2 ივნისი, 2021

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

გუშინ საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის ანგარიში წარვუდგინეთ, თუ რა გაკეთდა დედაქალაქში, ამ სფეროში, ბოლო სამი წლის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე ჩვენ ძალიან კარგი კომუნიკაცია გვქონდა დედაქალაქის მოსახლეობასთან, ყოველდღიურ რეჟიმში ვსაუბრობდით განსახორციელებელ პროექტებზე, გამოწვევებზე. მთავრობის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება აუცილებელია, რომ საზოგადოებას ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდეს. რაც შეეხება სატრანსპორტო პოლიტიკას, მართლაც მნიშვნელოვანი რეფორმები წამოვიწყეთ. აღსანიშნავია გლდანში ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების მოწყობა, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირის განახლება. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მოწესრიგებული და მოხერხებული გახდეს. ავტობუსების განახლება წარმატებით მიმდინარეობს. წლის ბოლოსთვის არცერთი ე. წ. ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში, ეს ეხება როგორც ავტობუსს, ისე მიკროავტობუსებს. გარდა ამისა, შესასრულებელია რეფორმის ყველა ის დეტალი, რომელზეც ჩვენ პრეზენტაციაზე ვისაუბრეთ. 30 წელია ამ მიმართულებით პრობლემა არსებობს, იმედი მაქვს, საბოლოოდ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ევროპის დედაქალაქებშია.

ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო ამდენი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო, თუმცა, რეაბილიტაციის შემდეგ, 20 აპრილიდან ემსახურება თბილისის მოსახლეობას. თქვენ იცით, რომ სტუდენტებისთვის ჩვენ ის გავხადეთ უფასო. დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ სხვა მგზავრებისთვის 50 თეთრით განისაზღვროს მგზავრობის ღირებულება და აღნიშნული საბაგირო 15 ივნისიდან ჩაერთოს გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც მგზავრობს მეტროთი, ავტობუსით ან მიკროავტობუსით, 90 წუთის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, უფასოდ გამოიყენოს ეს საბაგირო. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ საბაგიროთი და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვტილებაა.

პანდემიამ სერიოზული პრობლემები შექმნა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებით დაზარალდა. ბევრი კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს დავხმარებოდით. მათ შორის იყო ღია კაფეები, რომლებსაც მუნიციპალური სივრცეები ჰქონდათ აღებული იჯარით. მათ მიეცათ შეღავათი, მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლების სახით. აღნიშნული შეღავათი მოქმედებდა მიმდინარე წლის პირველ თებერვლამდე, მაგრამ, ვინაიდან ძალაში რჩება გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ქვეყანაში ჯერ კიდევ არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, არის ტურისტების ნაკლებობაც, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეღავათი კიდევ გავავრცელოთ იმ სუბიექტებზე, რომლებსაც აქვთ ღია კაფეები. ასეთი 200-მდე სუბიექტია და ისინი 2022 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლდებიან მერიისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან. რაც შეეხება ცალკეულ სუბიექტებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ საიჯარო გადასახადი, დედაქალაქის მერის თქმით, მათ წინსწრებით ჩაეთვლებათ ეს გადახდა და მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან წლის ბოლომდე არ დაეკისრებათ საიჯარო გადასახადი.

ამ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებს პანდემია, თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, არის ბავშვთა გასართობი ცენტრები. თქვენ იცით, ჩვენ რესტორნებისა და კაფე-ბარებისთვის გამოვყავით სპეციალური თანხები, რათა ისინი უფრო მომზადებულები შეხვედროდნენ ტურისტულ სეზონს. რაც შეეხება ბავშვთა გასართობ ცენტრებს, ისინი ყველაზე ადრე დაიხურნენ და ყველაზე გვიან განაგრძეს მუშაობა. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ მათ 5000-5000 ლარით. სუბსიდიას ყველა ის სუბიექტი მიიღებს, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული. პროგრამაში მონაწილეობისა და ფინანსური დახმარების მისაღებად ორგანიზაციების წარმომადგენელებმა თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ განცხადება, თბილისის მერიის ვებგვერდზე მითითებული დეტალების გათვალისწინებით.

შშმ პირები არიან ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი მოქალაქეები და მათი ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო პირობების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. თუ დააკვირდებით, მერიის ყველა პროექტში მაქსიმალურად გათვალისწინებულია, რომ ისინი იყოს ადაპტირებული, ეს იქნება ავტობუსების შესყიდვა თუ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. გუშინ, თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მერიის შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021 – 2024 წლების სამოქმედო გეგმა. მსგავსი შინაარსის გეგმა თბილისისთვის პირველია და მისი მიზანია თბილისის ყოველდღიურ ცხოვრებაში შშმ პირების მონაწილეობის გაზრდა, მათი შესაძლებლობების განვითარება და ბარიერების აღმოფხვრა. ამისათვის ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომელთა სისტემატურ გადამზადებას, გავაგრძელებთ ჩვენი ინფრასტრუქტურის და სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდას და შევქმნით ახალ სერვისებს. ჩვენი მიზანია თბილისი იყოს ინკლუზიური ქალაქი, რომელშიც ყველა მოქალაქეს თანაბრად აქვს შესაძლებლობა განვითარდეს და მიაღწიოს პროგრესს.