულწლოვანების ასაკამდე ბოლო ერთი წელი თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარები იყვნენ, 18 წლის შესრულების გამო დატოვეს ის და საცხოვრისს საჭიროებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, „თბილისობა 2022“ 1-2 ოქტომბერს გაიმართება. ტრადიციული დღესასწაული, რომელიც ბოლო წლებში პანდემიის გამო არ ჩატარებულა, წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება.

„წელს, „თბილისობა“ იქნება ბევრად მასშტაბური და დატვირთული უამრავი სადღესასწაულო პროგრამით. ღონისძიებები ტრადიციულად გაიმართება რიყესა და ლეღვთახევში. ასევე, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე. ველოდებით დელეგაციებს თბილისის მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან. ყველა მოუთმენლად ელოდება ამ დღესასწაულს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძე თბილისობის ხარჯებთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკოსების კრიტიკულ შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს აჟიოტაჟი მიზანმიმართულია.

„რაც შეეხება თბილისობის ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს, ეს აჟიოტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან ყოველწლიური თანმდევი პროცესია ყველა ტიპის სადღესასწაულო ღონისძიების, რომელსაც მუნიციპალიტეტი აკეთებს. საზოგადოებამ კარგად იცის მათი ხელწერა. ისინი ყოველდღიურად სიცრუის პროპაგანდით არიან დაკავებული. რასაკვირველია, ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას სჭირდება თანხები და ასევე ყველასთვის გასაგებია, რომ როდესაც საუბარი გვაქვს კონცერტებზე და შემოქმედებით ღონისძიებებზე, მასზე წინასწარ ტენდერის გამოცხადება არის შეუძლებელი. ჩვენი ქალაქი იმსახურებს, ღირსეულად აღნიშნოს თბილისობა და სწორედ ამას ვპირდებით თბილისელებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი - ზურაბ რობაქიძე წარუდგინა, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უკვე 43 წელია მუშაობს.

„ზურაბ რობაქიძე არის თბილისის მეტროს ხაზის მემანქანე. იგი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უკვე 43 წელია მუშაობს. თავდაპირველად, თბილისის მეტროში დასაქმდა ზეინკლად, ხოლო შემდგომ დაიკავა ხაზის მემანქანის პოზიცია და დღემდე აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობს. მიღებული გამოცდილებით და მაღალი კვალიფიკაციის დამსახურებით, ბატონი ზურაბი აქტიურად არის ჩართული მემანქანეების არაერთი თაობის გამოზრდის პროცესში. მას მინიჭებული აქვს მემანქანის მეორე კლასის კვალიფიკაცია და დღესაც დიდი შემართებითა და პასუხისმგებლობით ემსახურება დედაქალაქს. მინდა, მადლობა გადავუხადო მას აღნიშნული საქმიანობისთვის და წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები