29 დეკემბერი, 2021

თბილისის მერიაში 2021 წლის ბოლო მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამების ჯამი მილიარდ 545 მლნ ლარით განისაზღვრა. მილიარდ 305 მილიონი საბიუჯეტო ნაწილია, ხოლო დონორებიდან მოზიდული სახსრები - 240 მლნ ლარი. უპრეცედენტო მაჩვენებლებით წარმოდგენილი დედაქალაქის ბიუჯეტი არაერთი პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა. ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი, როგორც წესი, მოხმარდება ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებას, ასევე, დედაქალაქის საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციას. მადლობა თბილისის საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის და აქვე გპირდებით, რომ მომდევნო წლიდან სრული შემართებით, 24-საათიან რეჟიმში დავიწყებთ ყველა დაპირებული პროექტის განხორციელებას. პრიორიტეტულია იმ ახალი პროგრამების განხორციელება, რომელზეც მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი. მათ შორისაა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, უსახლკარო ოჯახებისთვის ბინების შეძენა, 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის, 15 პარკის პროექტი, დამატებით 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მე-8 ხელოვნების სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩუბინაშვილის 21-ში და სპორტული ცენტრების მშენებლობა.

საკრებულომ უკვე დაამტკიცა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა. მინდა მივმართო იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც აღნიშნულ საშეღავათო პროგრამაში ხვდებიან. ესენი არიან ძირითადად მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები, რომელთაც უნდა ჩამოვაწეროთ სანქცია-საურავები და გავათავისუფლოთ 2020-2021 წლის იჯარის გადასახადისგან. სურვილის შემთხვევაში მათთვის უნდა განისაზღვროს დამატებითი ვადა, ვადაგასულ საიჯარო ხელშეკრულებებს უნდა აღვუდგინოთ ვადები. ამისთვის საჭიროა, აღნიშნულმა სუბიექტებმა მიმართონ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, რათა შესაბამისი ცვლილებები უმოკლეს დროში განხორციელდეს და შეძლონ მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათებით სარგებლობა. დაინტერესებულმა პირებმა მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის პირველ აპრილამდე უნდა მიმართონ.

დედაქალაქში გვაქვს ორი ტიპის პარკირების სისტემა - ერთია ზონალურ-საათობრივი, რომელიც ახლა ინერგება დედაქალაქში და ასევე, საათობრივი საფასურის გარეშე არის 50-ლარიანი წლიური სააბონემენტო გადასახადი, რომელიც მოქმედებს იმ კონკრეტულ ლოკაციებზე, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება არ არის. ადამიანი იხდის 50 ლარს და მუნიციპალური საპარკინგე ადგილების გამოყენება შეუძლია წლის განმავლობაში. მაგრამ ეს არ ვრცელდება ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე. რაც შეეხება ზონალურ-საათობრივ პარკირებას, არსებული 1-ლარიანი გადასახადის გარდა, დავამატეთ სხვა სააბონემენტო პაკეტებიც, რაც ძირითადად ბიზნესორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი. ბიზნესსექტორის მხრიდან იყო ძალიან დიდი თხოვნა, რომ თავიანთი თანამშრომლებისთვის შეესყიდათ ასეთი პაკეტები და თუ ადამიანი დათვლის, დღის განმავლობაში და წლის ჭრილში, მოქალაქეს, რომელიც ყოველდღიურად მიდის სამსახურში და უწევს ზონალურ-საათობრივი პარკინგით სარგებლობა, რა ხარჯი აქვს, ამის გათვალისწინებით, ეს პაკეტები ბიზნესსექტორისთვის მისაღებია. ვისაც აქვს სურვილი, იყიდის, ვისაც არა, არანაირი ძალდატანება არ იქნება.

