3 თებერვალი, 2022

კახა კალაძე ვაკის პარკში კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებს გაეცნო. ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის ფარგლებში, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კასკადის აღდგენა, რომელიც, წლებია, ამორტიზირებულია და არ მუშაობს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, რეაბილიტაციის პროცესში პარკს საბავშვო ატრაქციონები დაემატება.

„ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დავასრულეთ, თუმცა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი - ეს არის ცენტრალური შადრევნისა და კასკადის სრული განახლება და რეაბილიტაცია. ახლა მიმდინარეობს ცენტრალური შადრევნის კეთილმოწყობა და მთლიანად განახლება. შადრევანი უმძიმეს მდგომარეობაში, ფაქტობრივად, უფუნქციოდ იყო. წლის ბოლოსთვის ვაპირებთ სამუშაოების დასრულებას თავისი კასკადით, რომელიც აღდგენილი იქნება პირვანდელი სახით. მთლიანად განათებული, მოწესრიგებული, ახალი ფილებით, სადრენაჟო სისტემით, იზოლაციით. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პროექტი საშვილიშვილო იყოს და ათწლეულებს გაუძლოს. გარდა ამისა, პარალელურად, ითესება ბალახი. მოსახლეობის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ საბავშვო ატრაქციონები დაგვემატებინა და ამასაც ვითვალისწინებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება და აღდგება პირვანდელი სახით, იმავე მასალით, კერძოდ, გრანიტით და ბაზალტით. ამასთან, მთლიანად შეიცვლება და დამონტაჟდება წყალმომარაგების თანამედროვე, ავტომატიზებული სისტემა.

კასკადის პროექტირებისას ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, როგორც კასკადის ავტორების ოჯახებთან, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან.

ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები,   ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები.

მსგავსი სიახლეები