23 ივნისი, 2021

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

რამდენიმე დღის წინ გვქონდა ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაცია. უკვე რამდენიმე კვირაა დავიწყეთ ანგარიშის ჩაბარება დედაქალაქის მოსახლეობისთვის, თუ რა გაკეთდა ბოლო წლებში. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე თბილისის მთავრობა. სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სენსიტიური თემაა. ამისთვის ყოველწლიურად საკმაოდ დიდ თანხებს გამოვყოფთ. მიუხედავად რთული ვითარებისა, პანდემიისა, ეს იყო სფერო, რომელსაც ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დაკლებია. პირიქით, კიდევ უფრო მეტი დაიხარჯა იმისთვის, რომ მოქალაქეების ხელშეწყობა და თანადგომა ყოფილიყო.

2018–2021 წლებში ჯანდაცვის მიმართულებით, სამი ახალი პროგრამა დაინერგა. ეს პროგრამებია: „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი, „დაავადებათა სკრინინგის პროგრამის“ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტი და „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა“. 2018-2021 წლებში „ტრანსპლანტაციის პროგრამის” ფარგლებში, 259 პაციენტი დაფინანსდა. აქედან ღვიძლის გადანერგვა დაუფინანსდა 24 პაციენტს. ერთ მოქალაქეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია 70 000 ლარით უფინანსდება; გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით, 2020 წლიდან მომსახურებას იღებს 87 პაციენტი. ერთი პაციენტისთვის - წელიწადში 25 000 ლარია გამოყოფილი; ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით, ძვირადღირებული პრეპარატები მიიღო 397-მა პაციენტმა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცის პროგრამა, რომლითაც სარგებლობს - 1 375 პირი. აქ გვქონდა სერიოზული პრობლემა. მომლოდინე ბავშვების რაოდენობა იყო საკმაოდ მაღალი. ჩვენ ბიუჯეტი გავზარდეთ და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომლოდინე ბავშვების რაოდენობა არ არსებობდეს.

ბოლო წლებში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, მერიისა და გამგეობების პროგრამებით, ორ მილიონზე მეტი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

1 681 ოჯახს სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა. ის ფართები რომელიც ამ ადამიანებს გადაეცათ, ჯამში, თანხობრივად 225 მილიონ ლარზე მეტია.

2018-2021 წლებში დაიწყო მუშაობა დედაქალაქში არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის გადაწყვეტისთვის. ქალაქში იდენტიფიცირებულია 179 დაუმთავრებელი მშენებლობა. ესენი არიან ძირითადად „ცენტრ პოინტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ და „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანები. „სვეტსა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავთან“ მიმართებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ხოლო „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებით არ მინდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოვაცხადო, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს საკითხიც სრულად მოგვარდება.

დღეს გვექნება N164 საბავშვო ბაღის დათვალიერების შესაძლებლობა. აღნიშნულ ბაღში დაკმაყოფილებულია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტები. ბაღი 8-ჯგუფიანია და 250-მდე აღსაზრდელს ემსახურება, დასაქმებულია 60 ადამიანი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის, აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერებითა და უსაფრთხოების ბადეებით. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო, თანამედროვე სათამაშო მოედნები და სივრცე სპორტული აქტივობებისთვის. 2018-2021 წლებში თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი. მე, როგორც ამ ქალაქის მერს, ოთხი შვილის მამას, მსიამოვნებს, რომ მოვახერხეთ და დავნერგეთ შესაბამისი ახალი სტანდარტები საბავშვო ბაღებისთვის. შეგიძლიათ ნახოთ, როგორი სისუფთავეა, როგორი დიზაინი და თანამედროვეობაა შეტანილი ახალ ბაღებში. ასევე, არსებობდა ავარიული ბაღები, რომლებიც გავამაგრეთ, ხოლო, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, ახალი ბაღები აშენდება.

ჯამში, ბოლო წლებში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა. აქ იგულისხმება სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერა, სწავლის დაფინანსება, სატრანსპორტო შეღავათები და ა.შ. მინდა იცოდეს თბილისის მოსახლეობამ, რომ ჩვენ ყოველთვის გვერდში დავუდგებით იმ ოჯახებს, ვისაც უჭირს და სახელმწიფოს თანადგომა სჭირდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვები იხსნება. შესაბამისად, შეზღუდვა გაუქმდება დედაქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც. პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მოქალაქეებს, რომ კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას პირბადის ტარების აუცილებლობა.

მსგავსი სიახლეები