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულია 3 000 ოჯახი. ნამდვილად მეამაყება, რომ მე, ჩემს თანაგუნდელებთან, მთავრობის წევრებთან ერთად, ვარ ის ადამიანი, რომლებმაც ამ პროცესის მოწესრიგება დავიწყეთ. ყველა ამ ოჯახს, ადამიანს დაუბრუნდება საკუთარი საცხოვრებელი ფართი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც თანხები აქვთ გადახდილი. 2016 წელს სახელმწიფომ ეს ვალი აღიარა და მოგვანიჭა უფლებამოსილება, რომ მოხდეს ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. თბილისის მერია დედაქალაქში ეძებს თავისუფალ მიწის ნაკვეთებს, რომელიც აუქციონზე გააქვს და ბიზნესსექტორს კონკრეტულ წინადადებას სთავაზობს - ვინც კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ მეტ ოჯახს დააკმაყოფილებს და მათთვის მეტი ფართის გადაცემას შეძლებს, ის იქნება გამარჯვებული. ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს, ეს მიწები ერთ ლარად არის გადაცემული და ნაჩუქარი. ეს არის დიდი ტყუილი. არ შეგიყვანონ შეცდომაში. ათეულობით მილიონის ინვესტიცია უწევთ ამ კომპანიებს და მილიონობით ლარის ფართებია გადმოსაცემი მერიისთვის, რათა ეს კონკრეტული ოჯახები დაკმაყოფილდნენ. რა თქმა უნდა, საბანკო საგარანტიო უზრუნველყოფით, რათა ხვალ-ზეგ ვინმე არ გაიქცეს, ეს ნაკვეთები ისე არ დარჩეს და მისი დასრულება შევძლოთ. მისივე თქმით, საცხოვრებელი ფართებით 1 500-მდე დაზარალებული ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია.
???? ძალიან სამწუხარო ფაქტის მოწმენი გავხდით რამდენიმე დღის წინ. „დეზერტირების ბაზარში“ გარდაცვლილი იპოვეს ადამიანი. ეს ტრაგიკული ამბავი ჩვენი მედიასაშუალებების ნაწილმა ისევ სიცრუის, დეზინფორმაციის გავრცელების საბაბად გამოიყენა და საზოგადოებას ამცნო, რომ გარდაცვალების მიზეზი გახდა სხეულის გაყინვა, რადგან ეს პიროვნება იყო უსახლკარო და ღამეს ათევდა ღია ცის ქვეშ. სინამდვილეში გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო, მას სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდა ბინა. რასაკვირველია, ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ პროფესიას და მაყურებელს, დაელოდებოდა ექსპერტიზის დასკვნას, გადაამოწმებდა შესაბამის უწყებაში, ნამდვილად უსახლკაროდ ითვლებოდა თუ არა გარდაცვლილი და ამის შემდეგ გაავრცელებდა ინფორმაციას. აი, ასე ყოველდღიურად გამოგონილ და ცილისმწამებლურ ისტორიებს ვისმენთ, რომლის მიზანიც სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციაა და ამ მიზნით, ნებისმიერ საშუალებას იყენებენ.

როგორც იცით, „თბილსერვის ჯგუფის“ ყოფილი ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე დაინიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ. რომეო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა „თბილსერვის ჯგუფს“. მინდა მას მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. მართლაც მნიშვნელოვანი იყო ის რეფორმები, რომელიც „თბილსერვისში“ წამოვიწყეთ და ეს უნდა გაგრძელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკის განახლება, რაც რომეომ წამოიწყო. ტენდერი უკვე დასრულებულია. ზაფხულისთვის ახალი ტექნიკა ეყოლება სამსახურს. ეს მუშაობას გაგვიმარტივებს. მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ინიშნება. რომეო ენერგეტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს. ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, მისი ჩართულობით ჩვენი ქვეყანა შეძლებს იმას, რომ ელექტროენერგიის მხრივ არ ვიყოთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებული.

