29 ივნისი, 2021

თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკა

უკვე მეექვსე კვირაა, რაც საზოგადოებას ვაბარებთ ანგარიშს იმ პროექტებთან და საქმეებთან დაკავშირებით, რაც დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. მთელი ამ წლების განმავლობაში, ვიყავით ძალიან აქტიური, ყოველდღიური კომუნიკაცია გვქონდა საზოგადოებასთან, თუმცა, რადგან ოქტომბერში ჩვენი უფლებამოსილების ვადა იწურება, ვალდებულად ვთვლით თავს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ სრული ინფორმაცია, ყველა იმ სამუშაოსთან დაკავშირებით, რაც ქალაქის მასშტაბით ჩატარდა.
2017 წელს ჩვენი სლოგანი იყო - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, რომელიც ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავდა. პირველი, ეს არის ურბანული პოლიტიკა. მეამაყება, როგორც ქალაქის მერს, რომ ჩვენ წერტილი დავუსვით ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას, რომელიც სერიოზული პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს ქალაქი უყვარს; შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სატრანსპორტო პოლიტიკა, სადაც შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციური ცვლილებები ხორციელდება. რა თქმა უნდა, აღნიშნული პოლიტიკის რეფორმის განხორციელებას, გარკვეული პერიოდი დასჭირდება, თუმცა პირველ ნაბიჯებს საზოგადოება უკვე ხედავს; ასევე, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის პოლიტიკა, რომელიც პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, ძალიან კარგი პროექტების განხორციელება მოხერხდა, როგორც გამგეობების, ასევე, მუნიციპალურ დონეზე; ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ბიუჯეტში ეს კომპონენტი სერიოზულად არის გათვალისწინებული; ასევე, ვისაუბრეთ ჯანდაცვისა და სოციალურ პოლიტიკაზე, რომელსაც პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ მოკლებია. პირიქით, დაემატა თანხა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავხმარებოდით იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა; შემდეგი მიმართულება ეს არის კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ვუთხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია იმ ყველაფრის განხორციელება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, თუ არ არსებობს სწორი მართვა და მენეჯმენტი. სამწუხაროდ, ქალაქში გამოწვევები და პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა, როგორც ქალაქის მერს, ძალიან მეამაყება, თუ რისი გაკეთება მოვახერხეთ ბოლო წლების განმავლობაში. მართლაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, უამრავ ადამიანს დავეხმარეთ, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, წამოვიწყეთ სატრანსპორტო რეფორმა, ქალაქში იქმნება მწვანე სივრცეები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ. უფრო მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი და უფრო მეტი კარგი პროექტი განხორციელდებოდა, რომ არა ის პანდემია და გამოწვევები, რომლის წინაშე დღეს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო დგას.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რომელსაც ისინი ჩემთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადავუხადო თბილისელებს, რადგან მათი მხარდაჭერითა და თანადგომით შევძელით იმის გაკეთება, რაზეც ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, თანამშრომლებისთვის ძალიან დიდი სტიმულია ის მხარდაჭერა და თანადგომა, რაც მოსახლეობის მხრიდან იგრძნობა. მიხარია ის დამოკიდებულება, რომელიც თბილისის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მიმართ გააჩნია. შემთხვევითი არ არის, რომ კვლევები, რომელიც თბილისთან დაკავშირებით ტარდება, აჩვენებს, რომ ძალიან გაზრდილია ნდობა და მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც ქალაქის ხელმძღვანელისთვის, ძალიან საამაყოა. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს თანამშრომლებს.

მსგავსი სიახლეები