18 აპრილი, 2022

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

გვაქვს კონკრეტული შემთხვევა ისტორიულ ზონაში, ამაღლების ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთი მშენებლობის დროს გამოვლინდა სართულის უკანონოდ დაშენება. სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „მონუმენტმშენი“. არ ვიცი, ამ ადამიანებს რა დამოკიდებულება აქვთ ქალაქთან მიმართებაში. ცხადია, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ და უკანონოდ ახორციელებ მშენებლობას, ამახინჯებ შეთანხმებულ პროექტს და ერთ სართულს კიდევ ამატებ, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ვიღაცას ეს გაუვა ან ვინმე გაუტარებს. ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება. მივიღებთ ყველანაირ შესაბამის ზომას. შეიძლება, ეს იყოს ყველასთვის საჩვენებელი, თუ ჩემ მიერ დასახელებული კომპანია ძალიან მალე არ მოაწესრიგებს არსებულ მშენებლობას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ბოლომდე ჩავყვებით. პირადად ვიქნები დაინტერესებული, რომ სამაგალითოდ დაისაჯოს ეს კომპანია და კონკრეტული ადამიანები. მოუწევთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ ეს შენობა-ნაგებობა არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში.
არავის დასჯას არ მივესალმები, მაგრამ ქალაქის აოხრებას და არასწორ ურბანულ განვითარებას არავის ვაპატიებთ. ჩვენ სწორედ იმიტომ აგვირჩია ხალხმა და იმიტომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა, რომ ჩვენი ერთ-ერთი დაპირება სწორედ ქალაქის სწორი ურბანული განვითარება იყო. არავის გვსიამოვნებს ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ამ ქალაქში, თუ როგორ დაამახინჯეს კონკრეტული არეალები კონკრეტულ რაიონებში. ამის გაგრძელება კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ასეთ ფაქტებზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება. ჩვენ გასულ წელს გამოვაცხადეთ ამნისტია. ასე ვთქვათ, მასშტაბური პატიება, რადგან შეუძლებელი იყო ამ დარღვევების გამოსწორება და უკანონოდ აშენებული ფართებიდან ხალხის გამოსახლება. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ საქართველოს პარლამენტთან ერთად, ამავე დროს დავაწესეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომ მოგვეხდინა ასეთი დარღვევების პრევენცია. ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ კომპანიას, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს არსებული სივრცის დემონტაჟი და მშენებლობა მოიყვანოს პროექტთან შესაბამისობაში.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად, იმ პირებს, რომლებიც აწარმოებენ სამშენებლო სამუშაოებს, ჰქონდათ ვალდებულება, რომ სამშენებლო სამუშაოების სხვადასხვა ეტაპზე, მშენებლობის ზედამხედველი ორგანოების წინაშე წარედგინათ საეტაპო ოქმები. როგორც ჩანს, სამშენებლო რეფორმის გარკვეული დეტალები ვერ გაითავისა სამშენებლო სექტორმა, რის გამოც, დაიწერა ძალიან ბევრი ჯარიმა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი იყო არა მშენებლების დაჯარიმება, არამედ სფეროს მოწესრიგება. შესაბამისად, ვიდრე ნორმის სრულფასოვანი შესრულების ეტაპზე გადავალთ, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ ინიციატივა, რათა მოხდეს საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულების გადავადება წლის ბოლომდე, ხოლო იმ პირებს, ვინც პირობების შეუსრულებლობის გამო უკვე დაჯარიმდნენ, ჯარიმები ჩამოეწეროთ. თანამშრომლობისთვის პარლამენტს მადლობას ვუხდი. აღნიშნული ინიციატივა უკვე განიხილა და მიიღო პარლამენტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულების ამოქმედება გადავადებულია 2023 წლის პირველ იანვრამდე, აქამდე გამოწერილი ჯარიმები კი ჩამოწერილი და გაუქმებულია. აქვე, მინდა მივმართო მშენებლობის მწარმოებელ პირებს, გაითვალისწინონ, რომ მომავალი წლიდან, საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება სრულად ამოქმედდება და სანებართვო პირობებში გაწერილი ვადების შესაბამისად, მათ მოუწევთ ანგარიშების წარდგენა მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაჯარიმდებიან.

პრობლემა გვქონდა სამშენებლო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში გადაწყვეტილებების ჩაბარებასთან, მის ძალაში შესვლასა და აღსრულებასთან დაკავშირებით. ადრესატი ხშირად უარს აცხადებდა მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარებაზე. გამოვიყენეთ უკვე არსებული პრაქტიკა. კერძოდ, გადაწყვეტილება ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას განთავსდება და ის უკვე ჩაბარებულად ჩაითვლება. ასევე, მოჰყვება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით.

დღეს ვიწყებთ მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ხიდი საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია თაღების გამაგრება, ფასადების დამუშავება. სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, ტროტუარები მთლიანად განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. ასევე ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად განახლდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღეიდან, მეტეხის ხიდზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. საპატრულო პოლიცია გვეხმარება ამ ყველაფერში, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. სამუშაოებს შეასრულებს კომპანია „ბესკო“. დაახლოებით, 2 მლნ ლარი დაჯდება აღნიშნული პროექტის განხორციელება. სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დასრულდება.

მოახლოვდა აღდგომის დღესასწაული და მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია 23, 24 და 25 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით. აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს, რადგან ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, ესწრება წირვას, გვიან სრულდება ეს ყველაფერი და ისინი შესაბამისად, სახლში დაბრუნებას საჭიროებენ. ჩვენ ვიზრუნეთ მათზე და მეტრო 24 აპრილს დილის 04:00 საათამდე იმუშავებს.
გარდა ამისა, 24 და 25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს. მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს; ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან; საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე - მეტროსადგურ „დელისიდან“; ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“; ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან.

მსგავსი სიახლეები