15 სექტემბერი, 2021

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

მინდა, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა დავიწყო ძალიან სასიხარულო ინფორმაციით. დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ჩვენ მოვაგვარეთ პრობლემა, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არსებობდა. 6000-მდე ოჯახს გადაეცემა საკუთარი საცხოვრებელი ფართები. მხედველობაში მაქვს „ცენტრ პოინტის“ არსებული პრობლემა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამდენ გახარებულ ოჯახს ვხედავ. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველას და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან რთული საკითხის გადაწყვეტაში. 20 წელი ადამიანებს ყველანაირი იმედი ჰქონდათ დაკარგული, თუმცა, პირველივე შეხვედრიდან ეს იმედი ჩაისახა და ამის რეალიზება შევძელით. დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი გადადგმული ნაბიჯებით ამდენ ოჯახს აბედნიერებ, ამაზე ძვირფასი არაფერი არ არის. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ. მომდევნო წლების განმავლობაში ყველა დაზარალებული მიიღებს საცხოვრებელ ფართს. ასევე, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ჩემს თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.

გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, როგორც იცით, მეწყრული ზონა იყო, რაც პრობლემას წარმოადგენდა ზემოთ, 16-სართულიან კორპუსებში მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ქვემოთ სხვადასხვა ბიზნესაქტივობას აწარმოებდა და მათთვისაც, ვინც ყოველდღიურად იყენებდა ამ საავტომობილო გზას გადაადგილებისთვის. დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. შემიძლია ვთქვა, რომ იქ მომუშავე და მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე, იმ გზით მოსარგებლეებისთვის ტერიტორია უსაფრთხოა. დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით, მოეწყო ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, მეწყრის სტაბილიზაცია კი მიღწეულია ანკერების, რკინაბეტონის ბადეებისა და გრუნტის ცემენტის საშუალებით. გარდა ამისა, ფერდობი დაიყო ტერასებად და ჩატარდა ე.წ. ფრანგული კედლის მოწყობის სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ ფერდზე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები, რაზეც კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია, დაკვირვება ხუთი წლის მანძილზე აწარმოოს. მცირე ცვლილების შემთხვევაშიც კი, ამაზე ინფორმაცია მაშინვე გვექნება. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტს“, რომელმაც შეშელიძის ქუჩაზე აღნიშნული სამუშაოები შეასრულა.

ძველი თბილისი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ჩვენთვის განსაკუთრებულია. მათი მდგომარეობა არაა სახარბიელო, სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული. ჩვენ მათ ვაახლებთ და უკვე განვახორციელეთ კარგი პროექტები - დარეჯანის სასახლე, ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები. მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაცია. მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. ამჯერად, ჯავახიშვილის N14-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრული რეაბილიტაცია დავასრულეთ. შენობა მეოცე საუკუნის დასაწყისშია აშენებული და საფუძვლიანი რეაბილიტაცია დასჭირდა. პროექტის ფარგლებში, გამაგრდა შენობის საძირკველი და დაზიანებული ღიობები. სპეციალური მეთოდით შეივსო შენობის ბზარები. შეიცვალა შენობის სახურავის შეფიცვრა და თუნუქის საფარი. მოეწყო სახურავის წყალსაწრეტი სისტემა. აღდგა ფასადის დეკორატიული ელემენტები. რესტავრირდა ლითონის კიბე, ასევე ხის აივნები, კიბეები და შუშაბანდები. რესტავრირდა ფასადზე განთავსებული დეკორატიული აივნები. ლითონის დეკორატიულ ნაჭედ გისოსებსა და მოაჯირებს ჩაუტარდა რესტავრაცია-აღდგენა. რესტავრირდა ლითონის ჭიშკარი. გამოიცვალა და ნაწილობრივ რესტავრირდა კარ-ფანჯარა. დამონტაჟდა ლითონის ჭედური ცხაურები. მოწესრიგდა წყალმომარაგების, წყალარინებისა და ელექტრომომარაგების როგორც შიდა, ისე გარე ქსელი და კეთილმოეწყო ეზო. მესმის, რომ ქალაქში ბევრი ძეგლია, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია. ყველგან მივალთ, ყველას განვაახლებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ძეგლი რესტავრირდეს და ასევე, მთლიანად უბნების რეაბილიტაცია მოხდეს.

 ავტობუსების განახლება-ჩანაცვლების პროგრამა ფაქტობრივად დავასრულეთ. თუმცა, ჯერ კიდევ რჩება უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქალაქში დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ. აქედან 180 ერთეული იქნება 8-მეტრიანი, ხოლო 200 - 18-მეტრიანი, რომელსაც მომავალ წელს შევისყიდით. აღსანიშნავია, რომ 20 ავტობუსი უკვე დედაქალაქშია და 22 სექტემბრიდან ხაზზე გაეშვება. ჩვენ ასევე, მიკროავტობუსების განახლება-ჩანაცვლების პროგრამა დავიწყეთ. ჩამოსულია 90 ახალი მიკროავტობუსი და 22 სექტემბრიდან გავა ხაზებზე. ცვლილებები ხორციელდება იმისთვის, რომ არ დავტოვოთ არცერთი ქუჩა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ივლის. ის უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული.

მსგავსი სიახლეები