13 ივნისი, 2022

თბილისის მერმა 13 ივნისის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კახა კალაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ 2015 წლის 13 ივნისს დედაქალაქისთვის უმძიმესი დილა გათენდა.

„13 ივნისის ტრაგედიიდან შვიდი წელი გავიდა. ღამე, რომელიც უმძიმესი იყო ჩვენი ქალაქისთვის და კიდევ უფრო მძიმე იყო დილა, რომელიც გათენდა. ვნახეთ რეალურად, თუ რა მდგომარეობა იყო - უამრავი გარდაცვლილი ადამიანი, დანგრეული სახლები, დატბორილი ქუჩები და ზოოპარკის ტერიტორია, დახოცილი ცხოველები. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ახლაც კი მიჭირს სიტყვებით გადმოცემა და საუბარი იმ დილაზე, თუ რა ხდებოდა დედაქალაქში, თუმცა, გამოჩნდა ახალგაზრდების დიდი ჯგუფი. არ მახსოვს ასეთი სოლიდარობა და ერთსულოვნება, რამაც უდიდესი შედეგი გამოიღო. ქალაქზე შეყვარებული ადამიანების ჯგუფები მოდიოდნენ და ჩართული იყვნენ ქალაქის დასუფთავებასა და გაწმენდაში, რათა მოგვეწესრიგებინა ინფრასტრუქტურა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. ნათელში იყოს ყველა გარდაცვლილის სული. 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიიდან შვიდი წელი გავიდა.

მსგავსი სიახლეები