კარზე მოგვადგა ახალი წელი და მინდა, გაგაცნოთ 31 დეკემბრის ღამის საახალწლო პროგრამა, კერძოდ, გალაკონცერტი „გვიყვარდეს ერთმანეთი“, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა და ეს ტელევიზიითაც გადაიცემა. გალაკონცერტის მუსიკალური პროგრამა აგებულია ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზე. მათ შორის არის საახალწლო თემაზე შექმნილი პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები. პროექტში ჩართულია სხვადასხვა თაობის და მუსიკალური მიმართულების წარმომადგენლები, რაც ასევე საზოგადოების ფართო ჯგუფების ინტერესებზეა გათვლილი. 14 იანვარს საახალწლო სოფელი მასშტაბური კონცერტით დაიხურება.

დღეს ჩვენ თბილისის მუნიციპალიტეტის წლის ბოლო მთავრობის სხდომას. რთულია, ორიოდე სიტყვით შევაჯამო ეს წელი. მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩემთვის, ჩემი თანამშრომლობისთვის ის იყო ერთ-ერთი რთული, გამოწვევებით სავსე წელი, თუმცა, ამ გამოწვევების საპასუხოდ, ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა ამ ქალაქისთვის. უკვე მეორე წელია, რაც პანდემია მძვინვარებს და ბუნებრივია, ამან მსოფლიოს და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. ამის მიუხედავად, ყოველდღიურად, ამ ქალაქის გაუმჯობესებისთვის მუშაობა არათუ არ შეგვიწყვეტია, გავაორმაგეთ ძალისხმევა და მეტი ენთუზიაზმით და ჩართულობით ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ. ამ პერიოდის განმავლობაში, იყო როგორც ყველასთვის მოსაწონი, ისე არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც, იყო ქება თუ კრიტიკა, მაგრამ ორივეს ვუდგებოდით ჯანსაღად და ვცდილობდით, მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიწოდებით, მეტი განმარტებით, სხვადასხვა უბანში მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაციით, საზოგადოებამდე ჩვენი სათქმელი და საკეთებელი მიგვეტანა. მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოებას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში, რათა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებები შესრულებული იყოს პროექტების და პროგრამების სახით. მოგეხსენებათ, წელს იყო არჩევნებიც და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს. მათ, ვინც მხარი დამიჭირეს და მათაც, ვინც სხვა არჩევანი გააკეთეს. ეს არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები არ მოვდუნდეთ, არ შემოგვეპაროს თვითკმაყოფილება და ყოველდღიურად ვიმუშაოთ მოსახლეობის მოთხოვნებზე, მათ საჭიროებებზე. მინდა, მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებს, ყველა სამსახურის, ყველა რგოლის თანამშრომლებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ უკეთესი თბილისისთვის, ისე, რომ მათ მოსახლეობა არც იცნობს. შეიძლება, ამ პროექტების განხორციელების დროს ყველაზე მეტად მე ვჩანდე, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემი გუნდის და პირადად ჩემი სიძლიერე ჩემი თანამშრომლები, მათი პროფესიონალიზმი, მათი პატიოსნება და გაკეთებული საქმეებია. მინდა, ყველა მათგანს გულწრფელად მადლობა გადავუხადო. ვულოცავ თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს დამდეგ ახალ წელს. ვუსურვებ, მათ შრომას კიდევ უფრო მეტი თვალსაჩინო შედეგი მოჰყოლოდეს, რაც ბუნებრივია, ნიშნავს უფრო ლამაზ, უფრო სუფთა, მოწესრიგებულ, კომფორტულ და სერვისებზე ხელმისაწვდომ ქალაქში ცხოვრებას. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. მინდა, პირველ რიგში, მშვიდობა ვუსურვო ჩემს ქვეყანას. სულიერი სიმშვიდე გისურვოთ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს - ჯანმრთელობა, სიხარული და სიყვარული არ მოგვკლებოდეს. ვისურვებდი, უფრო მეტი სიყვარული მოეტანოს 2022 წელს.

მსგავსი სიახლეები