28 იანვარი, 2022

ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

დედაქალაქის მერის თქმით, 2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 2000-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.

„დღეს ნაძალადევის რაიონში 99 ოჯახს გადავეცით საკუთრებაში საცხოვრებელი სახლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ იმ ოჯახებს, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია. მათ აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ისინი ცხოვრობენ და აუხსნიან, თუ რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ იმისთვის, რომ შემდეგ დაუკანონდეთ ეს ფართები. ძალიან მიხარია და ვულოცავ ამ ოჯახებს. უკვე 300 მილიონ ლარზე მეტის ქონებაა დაკანონებული მათთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ გადაეცათ, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ ფართები მუნიციპალიტეტისგან სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად შეისყიდეს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები