2 აგვისტო, 2022

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და გუდაურში ავიაკატასტროფის შედეგად რვა ადამიანის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ დიდ ტრაგედიას, რომელიც გასულ კვირას მოხდა. ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. მუდამ ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე მყოფი გმირი მაშველები, ექიმები, სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ტრაგიკულად დაიღუპნენ სამაშველო ღონისძიების დროს. რა თქმა უნდა, რთულია ამ ტკივილის და დანაკლისის სიტყვებით გადმოცემა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს. ასევე, ავტოკატასტროფაში დაიღუპა ყველასთვის საყვარელი მომღერალი მამუკა ონაშვილი - ჩვენი მეგობარი. ესეც ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებმა გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

თბილისის მერმა დღევანდელ სხდომაზე ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი ავარიული კორპუსი, რომლის ჩანაცვლებაც განხორციელდება, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი საპილოტეა, რომლის ბაზრის კვლევაც უკვე გამოცხადდა.

„სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს ხუთსართულიანი მაღალი კატეგორიის ავარიული შენობა, საიდანაც მოსახლეობა უკვე გაგვყავს და ნაწილი ქირით გაყვანილია. მუნიციპალიტეტი ამ შენობის დემონტაჟს და მის ნაცვლად, ახლის მშენებლობას დაიწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტი შედგენილია, ექსპერტიზა ჩატარებულია და გამოცხადებულია ბაზრის კვლევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე შეხვდა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს და მათ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„აქამდე, მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა. შესაბამისად, საკმაოდ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის და კერძო სექტორის - სამშენებლო კომპანიების თანამშრომლობა იმისთვის, რომ ეს პირველი საპილოტე პროექტი წარმატებით განხორციელდეს. მინდა, სამშენებლო სექტორს აქტიურობისკენ მოვუწოდო. საჭიროება თუ არსებობს, ირაკლი ხმალაძე ისევ მზადაა, სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრები აწარმოოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის სრულყოფილად განხორციელებაში მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა.

„ავარიულ შენობებში მცხოვრები ადამიანების მხრიდან მეტი აქტიურობაა საჭირო. ხშირია შემთხვევა, როცა მათ არასწორი მოთხოვნები აქვთ. ზოგს მეტი ფართის მიღება სურს. ასეთი მიდგომების გამო, პროექტი შემდეგ ეტაპზე ვერ გადადის, თუმცა, მოქალაქეების უმრავლესობა ძალიან მონდომებულია და მათთან კარგად ვთანამშრომლობთ. მუნიციპალიტეტი კიდევ 12 ავარიული შენობის ჩანაცვლების პროექტზე მუშაობს. იმედი მაქვს, აღნიშნული პროექტის ბაზრის კვლევაც წარმატებით დასრულდება და უახლოეს დღეებში სატენდერო პროცედურებიც ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კახა კალაძემ ყურადღება მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების შესახებ გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, დაგეგმილია სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად, რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს.

„თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, დაგეგმილია სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სერვისით სარგებლობის დროს, მოქალაქეებს უწევდათ, რომ ყველა აპლიკაციაში შესვლისას ჰქონოდათ სხვადასხვა ანგარიში, სხვადასხვა პაროლი, რაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენდა. შესაბამისად, ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმით, შესაძლებელია, იყოს ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი. მომხმარებელთა მონაცემების გაერთიანება დაგეგმილია მიმდინარე წლის 15 აგვისტოს. 15 აგვისტოდან მონაცემთა სრულყოფისთვის მოქალაქეებს ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით აღნიშნული რეფორმა არ შეეხება ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ სისტემებს.

„მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ნებისმიერ ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაციისას, სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერის, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით. ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე - 1399, სადაც მაქსიმალურად დაგეხმარებიან და ყველაფერს აგიხსნიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, მცირდება საპარკინგე ადგილები, მათ ადგილზე კი გამწვანებული და სპორტული ზონები განთავსდება.

კახა კალაძის განცხადებით, ცენტრალური პარკის მოსაწყობად დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არცერთ თეთრს არ დახარჯავს და მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ გაიღებს.

„არაერთხელ მისაუბრია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ მასშტაბის რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სამწუხაროდ, არ გვაქვს. არსებული სივრცე იყო კერძო საკუთრება - ტერიტორიას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი. მათ ეს მუნიციპალიტეტს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შედეგად, გადასცეს საჩუქრად და აქ მოეწყობა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ცენტრალური პარკი. მინდა, ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, რომელიც საზოგადოების ნაწილმა ვერ გაიგო, ნაწილმა კიდევ კარგად გაიგო, მაგრამ ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა ამ სივრცის დედაქალაქისთვის გადაცემით, მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი - გამწვანების, მოწესრიგების, რეაბილიტაციის, ყველა ხარჯს ეს ადამიანი იღებს თავის თავზე. მუნიციპალიტეტს არ ექნება დასახარჯი არცერთი თეთრი. პროექტი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაფინანსებით, რისთვისაც მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პროექტში შესულ ცვლილებებს, თბილისის მერის განცხადებით, ტერიტორიაზე 440 ადგილის ნაცვლად, პარკში 245 საპარკინგე ადგილი დარჩება.

