10 დეკემბერი, 2021

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

თბილისის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა. ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც მუსიკალურად გაფორმდა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძემ ნაძვის ხესთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გითხრათ დღეს აქ შეკრებისთვის, იმისთვის, რომ მობრძანდით შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად. ძალიან სასიამოვნოა დღევანდელი საღამო, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს სურვილების ჩაფიქრება. ყველაფერი ცუდი და რთული, რაც იყო 2021 წელს, წარსულს უნდა გავატანოთ და ახალი იმედებით, ახალი შემართებით, ახალი ენერგიით და დიდი სიყვარულით შევხვდეთ 2022 წელს. ეს წელი იქნება აღმშენებლობის, განვითარების, წარმატების და წინსვლის წელი. ჩვენ ამას ყველა ერთად მოვახერხებთ. ჩემო მეგობრებო, მტრის და მოყვასის სიყვარული ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი რელიგიის ნაწილია. ამიტომ, მინდა, ყველას გთხოვოთ, მეტი სიყვარული და მეტი პატივისცემა. რაც დღეს ყველაზე მეტ პრობლემას წარმოადგენს, არის გაუცხოება, ამიტომ გვიყვარდეს ერთმანეთი და ერთიანი შემართებით ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ, ისე, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე და ოჯახში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე წარდგა ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი და ჯგუფი „ნიუტონი“.

24 დეკემბერს, საზეიმოდ გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული. ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნულ ადგილმდებარეობებზე ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. „საახალწლო სოფელში“ განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და თოვლის ბაბუას სახლი.

მსგავსი სიახლეები