4 აგვისტო, 2021

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

როგორც იცით, მოსახლეობას მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას ყველა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტზე, ვუზიარებთ ნებისმიერ სიახლეს. თბილისელების განწყობა, მხარდაჭერა, მათი გულწრფელი სიხარული არის უდიდესი სტიმულის მომცემი მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვაკეთოთ.
სამწუხაროდ, ამჯერად პრობლემა უნდა გაგიზიაროთ, რომელიც პირდაპირ კავშირშია დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებთან და საკმაოდ აზარალებს ქალაქს, მის ინფრასტრუქტურას. მხედველობაში მაქვს ვანდალიზმის ფაქტები.
ის, რასაც ვაკეთებთ, ეს იქნება ახალი სკვერები, პარკები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები - კეთდება ისევ და ისევ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის. ნამდვილად გულდასაწყვეტია, როდესაც ვხვდებით ასეთ ფაქტებს და საკმაოდ მრავლად.
როგორც იცით, 10 ივლისს, ვარკეთილში მდებარე სკვერში, ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა. სამწუხაროდ, ძეგლი უკვე დაზიანებულია, კერძოდ, მოხსნილია სათვალე. ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამაზე. რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტებიც და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. რთულია მისცე ამ ყველაფერს შეფასება. კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები არიან მოზარდები და მათ აგრესიულ ქცევას, ვანდალიზმს მშვიდად ადევნებენ თვალს უფროსები.
მინდა ყველას ვთხოვო, გვერდში დაგვიდგნენ ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ ის, რაც კეთდება, კეთდება ჩვენი შვილებისთვის. ეს ქალაქი ხომ ყველასია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ მოვუფრთხილდეთ გაკეთებულს - იმ პროექტებს და სამუშაოებს, რომლებიც ხორციელდება იმისთვის, რომ შემდეგ სწორად და კარგად გამოიყენონ ჩვენმა შვილებმა და მომავალმა თაობებმა.

 “საარჩევნო პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციასთან“ დაკავშირებით ბრძანება დღეს დამტკიცდება. განვსაზღვრეთ საჯარო მოხელეთა ქცევის წესები, რომელსაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დაწესებულებას და საჯარო მოხელეს გადავუგზავნით. მინდა, ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, მთავრობის წევრებს, გამგებლებს, სამსახურის ხელმძღვანელებს, ქცევის ეს წესები მაქსიმალურად ჩაიშალოს ჩვენს თანამშრომლებში, რადგან ადამიანებმა შეიძლება, არ იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნების პერიოდში და ხშირად ხდება ხოლმე მიზანმიმართული მანიპულირება, არასწორი ინფორმაციის გავრცელება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტის თითოეულმა თანამშრომელმა ზედმიწევნით, დეტალურად იცოდეს, თუ როგორია ქცევის წესები საარჩევნო პერიოდში.
მერიის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან, დაიცვან და გაითვალისწინონ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები. კერძოდ, სამუშაო საათებში ჩვენს თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სხვადასხვა პარტიის ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა ან გასწიონ აგიტაცია. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, თქვენ ყველანი ხართ თავისუფლები და შეგიძლიათ მიიღოთ ის გადაწყვეტილებები, რისი სურვილიც გაქვთ. არასამუშაო საათებში თანამშრომლებს სრული უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ, როგორც პარტიების ღონისძიებებში, ისე აგიტაციაში; გარდა ამისა, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; ჩვენს თანამშრომლებს ეკრძალებათ სხვადასხვა შენობა-ნაგებობაზე სააგიტაციო მასალის გაკვრა სამუშაო საათებში;
წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება; მგონი, ყველაფერი ნათელია. ჩემი თხოვნა იქნება, ეს ინფორმაცია მაქსიმალურად ჩავშალოთ ჩვენს თანამშრომლებში, რათა მათ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ამ ქცევების შესახებ.

ძალიან კარგი სოციალური პროგრამა ჩვენ ჯერ კიდევ 2017 წლიდან დავიწყეთ, რომელიც ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ეს არის იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა, სადაც მოქალაქეები წლების განმავლობაში ცხოვრობენ და მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უკვე 2 000-მდე ოჯახი გავახარეთ. დღეს მაქვს შესაძლებლობა, კიდევ 40 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადავცეთ საცხოვრებელი ფართები. მათგან 20 ოჯახი ნაძალადევის რაიონში ცხოვრობს, ათი ოჯახი - გლდანის რაიონში, სამი ოჯახი - სამგორის რაიონში, სამი ოჯახი - დიდუბის რაიონში, ორი ოჯახი კრწანისის რაიონში, ხოლო ორი ოჯახი - ვაკის რაიონში.
მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. ჩვენ ყველანი ვიზიარებთ მათ სიხარულს. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო იმ ადამიანებს, რომელთაც ანალოგიური პრობლემა აქვთ - აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენსავე რაიონის გამგეობებს, სადაც ჩვენი თანამშრომლები მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საბუთების შეგროვებაა საჭირო იმისთვის, რომ იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება მოხდეს.