„პროექტში შევიდა შემდეგი სახის ცვლილებები: საპარკინგე ადგილის ფართი შემცირდა და მის ადგილზე, 5 937 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დაგეგმილია გამწვანებული სივრცეებისა და ჩოგბურთის მოედნის მოწყობა. პარკში დარჩება 245 საპარკინგე ადგილი, ნაცვლად 440 ადგილისა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანებული სივრცეები და ჩოგბურთის სპორტული მოედანი მოეწყობა. გარდა ამისა, შეიცვალა დეკორატიული ატრაქციები. კერძოდ, ფრანგული ბაღისა და ბოტანიკური ბაღის ადგილზე, რომელთა საერთო ფართობი 28 232 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, გაუქმდება და აღნიშნულ ფართობზე მოეწყობა მხოლოდ გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, დაახლოებით, 13 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა, სადაც სპორტული და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

„მინდა, სასიამოვნო სიახლე მოგაწოდოთ, განსაკუთრებით, დიღმის მასივში მცხოვრებ ადამიანებს: დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, დაახლოებით, 13 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს, სადაც სპორტული და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ეს არის „ავაზას“ სპორტული ცენტრი, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოხდა მესაკუთრესთან - შპს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასთან“ შეთანხმება, რის საფუძველზეც, კომპანიამ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასცა აღნიშნული ნაკვეთი, სადაც განთავსებულია მ. მესხის სახელობის საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ განხორციელებულიყო რაიმე ტიპის სამშენებლო სამუშაოები და ამ სივრცეს სპორტული პროფილი შეენარჩუნებინა.

„ტერიტორია 2007 წელს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, გარკვეული საპრივატიზებო პირობებით, 5 000 ლარად, საკუთრებაში გადაეცა შპს „ველაჯიოს“, მასზე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სპორტული პროფილის ათი წლის განმავლობაში შესრულების პირობით. ათი წელი გავიდა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ სივრცის შენარჩუნება, რათა იქ არ განხორციელებულიყო სხვადასხვა სამშენებლო სამუშაო. შესაბამისად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მოლაპარაკებების შედეგად, მუნიციპალიტეტმა აღნიშნული სივრცე დაიბრუნა. მნიშვნელოვანია მისი განვითარება და იმავე პროფილის შენარჩუნება. წლების განმავლობაში, უამრავი ფეხბურთელი გამოუზრდია „ავაზას“ ცენტრს. ჩვენ გვექნება მოლაპარაკებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან. მზად ვართ, ეს სივრცე გადაეცეს მას, რათა მოეწყოს გამართული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტადიონები. ფედერაციას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ასეთი პროექტების განხორციელების. ერთად განვახორციელეთ ბევრი კარგი პროექტი, მათ შორის, ვარკეთილში, გლდანის მე-5 მიკრორაიონში, ნუცუბიძეზე, ვაკის რაიონში, ასევე, მიმდინარეობს დიდ დიღომში. მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობა დიღმის მასივშიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე, ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაოების მეორე ეტაპზე, მომდევნო დღეების განმავლობაში, გზის გარკვეული მონაკვეთი ჩაიკეტება. აღნიშნულ პერიოდში, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავლაბრის მოედნიდან წურწუმიას ქუჩის გავლით, ზურაბიშვილის ქუჩაზე და თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით ორმხრივად.

„როგორც იცით, ქეთევან დედოფლის გამზირის განახლება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა. პროექტის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები იწყება. კერძოდ, დაგეგმილია საკომუნიკაციო ჭების ნიშნულზე მოყვანა და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ბოლო ფენის დაგება. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ შექმნილი დისკომფორტის გარეშე, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია. ეს კეთდება იმისთვის, რომ ქალაქში გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული გახდეს, ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა - მეტროსადგური, სკვერები და ა.შ. მოწესრიგდეს ისე, როგორც ევროპულ დედაქალაქებშია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი - მადონა დალაქიშვილი წარუდგინა, რომელიც N302 ავტობუსის მძღოლია.

„მინდა, გაგაცნოთ უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი - მადონა დალაქიშვილი, რომელიც N302 ავტობუსის მძღოლია. თუ აღნიშნული მარშრუტით ხშირად გადაადგილდებით, აუცილებლად შეხვდებით მადონა დალაქიშვილს, რომელიც ავტობუსს უკვე ხუთი წელია მართავს. ავტობუსის მართვა დიდი პასუხისმგებლობაა და მადონა დალაქიშვილიც იმ იშვიათ ქალ მძღოლებს განეკუთვნება, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევენ და მზად არიან, საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცონ. მინდა, ამ ქალბატონს მადლობა გადავუხადო საპასუხისმგებლო სამსახურისთვის და მომავალში წარმატებები ვუსურვო. ამჟამად, მადონა დალაქიშვილის ჩათვლით, დედაქალაქში ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 25 ქალია დასაქმებული, რაც მისასალმებელია. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს, ასევე, მათ, ვისაც ამ მიმართულებით განვითარების სურვილი აქვს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები