30 მაისი, 2022

ბუქარესტი თბილისის დაძმობილებული ქალაქი გახდა

თბილისს 22-ე დაძმობილებული ქალაქი ჰყავს. ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბუქარესტის მერ ნიკუშორ დანთან ერთად, ხელი მოაწერა თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას.

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით: კულტურა, გამწვანება, ურბანული განვითარება, სპორტი, ტურიზმი, ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა.

ხელშეკრულების ხელმოწერამდე, კახა კალაძემ და ნიკუშორ დანმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.

გამოითქვა სურვილი, რომ როგორც თბილისში, ისე ბუქარესტში გაიხსნას შესაბამისი ქალაქების სახელობის სკვერები ან მათი სახელები მიენიჭოს რომელიმე ქუჩას.

„დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი მოგვეწერა ბუქარესთან დაძმობილების მემორანდუმისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: სპორტი, კულტურა, ურბანული განვითარება, ტრანსპორტი. არსებობს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ბუქარესტი წარმატებულია და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაზიარება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. დღეს ასევე, გვექნება შესაძლებლობა, შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის. მერთან შევთანხმდით იმაზეც, რომ თბილისისა და ბუქარესტის სახელობის ქუჩები ან რეკრეაციული სივრცეები, სკვერები გაჩნდება, როგორც ბუქარესტში, ასევე თბილისში. ზოგადად, მიმაჩნია, რომ დაძმობილების ფარგლებში, გვაქვს იმის რესურსი, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ და ის გამოცდილება, რომელიც ბუქარესტს გააჩნია, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ურბანული განვითარების თვალსაზრისით, გაზიარებულ იქნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბუქარესტის მერმა იმედი გამოთქვა, რომ დაძმობილების ხელშეკრულების გაფორმება ორ ქალაქს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქებისთვის. ბუქარესტსა და თბილისს აქვთ ძალიან ბევრი საერთო. არსებობს საერთო ინტერესები, როგორიც არის ურბანული განვითარება, კულტურა, ტრანსპორტი და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ურთიერთობების გაღრმავება დაგვეხმარება ჩვენი მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლასა და შემდგომ თანამშრომლობაში“, - განაცხადა ნიკუშორ დანმა.

ამასთან, კახა კალაძემ დაძმობილებული ქალაქის მერი, დელეგაციასთან ერთად, თბილისში მოიწვია.

ბუქარესტის მერიაში გამართულ ღონისძიებას კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.