30 ივნისი, 2021

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

გუშინ ჩვენ დავამთავრეთ ანგარიშის ჩაბარება თბილისის მოსახლეობისთვის. ბოლო 6 კვირის განმავლობაში წარვუდგინეთ ყველა ის საკითხი და პროექტი, რომლის განხორციელება მოვახერხეთ ბოლო სამ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში. ნამდვილად შთამბეჭდავია გაწეული სამუშაო, თუმცა ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში ჭირდება შრომა, მუშაობა, რათა მათ ჰქონდეთ ღირსეული პასუხი.
რაზეც ბოლო კვირების განმავლობაში ვსაუბრობდით - ეს იყო ურბანული პოლიტიკა, სატრანსპორტო პოლიტიკა, გარემოს დაცვის პოლიტიკა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა და სხვა, ამ მიმართულებებით მუშაობა და პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სწორი მართვა და მენეჯმენტი. შესაბამისად, საზოგადოებას გუშინ კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა მართვის, მენეჯმენტისა და ეკონომიკის მიმართულებით.

კიდევ მინდა გავიმეორო, რომ პანდემიის მიუხედავად, საკმაოდ მაღალი აქტივობა გვქონდა ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, დავიწყეთ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის სხვადასხვა სახის პროგრამები, რომლითაც ძალიან ბევრმა მცირე და საშუალო ბიზნესმა ისარგებლა; შექმენით მსხვილი საინვესტიციო პროექტები და მათი განხორციელება დღეს უკვე სხვასხვა ეტაპზეა. ჩვენი მიზანია, ბიზნესის ჩართვა მოვახერხოთ მუნიციპალურ პროქტებში, მათი აქტივობის ზრდა, მათი შესაძლებლობების და გამოცდილების გამოყენება მოხერხდეს ქალაქის საჭიროებებისთვის.
სამწუხაროდ, ეკონომიკის სექტორს მძიმე ორწლიანი პერიოდი ჰქონდა პანდემიის გამო. ზოგადად, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში. მთელი მსოფლიო და არა მხოლოდ საქართველო დღესაც ებრძვის ამ უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია. შესაბამისად, გარკვეული პრიორიტეტების გადანაწილება მოგვიწია ამ ორი წლის განმავლობაში. ძალიან ამბიციური, მასშტაბური გეგმები გვქონდა, ამაზე 2020 წელს ვისაუბრეთ, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოგვიწია ამ პროექტების გადადება, რადგან თანხები მიმართულ იქნა სხვადასხვა, უფრო მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. უნდა აღინიშნოს ისევე მხარდაჭერა და თანადგომა იმ ოჯახების და ადამიანების მიმართ, რომელსაც ამ რთულ ვითარებაში ეს ყველაზე მეტად ჭირდებოდა.
ასევე, მინდა, აღვნიშნო მართვის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები: მუნიციპალური სერვისცენტრების რეაბილიტაცია და ადაპტირება შშმ სტანდარტებთან, მათი ცენტრალიზება, ვებ პლატფორმების შექმნა, რითაც მნიშვნელოვნად გავზარდეთ ხელმისაწვდომობა ჩვენს სერვისებზე. წლების განმავლობაში, ადამიანებს უწევდათ მხოლოდ დედაქალაქის მერიაში მოსვლა და განცხადების დაწერა. ამჟამად, ეს ყველაფერი შესაძლებელია მათივე რაიონულ გამგეობებში. თუმცა კიდევ უფრო მეტია სამუშაო, რომ ეს სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ადამიანებისთვის და მეტი ინოვაციური სიახლე შემოვიტანოთ.

