25 ივნისი, 2021

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა

2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, საზოგადოებას წარვუდგინეთ შვიდი ძირითადი მიმართულება, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქალაქისთვის და ამ ქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდით და ვცდილობთ, მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია ყველა განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე და მიგვაჩნია, რომ ვალდებული ვართ, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდა.

უკვე ვისაუბრეთ ურბანული პოლიტიკის მიმართულებაზე, სადაც ძირეული რეფორმები გატარდა. ქალაქში წერტილი დავუსვით ქაოტურ განაშენიანებას, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა; ვისაუბრეთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომელიც ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა; გარემოს დაცვის პოლიტიკაზე, რომელიც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, ერთ-ერთი პრინციპული და სენსტიური თემაა, რადგან საქმე ეხება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მწვანე სივრცეების შექმნას; ვისაუბრეთ ჯანდაცვისა და სოციალურ პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენს ბიუჯეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და თანხობრივად ძალიან კარგად ჩანს დედაქალაქის ბიუჯეტში. ეს იყო ერთადერთი სფერო, რომლისთვისაც არცერთი თეთრი არ მოგვიკლია.

ჩვენ ხშირად გაგვიგონია, რომ ჩვენი მომავალი სწორედ განათლებულ, საკუთარი ისტორიისა და კულტურის კარგად მცოდნე, სპორტში აქტიურად ჩართულ და ჯანსაღი ცხოვრების წესის მქონე ახალგაზრდების ხელშია. მე პირადად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვიზიარებ ამ სულისკვეთებას და მიმაჩნია, რომ ეს არის ის ფორმულა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს გადაარჩენს. დღეს ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რადგანაც მაქვს შესაძლებლობა, გესაუბროთ იმ სამუშაოებზე, რომელიც დედაქალაქში, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტის სახით განვახორციელეთ. დამეთანხმებით, შეუძლებელია ვისაუბროთ თანამედროვე, ევროპულ, ადგილობრივი მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის კომფორტულ, საინტერესო ქალაქზე, თუ სათანადო ადგილი არ უკავია განათლების, სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის ხელშეწყობას. ცალკე საკითხია ის, რომ კულტურულად ისეთ მდიდარ, უამრავი მსოფლიო დონის სპორტსმენის, ხელოვანისა და მეცნიერის მშობელ ქალაქში, თუ აღნიშნული მიმართულებების ხელშეწყობაზე არ ვიზრუნებთ, მართლაც დანაშაულია მომავალი თაობების წინაშე.

პანდემიამ ძალიან დიდი პრობლემები შექმნა ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, აქაც ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება გვქონდა დაგეგმილი, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, რადგან პრიორიტეტების გადანაწილება მოგვიწია. მომავალი წინ არის და დარწმუნებული ვარ, მეტ საინტერესო პროექტს გავახორციელებთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს ყველა თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. ასევე, მინდა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ასახელა ჩვენი ქვეყანა, როგორც განათლებაში, სპორტში, ახალგაზრდობის მიმართულებით, გულწრფელი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც აკეთებდით, აკეთებთ და მომავალში გააკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და ქალაქისთვის.

მსგავსი სიახლეები