1 ივნისი, 2021

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია

დღეს საზოგადოებას ვაბარებთ მორიგ ანგარიშს - სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის მიზანია, რომ მოქალაქეები სწრაფად და კომფორტულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდებოდნენ, ქალაქის ერთი ადგილიდან მეორე მიმართულებით. როდესაც ჩვენმა გუნდმა თბილისის მუნიციპალიტეტი ჩაიბარა, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნები თავიდანვე მკაფიოდ გვქონდა გაცხადებული. ჩვენ გვსურდა, რომ თბილისში ფუნდამენტურად შეგვეცვალა აქამდე არსებული მიდგომები, განგვეხორციელებინა შესაბამისი ტრანსპორტის მოდერნიზაცია, ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი რეფორმები წამოგვეწყო.

პირადად მე, ასევე, ჩემს თანაგუნდელებს, იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ქვეყანა, ძალიან გვსიამოვნებს, როდესაც ვუყურებთ ქალაქს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხების გარეშე გადაადგილდება, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გვაქვს სერიოზული პრობლემები. პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ქალაქში ჩნდება შესაბამისი ავტობუსის ზოლები იმისთვის, რომ ავტობუსებმა, მიკროავტობუსებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება, რადგან მარტო ავტობუსების განახლება და ახალი პარკი ვერ მოგვცემს იმ შედეგს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მოახერხოს კომფორტულად მგზავრობა, თუ ავტობუსებს შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ ექნება.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ეკომეგობრული ტრანსპორტი, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი იყენებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები მოძრაობენ და როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციური თვალსაზრისით, ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება.

ფაქტია, რომ გამართული სატრანსპორტო ქსელის გარეშე შეუძლებელია ქალაქი ურბანული თვალსაზრისით მოაწესრიგო, ხოლო მოძველებული ავტოპარკით გარემოსდაცვითი მიმართულებით ზრუნვა სასურველ შედეგებს ვერ გამოიღებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიდგომა იყო კომპლექსური, რათა ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა შეგვექმნა, დაგვემატებინა ახალი სერვისები და სატრანსპორტო პოლიტიკა არსებითად გაგვეუმჯობესებინა.
სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, ჩვენს პროგრამაში უპირატესობა პირველ რიგში, ენიჭებათ ქვეითებს, ფეხით მოსიარულეებს და ეკომეგობრულ ტრანსპორტს. შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომლითაც ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანი გადაადგილდება, ხოლო ბოლოს კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.

ნამდვილად მეამაყება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმები ხორციელდება. იცით, რატომ ვამაყობ ყველაზე მეტად ამ დაწყებული რეფორმით, რომელიც იმდენად მასშტაბურია, რომ დასრულებას წლები დასჭირდება? წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირის დროინდელი სისტემა, რომელსაც ხელს ვერავინ კიდებდა თანმდევი პოლიტიკური რისკების გამო, ყველა თავს არიდებდა მოსახლეობის ნაწილის მხრიდან ამის გამო უკმაყოფილებას, ოპონენტების მხრიდან კი პოლიტიკური დემაგოგიის ფრონტის გახსნას. მაგრამ ჩვენ გავრისკეთ და გადავდგით ეს ნაბიჯი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქისთვის.

მიმაჩნია, რომ სატრანსპორტო მიმართულებით, ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გამოსწორების დაწყება უდრიდა ერთგვარ შოკურ თერაპიას, მაგრამ რეფორმა საჭირო იყო თბილისისთვის და ჩვენ გავრისკეთ ამ გამოწვევასთან შეჭიდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თბილისელს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვარჩიეთ ქალაქის, მოქალაქეების ინტერესები და არა პოლიტიკურად მომგებიანი პოზა, ჩვენ პოპულიზმს საქმის კეთება ვარჩიეთ და ეს სითამამე, გნებავთ, პატრიოტიზმი ნამდვილად მეამაყება.

მიხარია და მჯერა, რომ როცა სატრანსპორტო რეფორმა დასრულდება არამარტო თბილისელები, არამარტო ჩემი გუნდი, არამედ ყველა მართლა ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანი, პოლიტიკოსებიც დააფასებენ გაწეულ სამუშაოს. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში თბილისი დადგება სხვა ევროპული დედაქალაქების გვერდით გამართული სატრანსპორტო პოლიტიკით.

როდესაც ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ ამ რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გვქონდა უცხოელ სპეციალისტებთან. პირველი კითხვა იყო - ვიყავით თუ არა მზად იმისთვის, რომ ეს რეფორმა განგვეხორციელებინა. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ რეფორმის განხორციელებას შეიძლება მოჰყოლოდა მოქალაქეების გარკვეული ჯგუფების განაწყენება. მეორე კითხვა იყო - თუ ვიყავით მზად იმისთვის, რომ რეფორმის განხორციელების დროს პოლიტიკას არ შემოვიტანდით. როდესაც პოლიტიკა შემოდის ასეთი გადაწყვეტილებების დროს, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ხდება უკან დახევა, რაც ძალიან ცუდია. თუმცა ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და გადავდგით ეს ნაბიჯი.

მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ჩვენ, პირადად მე, ჩემი თანაგუნდელები ამ მხარდაჭერას ვგრძნობთ ყოველდღიურ რეჟიმში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასაფასებელია. ჩვენ ჩვენი შრომით, ჩვენი მუშაობით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი იყოს ყველაზე კომფორტული საცხოვრებლად, იყოს ყველაზე მწვანე, გამართული ინფრასტრუქტურით, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ.

მსგავსი სიახლეები