გლდანში ვიწყებთ კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაციას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპარკე არეალების შექმნა და მწვანე სივრცეების მოწესრიგება. შესაბამისად, გლდანში განხორციელდება ე.წ. ბროწეულას კვერის სრული განახლება და რეაბილიტაცია. ეკოლოგიური მიმართულებით განხორციელებული პროექტებიდან უნდა გამოვყო 1 000 მწვანე სივრცე, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 2018 წლიდან დღემდე, 1 000 მსგავსი სივრცის განახლება მოხდა. ეს არის პარკები, სკვერები, გზაგამყოფები, რომელიც ბეტონის იყო. ყველგან მაქსიმალურად შევეცადეთ, შეგვექმნა მწვანე სივრცეები. ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. რაც შეეხება ე.წ. ბროწეულის სკვერს, დაახლოებით, 10 000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. აქ არსებული სივრცე დღესაც გამოიყენება, მაგრამ არსებული მდგომარეობა იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს არ შეესაბამება, რომელიც დედაქალაქის მერიას სკვერების მოწყობის მიმართულებით აქვს.
ჩვენ მივესალმებით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ყველანაირად ხელს ვუწყობთ ამ მიმართულებას. ასევე, აქ დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება სხვადასხვა საპარკე ინფრასტრუქტურა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დამონტაჟდება უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ვიდეოკამერები. ვფიქრობ, გლდანის რაიონს ამ პროექტის სახით, დამატებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატება.

თბილისის მუნიციპალიტეტი, კერძოდ, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ წყალდიდობის რისკისა და ზედაპირული წყლების ხარისხის გაუარესების პრევენციის მიზნით, სპეციალური სისტემის შემუშავებას იწყებს. პროექტი საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ, საფრანგეთის საგრანტო პროგრამით ფინანსდება და ის ფრანგულ საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიასთან (Suez Consulting) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ლოჯისტიკური ხარჯებისა და ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფას ფრანგული მხარის მიერ, იმისთვის, რომ შემდგომში ეს მეთოდი გამოყენებული იქნას ქალაქის სხვა ძირითად სექტორებშიც. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია დედაქალაქის შერჩეული ტერიტორიების შესწავლა, ანალიზი და ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვა სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელის გამართული ექსპლუატაციისთვის. ტექნიკური სამუშაოები ითვალისწინებს ისეთი კომპონენტების შესწავლა-დიაგნოზირებას და მოდელირებას, როგორებიცაა: მეტეოროლოგია, ჰიდროლოგია და წყლის ხარისხი.
შემდგომში კი მტკვრის დაბინძურების საპრევენციოდ, მდინარეზე გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ამ მხარდაჭერისთვის მადლობა მოვახსენო საფრანგეთის მთავრობას. ჩვენთვის სიახლეების შემოტანა, ინოვაციების დანერგვა და გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

უახლოეს პერიოდში გამოცხადდება თბილისის მასშტაბით რეკლამების განთავსების უფლების თაობაზე აუქციონი. ეს უფლება მოიცავს 15 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამის განთავსებას და აქედან შემოსავალის მიღებას აუქციონში გამარჯვებული პირისთვის. აუქციონის პირობებზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არაერთი შეხვედრა გაიმართა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნეს სექტორს, ამ სფეროში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებს, გაეცნონ აუქციონის პირობებს, რომელიც უახლოეს მომავალში ვებგვერდზე განთავსდება და დაინტერესების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ. ინტერესი ძალიან დიდია და დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტი ამ აუქციონიდან კარგ შემოსავალს მიიღებს. აუქციონი 30 დღის განმავლობაში ჩატარდება და დედაქალაქის მერია მზადაა, აღნიშნულ პერიოდში, დაინტერესებულ პირებს კითხვების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს.

დედაქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლაში (N32, N39, N117, N133, N173, N175ა, N175ბ, N177, N191, N207) მოქმედ თბილისის საგამოცდო ცენტრებში პირველი ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, ხოლო N103 საჯარო სკოლაში პირველი ივლისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდები ჩატარდება. ამ მიზნით, გათვალისწინებული იქნება დამატებითი ავტობუსების შემდეგი მარშრუტები:
მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ავტობუსი მგზავრებს N117 სკოლასთან მიიყვანს;
კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან N175ა, N175ბ, N39, N173, N177, N191 საჯარო სკოლებისკენ გადაადგილდება;
მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი N103 საჯარო სკოლის მიმართულებით იმოძრავებს.
მუნიციპალური ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, მგზავრებს 06:00-დან 20:00 საათამდე, სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურება.

მსგავსი სიახლეები