28 ივლისი, 2021

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ დღევანდელ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი და გადარჩენა არის მასობრივი ვაქცინაცია. სახელმწიფო მზადაა, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით წარიმართოს. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიკეთოს აცრა. ფაქტობრივად, ყველა უნდა ავიცრათ, იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

თბილისის ქუჩები და მისი შენობება-ნაგებობები ქმნიან ამ ქალაქის სახეს, მის იმიჯს. ამდენად, დედაქალაქის იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და იგი დასჯადი ქმედებაა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, რისთვისაც არსებობს უამრავი საშუალება და ფორმა. ეს არის ის საკითხი, რომელსაც ჩვენ 2012 წელს, ყველამ ერთად მივაღწიეთ, მაგრამ დაუშვებელია, კანონისა და წესების სრული უგულებელყოფით, ქუჩებსა და შენობებზე გამოვაკრათ, რაც მოგვესურვება - შევღებოთ, საღებავი შევასხათ ან წარწერები გავაკეთოთ. ყველა ასეთ ფაქტზე თბილისის მერიას ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება რეაგირება, რათა არ დავუშვათ ქალაქის იერსახის დამახინჯება.
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას განეკუთვნება, ან ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაში გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება რეაგირება, რადგან ეს ქალაქი ყველასია. ამიტომ, ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ყველა კანონდამრღვევი დაჯარიმდება. ჩემთვის პირადად, ასევე, სამწუხაროა ისიც, რომ ბოლო ფაქტის გამო, მიზანმიმართულად იყო მცდელობა მერიის უწყების, მისი თანამშრომლების დისკრედიტაციის. ასევე, იყო მცდელობა ამ პლაკატების უშუალოდ ჩემს საარჩევნო კამპანიაზე პროექციის. სულ მცირე ლოგიკაა საჭირო - რაში სჭირდება კახა კალაძეს არეულობა და ქაოსი, აგრესია?! მე და ჩემს გუნდს არ გვჩვევია ამ მეთოდებით ბრძოლა. განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილისის მოსახლეობამ მე და ჩემს გუნდს ნდობა გამოგვიცხადა ქალაქის განვითარებისთვის. ეს არის ყველაზე დიდი კაპიტალი, რაც კი გაგვაჩნია. ეს არის ჩვენი პიარიც და ჩვენი იარაღი ოპონენტებთან ურთიერთობისას. ის სიცრუე და ცილისწამება, რასაც ეს დღეებია ვისმენთ, აზარალებს არა კახა კალაძეს, ან მერიას და მის უწყებებს, არამედ ზოგადად, ჩვენს ქალაქს, თრგუნავს საზოგადოებას, ადამიანებში იწვევს გაღიზიანებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა და მოახლოვებულ არჩევნებთან ერთად, სამწუხაროდ, იმატებს ცილისწამება და შეურაცხყოფა, რაც ძალიან საგანგაშოა. იმატებს აგრესია, ძალადობა. მინდა, ვთხოვო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქალაქზე, გულშემატკივრობს ქალაქის განვითარებას, წინსვლას, რომ არავითარ შემთხვევაში, ამ აგრესიას და ძალადობას, აგრესიით და ძალადობით არ ვუპასუხოთ. ვაჯობოთ სიძულვილს, გავაგრძელოთ საქმის კეთება სიყვარულით, როგორც ეკადრება ამ ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და როგორც გვჩვევია ჩვენ. რაც შეეხება დეზინფორმაციას, მას ყოველთვის დავუპირისპირებთ სიმართლეს, კონკრეტულ საქმეებს, კონკრეტულ ფაქტებს, ახალ პროექტებს და განვითარების პერსპექტივას. დავუპირისპირებთ პროფესიონალიზმს და ქალაქის, მოქალაქეებისადმი პატივისცემას და სიყვარულს.

საქართველოს პარლამენტმა დაასრულა სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. კანონი უკვე მიღებულია, გამოქვეყნებულია და ძალაში შედის 28 ივლისიდან. თბილისის მუნიციპალიტეტი დაამტკიცებს ამ კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესს და პროცედურას და დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კანონით დადგენილი შეღავათებითა და სპეციალური რეჟიმებით. კანონი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან. პირველი მოიცავს 2020 წლის 18 აგვისტომდე, ნებართვის საფუძველზე დასრულებულ მშენებლობებზე ზოგიერთი სამშენებლო დარღვევის პატიებას. ეს დარღვევებია ფართობის გადამეტება, განაშენიანების კონტურის დარღვევა, „წითელი ხაზების“ დარღვევა, ფუნქციური ზონის დარღვევა და ა.შ. ასევე, ამ დარღვევების პატიებისთვის საჭირო წესებს და პროცედურებს.
კანონის მეორე ნაწილი ითვალისწინებს, მომავალში ასეთი დარღვევების თავიდან არიდებისა და პრევენციის მიზნით, პასუხისმგებლობის დამძიმებას, რომ იგივე არ განმეორდეს. კერძოდ, სამშენებლო დარღვევების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას დამრღვევი პირების მიმართ.
რაც შეეხება კანონის მესამე ნაწილს, ეს ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესებს. ექსპლუატაციაში მიღებამდე დაუშვებელი გახდება ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგება. ეს არის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ არ დაიწყოს ამ შენობების საყოფაცხოვრებო ფუნქციით გამოყენება, სანამ შენობას უფლებამოსილი ორგანო არ მიიღებს ექსპლუატაციაში. აღნიშნული წესი ამოქმედდება 2022 წლის პირველი იანვრიდან და გავრცელდება იმ მშენებლობებზე, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაიცემა 2022 წლის პირველი იანვრის შემდგომ. აღნიშნული შესწორება განხორციელდა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად.
ამ საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე, ძალიან ბევრი ადამიანის ქონებამ შეიძინა ღირებულება და ლეგიტიმაცია. ქონება, რომელიც წარმოადგენდა არასრულ აქტივს, ვინაიდან არ იყო ექსპლუატაციაში და ვერც იქნებოდა ექსპლუატაციაში მიღებული, კონკრეტული სამშენებლო კომპანიების კანონდარღვევიდან გამომდინარე. ეს პრობლემა იყო იმ ოჯახებისთვის და ძალიან მალე ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და მოგვარებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია არ არის უპირობო აქტი. იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები, მუნიციპალიტეტი აწესებს მოთხოვნას, შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია კონსტრუქციული ნახაზი ან კონსტრუქციული პროექტი, მოითხოვება აკრედიტებული საექსპერტო დაწესებულების დასკვნა ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოების უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანია ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით, შენობა-ნაგებობების ფასადი. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობას არ აქვს მოწესრიგებული და დასრულებული ფასადი, ესეც წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას. შენობა მას შემდეგ შევა ექსპლუატაციაში, რაც მუნიციპალიტეტთან შეთანხმების შემდეგ მოწესრიგდება ან დასრულდება მისი ფასადი.