ალბათ ახსოვს საზოგადოებას, ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროექტი, რომელიც ნარჩენების ღამის საათებში გატანას ითვალისწინებდა და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს დღესაც. გვინდა, დავიწყოთ, ამ პროექტის თბილისის მასშტაბით განხორციელება. „თბილსერვის ჯგუფი“ მომზადებულია, ავტომობილები, ტექნიკა გადაწყობილია ამ ახალი სისტემისთვის. პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები თბილისის მასშტაბით, საყოფაცხოვრებო ნარჩენს 22:00-დან 06:00 საათამდე გაიტანს, თუმცა არის ქუჩები, რომელიც საჭიროებს ნარჩენების დღის განმავლობაში გატანას. აქაც ისეთი დროა შერჩეული, რომ პიკის საათებს ავცდეთ და ის დისკომფორტი, რაც ამ დროს დედაქალაქში ხდება, მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან. ასეთ ქუჩებში ნარჩენებს 10:30-დან 17:00 საათამდე პერიოდებში გაიტანენ.

პირველი აგვისტოდან გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა. ძალიან დიდი მოთხოვნაა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, რადგან მანქანის პარკირების დროს პრობლემები ექმნებათ. შესაბამისად, ამ მოთხოვნის გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დაინერგება შემდეგ ქუჩებზე: გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 124 საპარკინგე ადგილი; სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე პარკირებისთვის განკუთვნილია 119 ადგილი; საბურთალოს რაიონში იცით, რომ ზონალური პარკირება ამოქმედდა რამდენიმე ქუჩაზე, რომელსაც ახალი ქუჩები ემატება. ეს არის დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩები. ჯამში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას პარკირების 702 ადგილი შეემატება.
რაც შეეხება სადგურის მოედანს, პარკირებისთვის გამოყოფილია 285 ადგილი. კერძოდ, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლისა და ცაბაძის ქუჩებზე.
კონკრეტულ ქუჩებზე პირველ სექტემბრამდე იქნება განთავსებული მუნიციპალური პავილიონები, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ. აღნიშნულ ჯიხურებში ადგილობრივებს ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან ავტომობილების რეგისტრაციაში, რათა მოსახლეობამ უფასო პარკირებით ისარგებლოს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც არეგისტრირებს საკუთარ ავტომობილს, პარკირება სრულიად უფასოა. ასევე, პარკირება უფასოა შშმ პირთათვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისა და ელექტრომობილებისთვის. რაც შეეხება საფასურს, ერთი საათის ღირებულება ერთი ლარია. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვას, რა თქმა უნდა, მთელი ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ.

თბილისის მერიისა და „იუნესკოს“ ერთობლივი პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ამჯერად თბილისის ფარგლებს გასცდება და ორი კვირით კახეთში, კერძოდ, ართანაში გადაინაცვლებს, სადაც დედაქალაქის უმაღლესი სასწავლებლების 80 სტუდენტისთვის ლიტერატურისა და კინოს კამპუსები მოეწყობა.
ძალიან საინტერესო პროექტია და მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის საქართველოს ბანკს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულს ცენტრსა და კინოფესტივალ „თაობას“. ცნობილი მწერლები და რეჟისორები, ორ კვირის განმავლობაში, თანამედროვე და კლასიკური, ქართული თუ უცხოური ლიტერატურისა და კინოს შესახებ სალექციო კურსს წაიკითხავენ.
სტუდენტებისთვის სხვა შემეცნებითი აქტივობებიც არის დაგეგმილი, რომელიც მონაწილეებში დებატების წარმართვის, გუნდურად მუშაობის, ლიდერობისა და კრიტიკულად აზროვნების უნარების განვითარებას, ახალი ინტერესების ჩამოყალიბებას და ახალი სოციალური კავშირების დამყარებას ითვალისწინებს.
ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი სტუდენტებისთვის ახალი, საინტერესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა იქნება და გარდა იმისა, რომ კურსის თემატიკა უაღრესად საინტერესოა, თელავში გატარებული ორი კვირა მათთვის ალბათ ძალიან სასიამოვნო მოგონებად დარჩება და მინდა წარმატებები ვუსურვო მათ.
პროექტის ფარგლებში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა და პროექტის ყველა მონაწილეს გამგზავრების წინ მოუწევს PCR ტესტის ჩაბარება.

თქვენ იცით, რომ წყნეთში, ლეონიძის ქუჩაზე წარმოიქმნა მეწყრული ზონა. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია იყოს, რათა იგრძნონ და დაინახონ გვერდით დგომა და მხარდაჭერა. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სამუშაოების განხორციელება, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო გზა - ძალიან სწრაფად აღდგენილი. მაქსიმალური მხარდაჭერა ადგილობრივ მოსახლეობას, რათა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს დგამს დედაქალაქის მერია.

მსგავსი სიახლეები