6 აპრილი, 2022

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

მოგეხსენებათ, წარმატებით მიმდინარეობს თბილისში მცხოვრები უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროცესი. კიდევ შვიდი ბინა შევისყიდეთ სხვადასხვა ოჯახისთვის. ჯამში კი, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, უკვე შესყიდულია 20 ბინა. ახლად შესყიდულ ფართებს, ისევე, როგორც აქამდე შესყიდულ ბინებს, მუნიციპალიტეტი მესაკუთრეებს გადასცემს. პროგრამა, რა თქმა უნდა, გრძელდება. წელს, დაახლოებით, 60 ბინით დავაკმაყოფილებთ უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს. რაც შეეხება სტატუსის მოპოვების პროცედურას, ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ, როგორც გამგეობებს, ისე მერიას.

გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე გზაგამყოფის რეაბილიტაცია დავიწყეთ. თქვენ გახსოვთ, რომ აქ წლების წინ ტრამვაი დადიოდა. ეს სივრცე დარჩენილია აქ მას შემდეგ, რაც გააუქმეს ტრამვაის მოძრაობა დედაქალაქში, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ დღეს მისი აღდგენა ასობით მილიონი ევრო ჯდება, რაც ძალიან მძიმე ტვირთი იქნება ქალაქისთვის, თუმცა სამომავლოდ ვნახოთ, ყველაფერი შესაძლებელია. ამ გზაგამყოფზე გაკეთდება ბულვარი. ამ პროექტს კიდევ ორი სივრცე შეემატება სარეაბილიტაციოდ - ესენია ლიბანისა და სარაჯიშვილის სკვერები, რომელიც განახლდება და დაირგვება ხე-მცენარეები. პროექტის ფარგლებში ასევე კეთდება ველობილიკი, სასეირნო და სარბენი ბილიკები, გაკეთდება განათებისა და სარწყავი სისტემები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია ყველაფერი, რაც თანამედროვე სკვერს ჭირდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 7.5 მლნ ლარს შეადგენს. ძალიან მასშტაბური სამუშაოებია, რადგან ტერიტორია 5 ჰექტარზე მეტია.

თბილისის მერია მეტეხის ხიდის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. დედაქალაქში გვაქვს ხიდები, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს. ამ ეტაპზე კი მეტეხის ხიდით ვიწყებთ. პროექტის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, ტროტუარები განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. ასევე, დაგეგმილია ფასადებისა და თაღების გამაგრება და დამუშავება. გარდა ამისა, ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად განახლდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, მეტეხის ხიდის არეალში და მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გადაადგილება პერიოდულად, ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები, დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში დაიწყება. გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის შესახებ ინფორმაციას წინასწარ მოგაწვდით. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 2 მილიონი ლარია.

სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მთელი რიგი რეფორმები განვახორციელეთ. გვყავს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები. დამატებით 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვას ვგეგმავთ. ასევე, ყოველდღიურად ვამუშავებთ ახალ მარშრუტებს. დედაქალაქში ავტობუსის შვიდი, ხოლო მიკროავტობუსის 10 ახალი მარშრუტი ამოქმედდება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მოხერხებული, კომფორტული და სწრაფი იყოს. ამ მიზნით, შესაბამისი პროექტები ხორციელდება. ყველა ქუჩაზე, სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვახორციელებთ, საავტობუსე ზოლებს ვაწყობთ. ეს მიდგომებია განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენც იმავე ნაბიჯებს ვდგამთ.

მინდა, წარმოგიდგინოთ თბილისის მუნიციპალიტეტის სისტემაში დასაქმებული, კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ჩვენი სიძლიერე გახლავთ იმაში, რომ ბევრი ღირსეული პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანი გვყავს. ისინი მრავალი წელია მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობენ. მათი ყოველდღიური საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და დედაქალაქისთვის. დღეს წარმოგიდგენთ ნოდარ ფალავანდიშვილს, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსი სპეციალისტია. ბატონი ნოდარი, რომელიც პროფესიით გეოლოგია, გზების რეაბილიტაციის პროექტირების ნაწილში, გეოლოგიის ინსპექტირების მიმართულებით მუშაობს, ამასთან, აკვირდება მაღალსართულიანი ავარიული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრების პროცესს და მეწყრული ზონების პრევენციისთვის, კვლევის ეტაპზე გეოლოგიური მიმართულებით რეკომენდაციებს ამზადებს. ფაქტობრივად, არცერთი მსგავსი პროექტი მისი დასკვნების და რეკომენდაციების გარეშე არ ხორციელდება. მისი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, პროექტების შესრულების ხარისხიც და სანდოობაც მაღალია. ბატონ ნოდარს ხვალ 80 წელი უსრულდება. ვულოცავ მას. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და ბევრ წარმატებას. ასეთი ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა ხელს უწყობს ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობას.

მსგავსი სიახლეები