მაჭავარიანის ქუჩაზე გამოვლენილ მეწყრულ ზონაში, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება განხორციელდა, ამჟამად სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.
სპეციალური სისტემების საშუალებით, დღემდე 24-საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად, მიღწეული იქნა დროებითი სტაბილურობა. ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო პროექტის ფარგლებში, ფერდის გამაგრება ე.წ. ანკერების, მიწის მოჭრისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოების საშუალებით ხორციელდება.
სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით, კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ასრულებს. მინდა, მას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც, შესაძლებელი იქნება მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის ორმხრივად აღდგენა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე და უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვით.

კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ მოგვიწია განმარტებების გაკეთება, კიდევ ერთხელ, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ თბილისელებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია გარე განათების პროექტთან დაკავშირებით.
მთელი ქალაქის მასშტაბით გვინდა, რომ ძველი ნათურები შეიცვალოს ახალი, თანამედროვე ლედ სანათებით. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება, რომ თითქოს, ჩვენ ბიუჯეტიდან გამოვყავით 90 მილიონი ლარი იმისთვის, რომ მოხდეს ამ ნათურების შეძენა. საზოგადოებას, რა თქმა უნდა, უჩნდება აგრესია - რა დროს სანათების ყიდვაა 90 მილიონად. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ბიუჯეტიდან არანაირი 90 მილიონი არ არის გამოყოფილი. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო პროექტის კონცეფცია:
დედაქალაქის მასშტაბით, გარე განათებისთვის ამჟამად გამოიყენება სოდიუმის ტიპის ნათურები, რომლებიც მოიხმარენ ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. მათი ლედ სანათებით ჩანაცვლების შემთხვევაში ელექტროენერგიის ეკონომია შეადგენს ხარჯის დაახლოებით 60-70 პროცენტს. ჩვენი კონცეფცია ითვალისწინებს კერძო კომპანიების მიერ მოზიდული ფინანსებით ამ სანათების ჩანაცვლებას. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, მოიზიდოს თანხა და თვითონ შეცვალოს სანათები. მიღებული ეკონომიიდან, ამ კომპანიას აუნაზღაურდება მომსახურება და პროდუქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან ამისთვის დამატებით სახსრები არ გამოიყოფა და ყოველწლიურად, ელექტროენერგიისთვის გადასახდელი თანხის დაზოგვით მოხდება მისი ანაზღაურება.

იცით ჩვენი დამოკიდებულება მწვანე სივრცეებთან, რეკრეაციულ არეალებთან დაკავშირებით. მინდა, თბილისის მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდო კიდევ ერთ ძალიან კარგ პროექტთან დაკავშირებით. საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 საცხოვრებელ კორპუსთან, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. კორპუსთან მდებარე ფერდობზე წლების განმავლობაში, რკინის კონსტრუქცია იდგა და ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო. ამიტომ, პირველ ეტაპზე, გეოლოგიური დასკვნა მომზადდა ამ ადგილზე სკვერის მოსაწყობად და დასკვნის საფუძველზე, ფერდის დამუშავება ისე დაიწყო, რომ ტერასებად დაყოფილიყო. სკვერში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება. უკვე მოეწყო LED განათების ქსელი, საყრდენი კედელი და გაბიონები. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც მიმდინარეობს და ჯამში, 240 ხე დაირგვება. ასევე, დაიგება რულონური ბალახი. სკვერში უკვე მოწყობილია სარწყავი სისტემა. ძალიან კარგი პროექტია. ჩვენი მიზანია, მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, მეტად მოწესრიგებული იყოს ის. ჩვენი მხრიდან რაც საჭირო იქნება ამისთვის, მზად ვართ, 24-საათიან რეჟიმში ვემსახუროთ თბილისელებს. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში, ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება მოგვიწევს.

მსგავსი სიახლეები